ავსტრალიაში, ბრისბენის სამეფო ქალთა საავადმყოფოში (Royal Brisbane and Women’s Hospital), 34 წლის იენითარ ნაამოანამ ბუნებრივი გზით ჩასახული, იდენტური ოთხი ტყუპი გოგონა გააჩინა. ოთხივე ახალშობილი 14 ივლისს, ორსულობის 28 კვირისა და 4 დღის ვადაზე, საკეისრო კვეთის გზით დაიბადა.
მედიცინაში მსგავსი ფენომენი მონოზიგოტური ოთხეულის (monozygotic quadruplets) სახელითაა ცნობილი. აღნიშნული იშვიათი ემბრიოლოგიური ფენომენი ვითარდება მაშინ, როდესაც ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი განვითარების ადრეულ ეტაპზე ოთხ გენეტიკურად იდენტურ ემბრიონად იყოფა. თითოეული ემბრიონი შემდგომში დამოუკიდებლად აგრძელებს განვითარებას საშვილოსნოში.
34 წლის იენიტარ ნაამოანასა და მისი მეუღლისთვის, ჯორტამისთვის, ეს ორსულობა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ოჯახს უკვე ოთხი შვილი ჰყავდა. ორსულობის ადრეული ეტაპიდანვე დედა იმყოფებოდა მეან-გინეკოლოგიის, დოქტორ ალექსა ბენდალის, მეთვალყურეობის ქვეშ. მისი შეფასებით, გენეტიკურად იდენტური ოთხეულის დაბადება უკიდურესად იშვიათია და დაახლოებით 15 მილიონი ორსულობიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვხვდება. თუმცა, აღნიშნული შემთხვევის უნიკალურობა მხოლოდ მის იშვიათობას არ განაპირობებდა — ოთხივე ნაყოფი ერთ საერთო პლაცენტას იზიარებდა, რაც მრავალნაყოფიანი ორსულობის კიდევ უფრო რთულ და მაღალი რისკის ფორმას წარმოადგენდა.
მრავალნაყოფიანი ორსულობა, რომლის დროსაც რამდენიმე ნაყოფი საერთო პლაცენტას იზიარებს, კლინიკურად მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან მნიშვნელოვნად ზრდის როგორც დედის, ისე ნაყოფების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების განვითარების ალბათობას. ასეთ ორსულობებში მომატებულია ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის ინტრაუტერიული ზრდის შეფერხების, პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ნაყოფებს შორის სისხლის ნაკადის დისბალანსისა და პრეეკლამფსიის განვითარების რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტი 25-ე გესტაციური კვირიდან სტაციონარში იმყოფებოდა, სადაც ხორციელდებოდა დედისა და ოთხივე ნაყოფის მდგომარეობის ინტენსიური მონიტორინგი.
სპეციალისტთა შეფასებით, მსგავსი მაღალი რისკის ორსულობის დროს ინტრაუტერიული განვითარების ყოველი დამატებითი კვირა ნაყოფების პროგნოზისთვის კრიტიკულ როლს ასრულებს. შესაბამისად, ორსულობის 28 კვირისა და 4 დღის ვადამდე მიყვანა და ოთხივე ახალშობილის სიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში დაბადება პერინატალური მედიცინის მნიშვნელოვან კლინიკურ მიღწევას წარმოადგენს.
ამჟამად ოთხივე ახალშობილი ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (NICU) იმყოფება, სადაც მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. საავადმყოფოს ინფორმაციით, გოგონების კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია და მათი განვითარება გესტაციური ასაკისთვის შესაბამისი დინამიკით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ნეონატოლოგიის მიღწევებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა 28 კვირაზე დაბადებული დღენაკლული ახალშობილების გადარჩენის მაჩვენებლები, მათ კვლავ ესაჭიროებათ სპეციალიზებული მეთვალყურეობა, სუნთქვის მხარდაჭერა, კვების ეტაპობრივი ადაპტაცია და ინფექციური გართულებების პრევენცია.
ახალშობილებს ემილი, ჰარიეტი, კეთრინი და ალექსა დაარქვეს, მათი 4 და-ძმა კი ერთიდან ათ წლამდე ასაკის არიან. მრავალშვილიანმა მშობლებმა უკვე წამოიწყეს ონლაინშემოწირულობის კამპანია, რომლის მიზანია ოჯახისთვის შესაბამისი, უფრო ტევადი ავტომობილის შეძენა. ინიციატივის ფარგლებში უკვე 37 000-ზე მეტი ავსტრალიური დოლარია შეგროვებული.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, ბუნებრივად ჩასახული ოთხმაგები დაახლოებით 700 000 მშობიარობიდან ერთ შემთხვევაში გვხვდება, ხოლო მონოზიგოტური, გენეტიკურად იდენტური ოთხმაგების შემთხვევები გაცილებით იშვიათია. სწორედ ამიტომ, ავსტრალიაში დაფიქსირებული ეს შემთხვევა თანამედროვე მეანობისა და ნეონატოლოგიის პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლინიკურ მოვლენას წარმოადგენს.
წყარო: www.bbc.com

