ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს დეპრესიასთან ასოცირებული ტვინის ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და დეტალური კვლევა, რომლის შედეგებიც გამოცემა Nature Mental Health-ში გამოქვეყნდა. 23 000-ზე მეტი სკანირების მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დეპრესიული სიმპტომების მქონე პირებში ცვლილებები არა მხოლოდ ემოციების რეგულაციაზე პასუხისმგებელ არეებში, არამედ უშუალოდ მოტორულ და მხედველობით ზონებშიც ვლინდება.
წინა კვლევების მსგავსად, მეცნიერებმა დაადასტურეს რუხი ნივთიერების მოცულობის შემცირება ფრონტალურ ქერქში, წინა სარტყლისებრ ქერქსა და კუნძულში (insula) — ზონებში, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციების მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და მოტივაციაზე. თუმცა, მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელის, ჯანინ ბეისტერბოშის თქმით, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა სწორედ მოტორულ და მხედველობით არეებში ტვინის ქსოვილის (რუხი ნივთიერების) მოცულობის შემცირება გახდა. თუმცა ფსიქომოტორული შეკავება თუ აღქმის ცვლილება კლინიკური დაკვირვებით აქამდეც ცნობილი სიმპტომები იყო, ამ კვლევამ აჩვენა მათი კონკრეტული ნეიროანატომიური სუბსტრატი და დაადასტურა, რომ პროცესი უშუალოდ სენსორულ და მოტორულ ქერქში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება.
ახალმა კვლევამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთი გავრცელებული ჰიპოთეზა — მაგალითად, მეცნიერებს თითქმის არ დაუფიქსირებიათ მკვეთრი ცვლილებები ტვინის სიღრმისეულ სტრუქტურებში, როგორებიცაა ნუშისებრი სხეული (amygdala) და ჰიპოკამპი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს აცდენა შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ დიდ პოპულაციურ მონაცემთა ბაზებში შედარებით იშვიათად ხვდებიან მძიმე ფორმის დეპრესიის მქონე პაციენტები.
მიღებული შედეგები ამტკიცებს, რომ დეპრესია ტვინის სტრუქტურულ დონეზე გაცილებით ფართო ნეირონულ ქსელს მოიცავს, ვიდრე აქამდე იყო დადასტურებული. მეცნიერები უკვე გეგმავენ შემდგომ კვლევებს იმის დასადგენად, თუ როგორ უკავშირდება მხედველობით და მოტორულ ზონებში გამოვლენილი ეს ანატომიური ცვლილებები დეპრესიის კონკრეტულ კლინიკურ გამოვლინებებს, რაც მომავალში ახალი დიაგნოსტიკური და თერაპიული მეთოდების შექმნას შეუწყობს ხელს.
წყარო: Nature Mental Health

