პროგესტაგენული კონტრაცეპტივები მსოფლიოში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ საშუალებებს წარმოადგენს. მათ ხშირად ნიშნავენ როგორც არასასურველი ორსულობის პრევენციისთვის, ასევე სხვადასხვა გინეკოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის ენდომეტრიოზის, დისმენორეისა და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მართვისთვის, ასევე ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს. მიუხედავად აღნიშნული მედიკამენტების ფართო მოხმარებისა და მაღალი ეფექტიანობისა, ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს პროგესტაგენების შესაძლო კავშირი მენინგიომის (თავის ან ზურგის ტვინის გარსიდან წარმოქმნილი სიმსივნე. მენინგიომა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინტრაკრანიალური სიმსივნე, იგი ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია და ნელა მზარდი, თუმცა, იშვიათად, მენინგიომა შეიძლება იყოს ატიპიური ან ავთვისებიანი, ამ შემთხვევაში ის უფრო აგრესიულად იზრდება) განვითარებასთან.
დანიაში ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა, აღნიშნული ასოციაციის შესახებ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები კიდევ უფრო გააფართოვა და ცხადჰყო, რომ მენინგიომის განვითარების მომატებული რისკი შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ საინექციო მედროქსიპროგესტერონის, არამედ ზოგიერთი ორალური პროგესტაგენული კონტრაცეპტივისა და ლევონორგესტრელის შემცველი საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემის გამოყენებასთანაც.
შარლოტ ვესელ სკოვლუნდისა (Charlotte Wessel Skovlund) და დანიის მედიკამენტების სააგენტოს მკვლევართა გუნდის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა წარმოადგენს ეროვნული სამედიცინო რეესტრის მონაცემების ანალიზზე დაფუძნებულ ფართომასშტაბიან შემთხვევა–კონტროლის (case-control) ანალიზს, რომელმაც მოიცვა 2000–2024 წლების პერიოდი. რისკების შეფასების მიზნით, ანალიზში ჩართული იყო მენინგიომის დიაგნოზის მქონე 1,473 ქალი, ხოლო თითოეულ შემთხვევას, ასაკისა და სხვა ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, შეესაბამებოდა ათი საკონტროლო პირი (სულ 14,717 ქალი აღნიშნული პათოლოგიის გარეშე). მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს 12 სხვადასხვა პროგესტაგენული ფორმულაციის — მათ შორის პერორალური, საინექციო და საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემების — გამოყენებასა და მენინგიომის განვითარების რისკს შორის არსებული ასოციაცია.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შესწავლილი თორმეტი პროგესტაგენური პრეპარატიდან რვა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ასოცირდებოდა მენინგიომის განვითარების მომატებულ რისკთან. არამომხმარებლებთან შედარებით, რისკის მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ლევონორგესტრელის შემთხვევაში დაფიქსირდა (40%-ით გაზრდილი რისკი), ხოლო ყველაზე მაღალი რისკი საინექციო მედროქსიპროგესტერონის გამოყენებისას გამოვლინდა, სადაც მენინგიომის განვითარების შანსი დაახლოებით 4.5-ჯერ მაღალი იყო (OR=4.55; 95% CI: 2.19–9.45).
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ასოციაცია ასევე გამოვლინდა შემდეგ პრეპარატებთან: დესოგესტრელი (OR=1.73; 95% CI: 1.17–2.56), დესოგესტრელისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია (OR=1.66; 95% CI: 1.31–2.10), ციპროტერონი (OR=1.61; 95% CI: 1.00–2.59), დროსპირენონი (OR=1.58; 95% CI: 1.05–2.37), გესტოდენი (OR=1.44; 95% CI: 1.17–1.77), ლევონორგესტრელი (OR=1.40; 95% CI: 1.12–1.76) და ლევონორგესტრელის მაღალი დოზის საშვილოსნოსშიდა სისტემა (OR=1.58; 95% CI: 1.28–1.94).
ამასთან, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ასოციაცია არ გამოვლენილა ნორეთისტერონის კომბინაციის (OR=1.38; 95% CI: 0.77–2.47), ლევონორგესტრელის დაბალდოზიანი საშვილოსნოსშიდა სისტემის (OR=1.14; 95% CI: 0.59–2.22), ნორგესტიმატის (OR=1.04; 95% CI: 0.70–1.54) და ნორეთისტერონის (OR=0.95; 95% CI: 0.57–1.57) შემთხვევაში.
კვლევის კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა მიგნებამ აჩვენა, რომ მენინგიომის ყველაზე მაღალი რისკი ქალებში პროგესტოგენული კონტრაცეპტივების ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებისას აღინიშნებოდა. ამავე დროს, ავტორებმა დაადგინეს, რომ პრეპარატის შეწყვეტიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მომატებული რისკი აღარ ფიქსირდებოდა, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული ასოციაცია შესაძლოა დროთა განმავლობაში შემცირდეს. თუმცა ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ პრეპარატები უშუალოდ იწვევს მენინგიომის განვითარებას, რადგან კვლევის დიზაინი მხოლოდ ასოციაციის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა და არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურების.
