ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის კონგრესზე (EADV Congress 2026) წარდგენილი მასშტაბური კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება კანის დაავადებების გავრცელებისა და სიმძიმის ცვლილებას უკავშირდება.
Global Access to Skin Health Observatory-ის (SkinObservatory) კვლევის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა მსოფლიოს 136 ქვეყნიდან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულ ოთხივე ეკონომიკურ კატეგორიას: დაბალი, საშუალოზე დაბალი, საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებს მოიცავდა. მონაწილე ქვეყნების 42.6%-მა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებამ იმოქმედა კანის დაავადებების გავრცელებასა და სიმძიმეზე. აღსანიშნავია, რომ გავლენა მკვეთრად განსხვავდებოდა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით.
კანის დაავადებების კლიმატთან დაკავშირებულ ცვლილებებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების 55.6% და საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების 52.5% აღნიშნავს, მაშინ, როდესაც საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 43.8%-ს, ხოლო მაღალი შემოსავლის ქვეყნებში 28.3%-ს შეადგენს.
მნიშვნელოვანია გეოგრაფიული განსხვავებაც. ცვლილებები წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონის ქვეყნების 64.7%-ში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი ქვეყნების 60.0%-ში დაფიქსირდა. მაშინ, როცა ევროპის რეგიონში ეს მაჩვენებელი 16.1%-ია, ხოლო აფრიკის რეგიონში გამოკითხულთა 42.9%-ს გაუჭირდა გავლენის შეფასება, რაც ეპიდემიოლოგიური მონიტორინგისა და მტკიცებულებების ნაკლებობას უსვამს ხაზს.
იმ 58 ქვეყანას შორის, რომლებშიც კლიმატის ცვლილება კანის დაავადებებს უკავშირდება: 81.0%-ში სიცხისგან გამოწვეული გამონაყარის, 75.9%-ში – კანის ანთებითი დაავადებების, 62.1%-ში – ინფექციების, ხოლო 50.0%-ში – დაავადებების გადამტანებით (ვექტორებით) გავრცელებული ინფექციების ცვლილება აღინიშნა.
ამ ეფექტების შესაძლო გამომწვევი მიზეზების ახსნისას, კვლევის ავტორმა, დოქტორმა ესთერ ფრიმანმა აღნიშნა, რომ მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ შეიძლება გაზარდოს ოფლიანობა და კანის გაღიზიანება, ხოლო სიცხემ, ჰაერის დაბინძურებამ და სხვა გარემო ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანთება. ტემპერატურისა და ნალექების ცვლილებამ ასევე შეიძლება იმოქმედოს კოღოების, ტკიპებისა და დაავადებების გადამტანი სხვა მწერების საცხოვრებელ გარემოზე, რაც მათ პოტენციურად საშუალებას აძლევს ადაპტირდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მათი გავრცელება მანამდე იშვიათი იყო.
ამასთან, ნაკლები რესურსის მქონე ქვეყნები, რომლებსაც ნაკლები წვლილი შეაქვთ გლობალური დათბობის პროცესში, კლიმატთან დაკავშირებულ კანის მდგომარეობის ცვლილებებს უფრო ხშირად აფიქსირებენ. ექსტრემალურ სიცხესთან, წყალდიდობებთან და ნალექების ცვლილებასთან ერთად, ამ ქვეყნებს დერმატოლოგიურ მომსახურებაზე, მედიკამენტებსა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული წვდომა აქვთ.
მათი თქმით, გამოსავალი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერებაში, სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე მორგებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების შემუშავებაშია.
წყარო:medicalxpress

