მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მზარდი სტატისტიკის ფონზე, გულის სარქვლის პათოლოგიით ამჟამად 28 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მკურნალობის მეთოდების განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად დგება კითხვა: რომელი მიდგომა უზრუნველყოფს უკეთეს გრძელვადიან შედეგს, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში — ტრადიციული ღია ქირურგია თუ მცირეინვაზიური, უოპერაციო პროცედურა, რომელიც კათეტერის საშუალებით (TAVR) კეთდება?
ჟურნალ JAMA Cardiology-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კლინიკურმა კვლევამ (PARTNER 3), რომელიც 1000 დაბალი რისკის მქონე პაციენტს 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდა, ამ ორ მეთოდს შორის საყურადღებო პარალელები გამოავლინა. კვლევის შედეგების მიხედვით, ორივე მიდგომამ შესანიშნავი გრძელვადიანი ეფექტიანობა აჩვენა. სარქვლის გაცვეთის, მისი მწყობრიდან გამოსვლისა და განმეორებითი ჩარევის საჭიროების მაჩვენებლები ორივე ჯგუფში თითქმის იდენტური აღმოჩნდა. დაკვირვების ბოლოს, ორივე შემთხვევის მონაწილეთა დაახლოებით 75% ცოცხალი იყო და მათი გადანერგილი სარქველი გამართულად მუშაობდა.
მიუხედავად მსგავსი გრძელვადიანი საიმედოობისა, მეცნიერებმა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც დააფიქსირეს: სარქველზე თრომბების წარმოქმნის რისკი მცირეინვაზიური პროცედურის (TAVR) შემდეგ საგრძნობლად მაღალი იყო და მან პაციენტების 5,2% შეადგინა, მაშინ როდესაც ღია ოპერაციის ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,9% იყო.
მკვლევარების განმარტებით, ეს შედეგები ადასტურებს, რომ მცირეინვაზიური მეთოდი ტრადიციული ღია ოპერაციის სრულფასოვანი და საიმედო ალტერნატივაა დაბალი რისკის მქონე პაციენტებისთვისაც. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი კათეტერით იმპლანტაციაზე გაკეთდება, პაციენტებს შემდგომ პერიოდში უფრო ყურადღებიანი მონიტორინგი დასჭირდებათ, რათა ექიმებმა შესაძლო თრომბოზის ადრეული ნიშნები დროულად გამოავლინონ და მართონ.
წყარო: JAMA

