ციფრული კომუნიკაციის ეპოქაში სოციალური მედიის პლატფორმები (Facebook, YouTube, Instagram, TikTok, X და LinkedIn) ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა სამედიცინო რჩევებს, დაავადებების შესახებ ინფორმაციასა და მკურნალობის შესაძლო გზებს სწორედ აღნიშნულ პლატფორმებზე ეძებს. მიუხედავად ამისა, სოციალურ მედიაში გავრცელებული ჯანმრთელობის შესახებ კონტენტი ხშირად არ გადის მკაცრ სამედიცინო და სარედაქციო კონტროლს და არ ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებებს. პროფესიულ რეკომენდაციებთან ერთად, აღნიშნულ პლატფორმებზე ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და მცდარი მითითებები, რაც არსებით გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა უახლესი კვლევა, რომელმაც შეაფასა, თუ როგორ იყენებს აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობა სოციალურ მედიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. კვლევა დაეფუძნა 2024 წლის „ჯანმრთელობის ინფორმაციის ეროვნული ტენდენციების კვლევის“ (HINTS) მონაცემებს და მოიცვა 7 278 მონაწილე.
კვლევის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 88% აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, ხოლო მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანმრთელობის კონტენტსაც რეგულარულად ეცნობა. გამოკითხულთა დაახლოებით 70% ონლაინ სივრცეში აქტიურად ეძებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა თითქმის 80% მიიჩნევს, რომ პლატფორმებზე გავრცელებული ინფორმაცია ხშირად მცდარი ან შეცდომაში შემყვანია. ამასთან, ყოველი მეხუთე მომხმარებელი აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწორედ სოციალური მედიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიუღია.
მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ პლატფორმებზე მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატულია 65 წელზე უფროს და ესპანური წარმოშობის (Hispanic) მოსახლეობაში. გარდა ამისა, ონლაინ აქტივობა მხოლოდ ინფორმაციის მოძიებითარ შემოიფარგლება — გამოკითხულთა დაახლოებით 85% აღნიშნავს, რომ პლატფორმებზე რეგულარულად აზიარებს პირად ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას.
კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ თანამედროვე ციფრული გარემოს ცვლილებებზე, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე. AI ტექნოლოგიები ამარტივებს დიდი მოცულობის ტექსტური, ვიზუალური და ვიდეოკონტენტის შექმნას, რაც კიდევ უფრო ართულებს სანდო და მცდარი სამედიცინო ინფორმაციის ერთმანეთისგან დიფერენცირებას. ასეთ პირობებში იზრდება არაზუსტი თვითდიაგნოსტიკის, სამეცნიერო მტკიცებულებების გარეშე გამოყენებული მკურნალობის მიდგომებისა და კომერციული ინტერესებით განპირობებული რეკომენდაციების გავრცელების რისკი.
დამატებით, აღსანიშნავია ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა ქცევაც, რომელთა შორის სოციალური მედიის გამოყენების მაჩვენებელი 85.5%-ს შეადგენდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ეს ჯგუფი შედარებით პასიური იყო ინფორმაციის გაზიარებისა და თემატურ ონლაინ დისკუსიებში ჩართულობის მხრივ. ამასთან, კვლევამ გამოავლინა ასოციაცია სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებსა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას შორის: უფრო მაღალი განათლებისა და შემოსავლის მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად გამოხატავდნენ უნდობლობას სოციალურ მედიაში გავრცელებული სამედიცინო ინფორმაციის მიმართ.
მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ სოციალური მედია უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე საკომუნიკაციო პლატფორმას — ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. შესაბამისად, აუცილებელია ინფორმაციული წიგნიერების გაძლიერება, სამედიცინო პროფესიონალების აქტიური ჩართულობა ციფრულ სივრცეში და ისეთი სარედაქციო მექანიზმების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაციის გავრცელებას და დეზინფორმაციის შემცირებას.
წყარო: medicalxpress.com

