კოსმოსური მედიცინის ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა ორბიტაზე რენტგენის სურათები გადაიღეს. კოსმოსურ ხომალდ Fram2-ზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა. აქამდე კოსმოსში ერთადერთ საიმედო სამედიცინო ხელსაწყოდ 40 წლის განმავლობაში მხოლოდ ექოსკოპია რჩებოდა, რადგან ტრადიციული რენტგენის აპარატები კოსმოსისთვის ზედმეტად დიდია, ბევრ რადიაციას გამოყოფს და მუდმივი მოძრაობის გამო გამოსახულებას აუარესებს.
პრობლემის გადასაჭრელად, მეიოს კლინიკისა (Mayo Clinic) და SpaceX-ის მკვლევარებმა პორტატული რენტგენის აპარატი გამოიყენეს, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და მარტივი სამართავია. ფრენამდე ეკიპაჟის სამმა წევრმა, რომლებსაც სამედიცინო განათლება არ ჰქონდათ, სულ რაღაც ოთხსაათიანი ტრენინგი გაიარა. მათ ორბიტაზე სრულიად დამოუკიდებლად გადაიღეს ხელის მტევნის, წინამხრის, მუცლის, მენჯისა და გულმკერდის რენტგენის სურათები.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, რადიოლოგებმა დაადასტურეს, რომ სურათების ხარისხი და სიზუსტე არაფრით ჩამოუვარდებოდა დედამიწაზე გადაღებულ კადრებს, ხოლო მიღებული რადიაცია ნორმას არ აჭარბებდა. ეს მიღწევა მნიშვნელოვანია საინჟინრო ამოცანებისთვისაც. პორტატული რენტგენით ეკიპაჟი ხომალდის ელექტრონიკასა და სკაფანდრებს დაშლის გარეშე შეამოწმებს, რაც სამომავლოდ მთვარისა და მარსის მისიების უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
წყარო: Radiology

