ჰემიფუსომა, აქამდე უცნობი მემბრანული სტრუქტურა, მეცნიერებმა ეუკარიოტულ უჯრედში კრიო-ელექტრონული ტომოგრაფიის საშუალებით აღმოაჩინეს. მან შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ გადააქვს უჯრედს ნივთიერებები ვეზიკულებით. ახალი კვლევა გამოქვეყნდა გამოეცემაში Nature Communications.
ტრანასპორტის მექანიზმი
ვეზიკულური ტრანსპორტი არის პროცესი, რომლის დროსაც ნივთიერებები უჯრედში სპეციალურ ბუშტუკებში , ვეზიკულებში , თავსდება და გადაადგილდება ერთი უბნიდან მეორეში. ეს უმნიშვნელოვანესია უჯრედის შიგნით კომუნიკაციისა და ნივთიერებათა მიმოცვლისთვის.
ჰემიფუსომა კი არის სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ორი ვეზიკული ნაწილობრივ ერთიანდება და მათ შორის საერთო დიაფრაგმა (გარსი) წარმოიქმნება. მას თან ახლავს განსაკუთრებული პროტეოლიპიდური ნანონაწილაკები (PNDs).
საინტერესოა, რომ ჰემიფუსომა მუშაობს ცნობილი ESCRT ცილოვანი სისტემისგან დამოუკიდებლად. ეს აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა არსებობდეს ვეზიკულების წარმოქმნის ალტერნატიული გზები.
მეცნიერებმა აღწერეს ჰემიფუსომის ორი ფორმა: პირდაპირი და შებრუნებული, რომელიც მემბრანის შერწყმის სხვადასხვა მექანიზმით მუშაობს. ეს აღმოჩენა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ისეთი პროცესების ახსნაში, როგორიცაა უჯრედული ნარჩენების გადამუშავება, სიგნალების რეგულაცია და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარება.
კვლევის შემდეგი ეტაპი მიზნად ისახავს გაირკვეს, შეუძლიათ თუ არა PND-ნაწილაკებს დამოუკიდებლად წარმართონ ვეზიკულების ფორმირება და გახდნენ პლატფორმა მედიკამენტების მიზნობრივი მიწოდებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული:
Tavakoli, A., Hu, S., Ebrahim, S. et al. Hemifusomes and interacting proteolipid nanodroplets mediate multi-vesicular body formation. Nature Communications 16, 4609 (2025).

