ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კონფერენციაზე (ENDO 2026) წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომის (PMOS) მქონე ახალგაზრდა ქალებში ღვიძლის სტეატოზური დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კვლევის შედეგები
კვლევამ 95 პაციენტი (საშუალო ასაკი – 31.2 წელი; საშუალო BMI – 29.1) მოიცვა, რომლებმაც PMOS-ის შესაფასებლად ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართეს. და მათი საშუალო ასაკი 31.2 წელი, ხოლო საშუალო BMI 29.1 იყო. მონაწილეთა უმრავლესობას ჭარბი წონა ან სიმსუქნე აღენიშნებოდა და ისინი PMOS-ის როტერდამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. მონაწილეთა 42.1%-ს ღვიძლის სტეატოზი დაუდგინდა, ხოლო სტეატოზის მქონეთა 95% მეტაბოლური დისფუნქციით ასოცირებული სტეატოზური ღვიძლის დაავადების კრიტერიუმებს შეესაბამებოდა.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სტეატოზის განვითარება კორელაციაშია ასაკთან, მაღალ BMI-თან, ლეიკოციტების მომატებულ რაოდენობასთან, მეტაბოლური სინდრომის მაღალ მაჩვენებლებთან, ინსულინრეზისტენტობასთან და ჰიპერანდროგენიზმის გამოვლინებებთან. საყურადღებოა, რომ სტეატოზის გავრცელების სიხშირე PMOS-ის მქონე და არამქონე პაციენტებს შორის სტატისტიკურად არ განსხვავდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს მეტაბოლური რისკები შესაძლოა გასცდეს თავად PMOS-ის დიაგნოზის ფარგლებს.
ფიბროზის სკრინინგის სირთულეები
კვლევის შედეგების თანახმად, მონაწილეთა 6.3%-ს ღვიძლის ფიბროზი აღენიშნებოდა, თუმცა მისი გამოვლენა სტანდარტული არაინვაზიური მეთოდებით ვერ მოხერხდა. კერძოდ, Fibrosis-4-ის მაჩვენებელი დაბალი მგრძნობელობის გამო პაციენტთა უმრავლესობისთვის არაინფორმაციული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სტეატოზთან ასოცირებული ფიბროზის შემფასებელმა (SAFE) შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა, მანაც ვერ უზრუნველყო ყველა შემთხვევის სრულფასოვანი აღრიცხვა. ავტორების დასკვნით, არსებული დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები არასაკმარისად ზუსტია ამ ასაკობრივი ჯგუფის გამოსაკვლევად.
აღნიშნული ფაქტი კლინიკურად კრიტიკული მნიშვნელობისაა, ვინაიდან PMOS-ის მქონე ახალგაზრდა ქალები ხშირად ვერ იღებენ სათანადო მკურნალობას, რადგან ტრადიციული სკრინინგული საშუალებები არ არის ადაპტირებული მათი ასაკობრივი ჯგუფისა და მეტაბოლური პროფილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ავტორები მაღალი BMI-ის ან ჰიპერანდროგენიზმის მქონე პაციენტებში FibroScan-ის ჩართვას რეკომენდაციას უწევენ, ღვიძლის დაზიანების გამოსავლენად ოპტიმალური სტრატეგიის ძიება დღემდე გამოწვევაა.
მოცემული კვლევა ადასტურებს, რომ PMOS არ არის მხოლოდ რეპროდუქციულ-ენდოკრინული სინდრომი და მას მნიშვნელოვანი მეტაბოლური კომპონენტიც აქვს, რაც ღვიძლის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ჰიპერანდროგენიზმის ხშირი გამოვლინება სტეატოზის მქონე პაციენტებში მიუთითებს იმაზე, რომ ანდროგენებს ცხიმოვანი ღვიძლის პათოგენეზში შესაძლოა ინსულინრეზისტენტობის მსგავსი წამყვანი როლი ეკავოთ.
კლინიცისტებისთვის გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: PMOS-ის მქონე ახალგაზრდა ქალებში ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების დიაგნოსტირება პრიორიტეტული უნდა იყოს, განსაკუთრებით მეტაბოლური პრობლემების ფონზე. ვინაიდან მიმდინარე სკრინინგული მეთოდები ამ ჯგუფში ხშირად არასანდოა, აუცილებელია ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ადაპტირებული, უფრო ზუსტი დიაგნოსტიკური მიდგომების შემუშავება.
წყარო: Medscape

