დეპრესიის დროს ცვლილებები ტვინის მხედველობით და მოტორულ ზონებშიც ვლინდება: ახალი კვლევა

გააზიარე

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს დეპრესიასთან ასოცირებული ტვინის ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და დეტალური კვლევა, რომლის შედეგებიც გამოცემა Nature Mental Health-ში გამოქვეყნდა. 23 000-ზე მეტი სკანირების მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დეპრესიული სიმპტომების მქონე პირებში ცვლილებები არა მხოლოდ ემოციების რეგულაციაზე პასუხისმგებელ არეებში, არამედ მოტორულ და მხედველობით ზონებშიც ვლინდება.

წინა კვლევების მსგავსად, მეცნიერებმა დაადასტურეს რუხი ნივთიერების მოცულობის შემცირება ფრონტალურ ქერქში, წინა სარტყლისებრ ქერქსა და კუნძულში (insula). ეს ზონები პასუხისმგებელია ემოციების მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და მოტივაციაზე. თუმცა, მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელის, ჯანინ ბეისტერბოშის თქმით, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა სწორედ მოტორულ და მხედველობით არეებში ტვინის ქსოვილის მოცულობის შემცირება გახდა, რადგან დეპრესიის სიმპტომებს ტრადიციულად სენსორულ დამუშავებასა და მოძრაობის კონტროლს არ უკავშირებდნენ.

ახალმა კვლევამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთი ჰიპოთეზა — მაგალითად, მეცნიერებს თითქმის არ დაუფიქსირებიათ მკვეთრი ცვლილებები ტვინის სიღრმისეულ სტრუქტურებში, როგორებიცაა ნუშისებრი სხეული (amygdala) და ჰიპოკამპი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აცდენა შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ დიდ პოპულაციურ მონაცემთა ბაზებში შედარებით იშვიათად ხვდებიან მძიმე ფორმის დეპრესიის მქონე პაციენტები.

მეცნიერთა განცხადებით, მიღებული შედეგები ამტკიცებს, რომ დეპრესია ტვინის გაცილებით ფართო ქსელზე ახდენს გავლენას, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მეცნიერები უკვე გეგმავენ შემდგომ კვლევებს იმის დასადგენად, როგორ უკავშირდება მხედველობით და მოტორულ ზონებში გამოვლენილი ცვლილებები დეპრესიის კონკრეტულ კლინიკურ სიმპტომებს, რაც მომავალში ახალი დიაგნოსტიკური და თერაპიული მეთოდების შექმნას შეუწყობს ხელს.

წყარო: Nature Mental Health

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები