საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი ექიმი კენ ვოლკერი

გააზიარე

„ამ დროს შევხვდი კენ ვოლკერს“…

ესაა ერთი ამერიკელი ექიმის ისტორია, რომელიც ბნელ 90-იანებში საქართველოში შემთხვევით მოხვდა, მერე ეს ქვეყანა მთელი გულით ისე შეიყვარა, რომ მასზე ზრუნვა ცხოვრებისეულ მისიად გაიხადა. „ძალიან უყვარდა ამერიკელებისთვის „ძმაკაცის“ მნიშვნელობის ახსნა. ამ სიტყვას ყოველთვის ქართულად ამბობდა და მერე დიდხანს უხსნიდა, რომ ეს განსხვავებული მეგობრობა იყო, ხშირად ოჯახურ კავშირზე ძლიერიც. ამბობდა, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ საქართველოში იციან და ამით ისე მოიხიბლა, რომ სამუდამოდ “დაუძმაკაცდა” ამ ხალხს!

პირველად კენის შესახებ ჩემი დისგან გავიგე. ის იმ ქართველი ექიმების ჯგუფში მოხვდა, რომლებიც კენ ვოლკერმა პირადად გაწვრთნა და ამით გადაუდებელი მედიცინის თანამედროვე სისტემას ჩაუყარა საფუძველი. შემდეგ უკვე ჩემი შვილისგან, რომელმაც კენის შექმნილი უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა ატლანტაში აგრძელებს პროფესიულ განვითარებას. ამ ჟურნალზე მუშაობისას ყველაზე მეტად კენ ვოლკერის მასშტაბებმა გამაოცა: არ შემხვედრია იმ თაობის წარმატებული ექიმი, ექთანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი თუ სამედიცინო მენეჯერი, რომლის ბიოგრაფიაშიც არ არის ერთი გარდამტეხი ფრაზა: „ამ დროს შევხვდი კენ ვოლკერს…“ ზოგისთვის ეს იყო პირველ სტიპენდია. სხვისთვის ამერიკაში სწავლის შესაძლებლობა, ან პროფესიული მხარდაჭერა ყველაზე რთულ დროს. ბევრისთვის კი კენ ვოლკერი იქცა მენტორად, რომელმაც დაარწმუნა, რომ მეტის გაკეთება შეეძლო.

კენ ვოლკერი ყოველთვის დროს უსწრებდა. სხვებს ექიმის მთავარ ღირსებად ცოდნა და გამოცდილება მიაჩნდა, კენი კი ექიმობას ადამიანურ მისიად აღიქვამდა. ის უკვე მაშინ საუბრობდა ემპათიაზე, ჰუმანიზმზე, პაციენტის ღირსების პატივისცემაზე, მასთან გულთბილი კომუნიკაციისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე. დღეს, როცა საქართველოში თანამედროვე გადაუდებელ მედიცინაზე, ამერიკულ სამედიცინო პროგრამებზე, საერთაშორისო კურიკულუმებზე, რეაბილიტაციის ცენტრებსა და ასობით კონკურენტუნარიან ახალგაზრდა ექიმზე ვსაუბრობთ, ყველგან მისი კვალი ჩანს.

ამ ისტორიას მეორე მთავარი გმირიც ჰყავს. არჩილ უნდილაშვილი, რომელმაც კენ ვოლკერის იდეები მხოლოდ წარსულის მოგონებად არ დატოვა. შექმნა მწყობრი სისტემა, რომელიც მუშაობს და ვითარდება. კენის იდეით შექმნილი ამერიკული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამედიცინო პროგრამაა საქართველოში; ყოველწლიურად იზრდება ამერიკის რეზიდენტურებში მოხვედრილი ქართველი ექიმების რიცხვი; კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და უნივერსიტეტი უკვე რეალური აკადემიური და კლინიკური სივრცეა და არა მხოლოდ სიმბოლო.