მიღებული შედეგები შეესაბამება ბოლო წლებში დაგროვილ საერთაშორისო მტკიცებულებებს, რომლებიც პროგესტაგენული კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მენინგიომის განვითარების რისკს შორის ასოციაციას აღწერს. საფრანგეთში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროგესტაგენების მაღალი დოზებით გამოყენება, მათ შორის ციპროტერონის აცეტატის, მნიშვნელოვნად ზრდის მენინგიომის განვითარების რისკს (ნეიროქირურგიულ პაციენტებში ჩატარებულ ანალიზში — 19-ჯერ), ხოლო სხვა ფრანგულ კოჰორტულ კვლევაში, რომელიც 250,000 ქალს მოიცავდა, 6-ჯერ მომატებული რისკი დაფიქსირდა. ამერიკულმა კვლევამ, რომელიც თითქმის 90,000 ქალს მოიცავდა, აჩვენა შედარებით მაღალი რისკი დეპო-მედროქსიპროგესტერონის აცეტატის შემთხვევაში (), მაშინ როდესაც პერორალური ფორმების გამოყენებისას რისკის მატება გაცილებით ზომიერი იყო (). ანალოგიურად, შვედურმა კვლევამ დაადასტურა ჰორმონული კონტრაცეპტივების მოხმარებით გამოწვეული მენინგიომის 76%-ით გაზრდილი შანსი, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საინექციო დეპო-მედროქსიპროგესტერონთან (5-ჯერადი მატება). ამ კონტექსტში, დანიური კვლევა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან ერთიან ანალიზში შეაფასა პროგესტაგენული კონტრაცეპტივების ფართო სპექტრი და აჩვენა, რომ მომატებული რისკი შესაძლოა მხოლოდ მაღალი დოზის ან საინექციო ფორმებით არ შემოიფარგლებოდეს.
აღნიშნული ასოციაციის ბიოლოგიური საფუძველი ამჟამად აქტიური კვლევის საგანია. ცნობილია, რომ მენინგიომების უმრავლესობაში პროგესტერონის რეცეპტორების მაღალი ექსპრესია აღინიშნება. გარდა ამისა, კლინიკური დაკვირვებები მიუთითებს, რომ ორსულობის პერიოდში, როდესაც ორგანიზმში პროგესტერონის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში მენინგიომის ზრდის დაჩქარება აღინიშნება, ხოლო მშობიარობის ან ჰორმონული მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია სიმსივნის ნაწილობრივი რეგრესია. აღნიშნული მონაცემები აძლიერებს ჰიპოთეზას, რომ პროგესტოგენები შესაძლოა ხელს უწყობდეს უკვე არსებული ჰორმონმგრძნობიარე მენინგიომის ზრდას, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი უშუალოდ იწვევენ სიმსივნის განვითარებას.
მიუხედავად მიღებული შედეგებისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მენინგიომა იშვიათი დაავადებაა და მისი განვითარების რისკი (ვლინდება დაახლოებით 10,000-დან ერთ ადამიანში) მცირეა. სწორედ ამიტომ, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები არ უნდა გახდეს პროგესტაგენული კონტრაცეპტივების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების შეფასება, მათ შორის ასაკის, სამედიცინო ანამნეზის, მენინგიომის ოჯახური ისტორიისა და კონტრაცეფციის საჭიროების გათვალისწინება. ამ მიდგომას იზიარებს ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯიც (ACOG), რომელიც ექიმებსა და პაციენტებს რეკომენდაციას აძლევს, კონტრაცეფციის არჩევისას ინფორმირებული და გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპით იხელმძღვანელონ.
დაგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე მარეგულირებელმა ორგანოებმაც განაახლეს უსაფრთხოების რეკომენდაციები. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დეპო-მედროქსიპროგესტერონის საინექციო ფორმის ინსტრუქციაში დაამატა გაფრთხილება მენინგიომის შესაძლო რისკის შესახებ, ხოლო ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) უსაფრთხოების ინფორმაცია განაახლა რამდენიმე პროგესტოგენის, მათ შორის მედროქსიპროგესტერონის, ციპროტერონის, ნომეგესტროლისა და ქლორმადინონის შემცველი პრეპარატებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნია. როგორც ნებისმიერი ობზერვაციული შემთხვევა–კონტროლის კვლევა, იგი ვერ ადასტურებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და სრულად ვერ გამორიცხავს კონფაუნდერების (დამაბნეველი ფაქტორების — გარე, დამოუკიდებელი ცვლადები, რომლებიც ერთდროულად გავლენას ახდენენ როგორც დამოუკიდებელ, ისე დამოკიდებულ ცვლადზე და შესაძლოა მათ შორის არსებული ასოციაციის დამახინჯება გამოიწვიონ) გავლენას. გარდა ამისა, სხვადასხვა პროგესტაგენის გამოყენების ხანგრძლივობა, დოზირება და ინდივიდუალური კლინიკური თავისებურებები შესაძლოა განსხვავებულად მოქმედებდეს შედეგებზე, რაც დამატებით პერსპექტიულ კვლევებს საჭიროებს.
საბოლოოდ, დანიური კოჰორტული კვლევა ამყარებს არსებულ მტკიცებულებებს პროგესტაგენულ კონტრაცეპტივებსა და მენინგიომის განვითარების რისკს შორის ასოციაციის შესახებ. მიუხედავად აღნიშნული კავშირისა, დაავადების იშვიათობისა და კონტრაცეპტივების მაღალი კლინიკური სარგებლის გათვალისწინებით, მედიკამენტის შერჩევა ინდივიდუალური რისკ-სარგებლის შეფასებისა და გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპით უნდა მოხდეს.
წყარო: medpagetoday.com

