GLP-1 აგონისტები, როგორიცაა სემაგლუტიდი (Ozempic, Wegovy), ლირაგლუტიდი, დულაგლუტიდი და ტირზეპატიდი, სიმსუქნის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მედიკამენტებად მიიჩნევა. ENDO 2026-ის (ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი) ფარგლებში წარმოდგენილი ახალი კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის ფონზე პაციენტებში ფიზიკური აქტივობის დონე მკვეთრად მცირდება, რაც შესაძლოა მკურნალობის გრძელვადიან შედეგებზე უარყოფითად აისახოს.
GLP-1 აგონისტებით მკურნალობისას ფიზიკური აქტივობის დინამიკის შეფასების მიზნით, ილინოისის HSHS St. John’s Hospital-ის მკვლევრებმა, დოქტორ საჯანა მაჰარჯანის ხელმძღვანელობით, რეტროსპექტიული, ობზერვაციული კვლევა ჩაატარეს. ანალიზი ეფუძნებოდა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) კვლევითი პროგრამის ბაზას, სადაც პაციენტების კლინიკური ინფორმაცია ფიტნეს-მონიტორების (wearable fitness trackers) მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან იყო ინტეგრირებული. კვლევაში ჩართული იყო სიმსუქნის დიაგნოზის მქონე 753 ზრდასრული პაციენტი (საშუალო ასაკი — 52.7 წელი; მონაწილეთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ), რომლებიც GLP-1 აგონისტებით მკურნალობდნენ.
კვლევის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობისას წონის კლება შესაძლოა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზეც. სწორედ ამიტომ, კუნთოვანი მასის, კუნთოვანი ძალისა და მეტაბოლური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მკურნალობის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა რეგულარული ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით კი რეზისტენტული ვარჯიშები.
მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს მონაწილეთა ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლები GLP-1 აგონისტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგ. ანალიზის შედეგებმა ცხადჰყო, რომ საშუალო დღიური ნაბიჯების რაოდენობა 5 047-დან 4 487-მდე შემცირდა, ხოლო ზომიერი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობის საშუალო ხანგრძლივობა დღეში 28 წუთიდან 22 წუთამდე დაეცა. ფიზიკური აქტივობის ყველაზე გამოხატული შემცირება აღინიშნა მამაკაცებსა და იმ პაციენტებში, რომლებსაც სახსრების ან კუნთების ტკივილი აწუხებდათ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ასაკი, გულის უკმარისობა და ინსულტის ანამნეზი ფიზიკური აქტივობის ცვლილებაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა.
დოქტორ მაჰარჯანის განცხადებით, მიუხედავად გავრცელებული მოლოდინისა, რომ წონის კლება პაციენტებს უფრო აქტიური ცხოვრების წესისკენ უბიძგებდა, კვლევამ მსგავსი ტენდენცია ვერ დაადასტურა. მისი შეფასებით, მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ GLP-1 აგონისტებით მკურნალობისას ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ დამატებითი რეკომენდაცია, არამედ მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია. შესაბამისად, მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად საჭიროა მიზანმიმართული ინტერვენციები, რომლებიც პაციენტებს ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
სიმსუქნის მართვის სპეციალისტის, დოქტორ პიტერ ბალაჟის განმარტებით, წონის კლება ავტომატურად არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობის ზრდას. მისი თქმით, კალორიული დეფიციტის პირობებში ორგანიზმი ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის, რაც ენერგიის ხარჯვის შემცირებასა და მეტაბოლური პროცესების შენელებას უწყობს ხელს. ამასთან, GLP-1 პრეპარატებთან ასოცირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, დაღლილობა და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი, შესაძლოა დამატებით ამცირებდეს პაციენტების როგორც მოტივაციას, ისე რეგულარული ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას.
დოქტორ ბალაჟის შეფასებით, GLP-1 თერაპიის პარალელურად აუცილებელია რეზისტენტული ვარჯიშების, ყოველდღიური სიარულისა და სხვა აერობული აქტივობების ჩართვა. საკმარისი ფიზიკური აქტივობის გარეშე სხეულის მასის კლება შესაძლოა დიდწილად კუნთოვანი მასის შემცირების ხარჯზე მოხდეს, რაც მეტაბოლურ ჯანმრთელობასა და მკურნალობის გრძელვადიან შედეგებზე უარყოფითად აისახება. ამასთან, ვარჯიშის ტიპი, ინტენსივობა და დაწყების დრო თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სხეულის მასის ინდექსის, ფუნქციური შესაძლებლობებისა და ტრავმის რისკის გათვალისწინებით ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
კვლევის დასკვნებს არ ეთანხმება ნიუ-იორკელი ექიმი-ინტერნისტი, დოქტორი ამანდა კანი. მისი კლინიკური გამოცდილებით, წონის კლება ხშირად პაციენტებს უფრო აქტიური ცხოვრების წესისა და საკუთარი ჯანმრთელობისადმი მეტი ყურადღების დათმობისკენ უბიძგებს. დოქტორ კანის შეფასებით, GLP-1 თერაპიის წარმატებას მნიშვნელოვანწილად პაციენტის სწორი მონიტორინგი და მრავალმხრივი მხარდაჭერა განაპირობებს.
დოქტორ კანის განმარტებით, როდესაც GLP-1 პრეპარატები ინიშნება დაბალანსებული კვების, ადეკვატური რაოდენობის ცილის მიღების, ვარჯიშის და რეგულარული სამედიცინო მონიტორინგის ფონზე, პაციენტები არა მხოლოდ ეფექტურად იკლებენ წონაში, არამედ ინარჩუნებენ კუნთოვან მასას, უუმჯობესდებათ ფიზიკური შესაძლებლობები და იზრდება მოტივაცია აქტიური ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად. მისი კლინიკური გამოცდილებით, თუ პაციენტს აღენიშნება გამოხატული დაღლილობა, არ შეუძლია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, არასაკმარისი რაოდენობით იღებს ცილას ან აღენიშნება კუნთოვანი მასის მნიშვნელოვანი შემცირება, მკურნალობის სქემა გადაიხედება ან პრეპარატის დოზა კორექტირდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს. კვლევა რეტროსპექტიული და ობზერვაციული ხასიათისაა, რის გამოც მიღებული შედეგები მხოლოდ სტატისტიკურ კავშირს (ასოციაციას) ასახავს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, მონაწილეთა უმრავლესობას საშუალო ასაკის ქალები შეადგენდნენ, რაც მიღებული შედეგების სხვა დემოგრაფიულ ჯგუფებზე ექსტრაპოლაციის შესაძლებლობას ზღუდავს. ასევე, კვლევაში არ შეფასებულა მონაწილეთა ვარჯიშის ჩვევები, მოტივაციის დონე და ექიმის მიერ ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების წესთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესაძლო გავლენა.
კვლევის ავტორთა შეფასებით, მიღებული მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ GLP-1 აგონისტებით თერაპია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფარმაკოლოგიური ჩარევით. თანამედროვე კლინიკური პრაქტიკა მოითხოვს პაციენტის კომპლექსურ მართვას, რაც მოიცავს ცილის ადეკვატურ მიღებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და მუდმივ სამედიცინო მონიტორინგს. აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს სხეულის მასის შემცირებას უპირატესად ცხიმოვანი მასის ხარჯზე, კუნთოვანი მასის შენარჩუნებას, ფუნქციური მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და მეტაბოლური ჰომეოსტაზის დაცვას.
წყარო: nypost.com