კენის ყველაზე დიდი გამარჯვება ალბათ ისაა, რომ მან შეძლო ადამიანების აღზრდა, რომლებიც მის საქმეს აგრძელებენ. არჩილ უნდილაშვილი ამ მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ღირსეული მოწაფე, რომელიც თავად იქცა ლიდერად. ქართული მედიცინის თანამედროვე ისტორია მხოლოდ რეფორმების, პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორობების ისტორია არ არის. ის ადამიანების ისტორიაცაა, ამ ისტორიაში ორი სახელი ისმის გამორჩეულად: კენ ვოლკერი და არჩილ უნდილაშვილი. ერთმა საქართველოს დასავლური მედიცინის ხედვა გააცნო.მეორემ კი ეს ხედვა სისტემად აქცია.

ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო

კენ ვოლკერი საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვიდა. მაშინ, როცა გაპარტახებული კლინიკების მართვა საბჭოთა მედიცინის ინერციით გრძელდებოდა. აუცილებელი იყო რეფორმები, რომელსაც ექიმების ახალი თაობა უნდა ჩასდგომოდა სათავეში. ქვეყანაში არც საკმარისი ფული იყო და არც გამოცდილება. კენი ამას არ შეუჩერებია.

„ფაქტობრივად მუნჯი ვიყავი“

არჩილ უნდილაშვილი კენ ვოლკერს 2000 წლებში შეხვდა, შიდსის ცენტრში მუშაობის დროს, „2003 წელს საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიოთანამშრომლობის სიმპოზიუმი ჩატარდა. კენი ვერ ჩამოვიდა, მაგრამ იქ იყვნენ ფოგარტის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გერალდ კიოში და კარლოს დელ რიო, ადამიანი, რომელმაც საქართველოში შიდსის ცენტრის და C ჰეპატიტის პროგრამების დანერგვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მაშინ წარმადგინეს, ემორის პროგრამის მომავალ კანდიდატად. ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.“ იმ დროს ახალგაზრდა ექიმი ინგლისურად თითქმის ვერ საუბრობდა.

„ფაქტობრივად მუნჯი ვიყავი,“ – იხსენებს არჩილი. მაგრამ კენ ვოლკერმა უთხრა, რომ თუ ინგლისურს ისწავლიდა, ემორის უნივერსიტეტში მოხვედრას შეძლებდა. შემდეგ კი მხოლოდ რჩევით არ შემოიფარგლა. პირადად დაეხმარა მომზადებაში, სპეციალურ სკოლაში მიიყვანა და გზა გაუხსნა ამერიკულ განათლებამდე. 2004 წელს არჩილ უნდილაშვილი უკვე Emory University-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში სწავლობდა. სწორედ იქ დაიწყო მისი ჩამოყალიბება ჯანდაცვის მენეჯერად და ლიდერად. „2006 წელს ემორის უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხით დავამთავრე. იმავე წელს ემორის კლინიკურ ცენტრში დავიწყე მუშაობა, სადაც შიდსის, ყვითელი ცხელებისა და ჰეპატიტების ვაქცინებს ვიკვლევდით. ერთი წლის შემდეგ უკვე მედიცინის დეპარტამენტში გადავედი და ემორისა და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე გადავერთე. ამის მერე ეს მიმართულება აღარც შემიცვლია. პარალელურად ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ადმინისტრირებასა და ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობდი, თუმცა ჩემი ფიქრები მაინც სულ საქართველოსთან იყო დაკავშირებული, როგორ შეიძლებოდა ამ ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გადმოტანა.“

