საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) შემაჯამებელი ანგარიში „ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები 2025“ გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის ძირითად ტენდენციებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაიზარდა როგორც სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა, ისე რიგი დაავადებების შემთხვევების რაოდენობა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა საწოლთა ფონდი და 15.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება მუშაობდა, სადაც ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით მეტია. სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რაოდენობამ 22.5 ათასი, ხოლო საექთნო პერსონალის რაოდენობამ 21.3 ათასი შეადგინა.
ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილი მიმართვიანობის პარალელურად, 2025 წელს ქვეყანაში პირველად დადგენილი დაავადებების რაოდენობის ცვლილებებიც გამოიკვეთა. წინა წელთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები — 14.2 პროცენტით; სიმსივნეები — 12.7 პროცენტით; ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები — 10.6 პროცენტით; ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები — 8.9 პროცენტით; თვალისა და მისი დანამატების დაავადებები — 6.8 პროცენტით.
ავადობის საერთო სტრუქტურაში მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა ჯგუფებად კვლავ რჩება სასუნთქი სისტემის დაავადებები, თვალისა და მისი დანამატების დაავადებები, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
ანგარიში ასევე ასახავს ინფექციური დაავადებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. 2025 წელს აივ ინფექციის/შიდსის 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 53 შემთხვევით ნაკლებია. შიდსით დაავადებულთა კუმულატიურმა რაოდენობამ 11 568 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2025 წელს შიდსით 150 პირი გარდაიცვალა.
დადებითი დინამიკა გამოიკვეთა ტუბერკულოზის შემთხვევებთან დაკავშირებითაც. 2025 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 12.9 პროცენტით შემცირდადა 1 142 ადამიანი შეადგინა.
ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება. 2025 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99.0 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.
წყარო: www.geostat.ge