კენ ვოლკერი და არჩილ უნდილაშვილი

კენის ხელშეწყობით 2007 წელს საქართველოში გადაუდებელი მედიცინის განვითარების პროგრამა დაიწყო. იგივე მოდელი წარმატებით განხორციელდა იაშვილის კლინიკაში პედიატრიული მიმართულებით. ეს იყო პირველი დასავლური ტიპის „ემერჯენსი რუმები“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ძველი მიმღები განყოფილებების მოდელიდან თანამედროვე გადაუდებელი მედიცინის მოდელზე გადავედით, სადაც მთავარი იყო სწრაფი დიაგნოსტიკა, დროული ჩარევა და პაციენტის გართულებების შემცირება. ამას მოჰყვა ექთნების გადამზადების პროგრამაც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. მუშაობა დაიწყო საექთნო სკოლამ. დაახლოებით 7000 ექთანი გადავამზადეთ თბილისსა და რეგიონებში. შევქმენით მობილური ჯგუფები, დავნერგეთ კლინიკური სიმულაციები, ემორის წამყვანი ექთნები ჩამოგვყავდა საქართველოში. დამსაქმებლები უკვე თავად ითხოვდნენ, რომ მათ ექთნებს ეს კურსები გაევლოთ. შემდეგ, სახელმწიფომ უწყვეტი საექთნო განათლების ვალდებულება გააუქმა და პროგრამაც დაიხურა. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს ქართული ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.“

პროფესორმა ვოლკერმა ქართველ მეცნიერებთან და ექიმებთან ერთად მუშაობა დაიწყო ქვეყანაში შიდსსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე. კენი, როგორც მას ქართველები იცნობდნენ, იყო საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების, როგორც სპეციალობის, ასევე, საექთნო პროფესიის გაუმჯობესების ინიციატორი და მთავარი გულშემატკივარი.

ამერიკული პროგრამა – იდეიდან სისტემამდე

კენ ვოლკერს სჯეროდა, რომ ადამიანის მხარდაჭერამ შეიძლება მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. წლების შემდეგ სწორედ არჩილ უნდილაშვილი გახდა ადამიანი, რომელმაც მისი იდეები რეალურ ინსტიტუციურ მოდელად აქცია. 2013 წელს, კენ ვოლკერის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამერიკული MD პროგრამის პირველი ნაკადი მიიღეს. იმ დროს ბევრი ეჭვობდა, შეძლებდა თუ არა საქართველო ამერიკული სტანდარტის სამედიცინო განათლების შექმნას. დღეს პასუხი უკვე ნათელია. პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა რეგიონში. სტუდენტები ჩამოდიან აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შედეგებია:

  • თითქმის 100%-იანი წარმატება ამერიკულ სალიცენზიო გამოცდებზე;

  • დაახლოებით 155 კურსდამთავრებულიდან 60 უკვე აშშ-ის რეზიდენტურაში სწავლობს;

  • მხოლოდ წელს 22 ქართველი კურსდამთავრებული ამერიკულ რეზიდენტურებში გააგრძელებს სწავლას;

  • ეს დაახლოებით 90-95%-ია იმ სტუდენტებისა, რომლებმაც რეალურად გაგზავნეს განაცხადი;

  • ეს მხოლოდ პროგრამა აღარ არის. ეს ქართული სამედიცინო განათლების ახალი სტანდარტია.

არჩილ უნდილაშვილის თქმით, პროგრამის მთავარი განსხვავება მხოლოდ ამერიკული სახელმძღვანელოები არ არის. ის სწავლების სრულიად სხვა ფილოსოფიაა, სადაც სტუდენტები პირველივე დღიდან სწავლობენ: პაციენტთან კომუნიკაციას, კლინიკურ აზროვნებას, ლიდერობას, პროფესიულ ეთიკას, გუნდურ მუშაობას, პრეზენტაციისა და ინტერვიუს ტექნიკას. აქ მნიშვნელობა აქვს ყველაფერს: ცოდნას, ემპათიას, ქცევას, პროფესიულ პასუხისმგებლობას. ზუსტად იმ ღირებულებებს, რასაც კენ ვოლკერი ათწლეულების წინ ასწავლიდა ქართველ სტუდენტებს. „კენს ყველა რეზიდენტი უსახლკარო მოხუცთა თავშესაფარში დაჰყავდა. უნდოდა, რომ მათ საკუთარი თვალით ენახათ ადამიანები, რომლებიც ხშირად სრულიად უყურადღებოდ რჩებიან. მისთვის მედიცინა მარტო კლინიკა არ იყო – ეს იყო პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველაზე დაუცველი ადამიანების წინაშე.” მისთვის ექიმი მხოლოდ დიაგნოზის დამსმელი არ იყო. „მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე პაციენტი იდგა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა სტატუსს, კანონებს, წესებს. მთავარი იყო ადამიანი. ტელეფონს არასოდეს თიშავდა. ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავით, როცა გრეიდის ჰოსპიტლიდან დაურეკეს: მძიმე პაციენტს მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და ბავშვის თავშესაფარში გადაყვანას აპირებდნენ. კენმა ფაქტობრივად შეწყვიტა შეხვედრა და მთელი დრო ამ პრობლემის მოგვარებას დაუთმო, ბოლოს კლინიკის დირექტორს დაურეკა და ბავშვის დედასთან დატოვება შეძლო“. კენის სტანდარტით ექიმი განათლებული, კულტურული, თანამგრძნობი და ინტელექტუალური ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც პაციენტის არა მარტო მკურნალობა უნდა შეეძლოს, არამედ მისი მოსმენაც. „კენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადი განათლებაც. ამიტომ პროგრამაში ჩავრთეთ ცივილიზაციების ისტორია, ხელოვნების ისტორია, კომუნიკაცია. ის თვლიდა, რომ ექიმმა ნებისმიერ ადამიანთან საუბარი და სამყაროს ფართო კონტექსტში აღქმა უნდა შეძლოს. თუ პაციენტი ბალერინაა – ბალეტზეც უნდა ესაუბრო,“ – ამბობდა ხშირად. ეს იყო სრულიად ახალი ხედვა იმდროინდელი ქართული სამედიცინო სივრცისთვის.

„კენის შემდეგი იდეა: ახალი უნივერსიტეტიც რეალობად აქცია“

წლების განმავლობაში ამერიკულ და ქართულ აკადემიურ სივრცეში მიღებული გამოცდილების შემდეგ, კენის შემდეგი იდეის განხორციელების დრო დადგა. საქართველოს ჰქონოდა არა მარტო წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ ახალი ტიპის უნივერსიტეტი, სადაც დასავლური განათლების მოდელი ქართულ რეალობას ორგანულად ერწყმის. ასე გაიხსნა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სივრცე, რომელიც კენის მთავარ იდეას აგრძელებს: ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. Ken Walker International University პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს:

  • თანამედროვე სამედიცინო განათლებას;

  • რეაბილიტაციის მიმართულებას;

  • საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას;

  • ბავშვთა განვითარების პროგრამებს; და სამომავლოდ, განავითარებს სხვა ინოვაციურ საგანმანათლებლო მიმართულებებსაც.

არჩილ უნდილაშვილი საკუთარ საქმიანობაზე საუბრისას ხშირად ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა, რომელიც სტუდენტს კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. „ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული ქვეყნისთვის ექიმების მომზადება. ჩვენი მიზანია კონკურენტუნარიანი პროფესიონალების გაზრდა, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იქნებიან წარმატებულები. სად გააგრძელებს ეს ადამიანი კარიერას საქართველოში, ამერიკასა თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ეს მისი პირადი არჩევანია. თუმცა გვინდა, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, საკუთარი ქვეყანასთან კავშირი არ დაკარგონ.“ მუშაობენ, რომ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალში უფრო ფართოპროფილიანი უნივერსიტეტი გახდეს. „გვინდა, რომ გარკვეულწილად პატარა ემორის მოდელი შევქმნათ საქართველოში. ვმუშაობთ ახალ პროგრამებზე, ახალი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს”.

არჩილ უნდილაშვილი
არჩილ უნდილაშვილი

კენის უკანასკნელი ოცნება

2018 წელს კენ ვოლკერი საქართველოში უკვე ახალ პროექტზე მუშაობდა, ემორის სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე რეაბილიტაციის ცენტრის შექმნაზე. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა იყო. თუმცა დასრულებას თავად ვეღარ მოესწრო. მაგრამ იდეა არ გაჩერებულა. არჩილ უნდილაშვილმა და მისმა გუნდმა პროექტი ბოლომდე მიიყვანეს. დღეს საქართველოში ფუნქციონირებს კენ ვოლკერის სახელობის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე რეგიონში.

მემკვიდრეობა, რომელიც გრძელდება

კენ ვოლკერის მთავარი მემკვიდრეობა მხოლოდ კლინიკები და პროგრამები არ არის. ესენი არიან ადამიანები, ექიმები, ექთნები, სტუდენტები, პროფესორები, თაობა, რომელმაც მისგან ისწავლა, რომ მედიცინა მხოლოდ პროფესია არაა. ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა ადამიანის წინაშე. „კენი საოცარი მოსაუბრე იყო და აზროვნების ძალიან ფართო ჰორიზონტი ჰქონდა. ხშირად ვსაუბრობდით არა მარტო მედიცინაზე, არამედ ადამიანურ ურთიერთობებზე, კულტურაზე, ისტორიაზე. მისგან ყველაზე მეტად ალბათ ჰუმანურობა ვისწავლე, სიკეთის უანგაროდ კეთება, ყოველგვარი უკუგების გარეშე“, – ამბობს არჩილი. არჩილ უნდილაშვილმა შეძლო, კენ ვოლკერის მიერ დაწყებული მეგობრობა, ნდობა და ღირებულებები ორივე ქვეყანაში ინსტიტუციებად ექცია.

დღესაც ატლანტაში ჩასული ქართველი სტუდენტები კენის სახლში ცხოვრობენ, ზუსტად ისე, როგორც კენის სიცოცხლეში. „კენს უნიკალური უნარი ჰქონდა ადამიანებში ტალანტი დაენახა და ხელი შეეწყო მათთვის. 1992 წლიდან მოყოლებული ასობით ქართველ ახალგაზრდას დაეხმარა. იყო ზაფხული, როცა მის სახლში ერთდროულად 16 ქართველი სტუდენტი ვცხოვრობდით. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. უფრო მეტიც, მასთან დაკავშირებით ყველა მისი მეგობარი ერთსა და იმავე ისტორიას გაიხსენებს. თუ ვინმე მადლიერების დღეზე დაპატიჟებდა, აუცილებლად ჰკითხავდა, „შეიძლება ქართველი სტუდენტებიც მოვიყვანო?“ კენს უარს ვინ ეტყოდა, მასპინძლები ერთ უცხო სტუმარს ელოდნენ, კენი კი მინიმუმ ექვს ქართველ სტუდენტთან ერთად მიდიოდა.

ეს მარტო სტუმართმოყვარეობა არ იყო. უნდოდა, რომ ჩვენ ამერიკული კულტურა, ადამიანები და პროფესიული წრეები გაგვეცნო.“ ქართველი სტუდენტები ემორის უნივერსიტეტში პრაქტიკას ახლაც გადიან. ამერიკელი პროფესორები ქართველ კურსდამთავრებულებს რეკომენდაციებს უწერენ. იქმნება ახალი პროგრამები. თანამშრომლობა გრძელდება. ყველაფერი ეს კი ერთი ადამიანის იდეიდან დაიწყო და მეორე ადამიანის ერთგულებით გაგრძელდა. ეს სტატია კიდევ ერთი მადლობის წერილია. მადლობა კენ ვოლკერს, დიდ მეცნიერს, ექიმს, ჰუმანისტს და ლიდერს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ჯორჯიის შტატში, ისე საქართველოში და მადლობა არჩილ უნდილაშვილს, ადამიანს, რომელიც ასე რუდუნებით უფრთხილდება მის მემკვიდრეობას და აგრძელებს იმ გზას, რომელმაც ქართული მედიცინა მსოფლიო მედიცინის ღირსეულ ნაწილად უნდა აქციოს.

არჩილ უნდილაშვილი – კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისა და ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის დამფუძნებელია. ასევე, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

კენ ვოლკერი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის, ნევროლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის სკოლის პროფესორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე. ამერიკული კორპორაციის, „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის” (PFID), აღმასრულებელი დირექტორი

ავტორი: ეკა სარია

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები