გულისცემა ჯანმრთელობის სასიცოცხლო მაჩვენებელია, რომელსაც, როგორც წესი, სამედიცინო აპარატურით ზომავენ, თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა-კრუზი) მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი სისტემა, სახელად Pulse-Fi, რომელსაც შეუძლია გულისცემის სიხშირის კლინიკური სიზუსტით გაზომვა მხოლოდ სახლის Wi-Fi მოწყობილობების გამოყენებით.
ეს კონცეპტუალური კვლევა, რომელიც 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე DCOSS-IoT იყო წარმოდგენილი, ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის დაბალფასიან, არაინვაზიურ ალტერნატივას გვთავაზობს. სისტემა Wi-Fi გადამცემებსა და მიმღებებს, ასევე მანქანური სწავლების ალგორითმს იყენებს, რათა დააფიქსიროს რადიოსიხშირული ტალღების ცვლილებები, რომლებსაც გულისცემა იწვევს.
118 მონაწილეზე ჩატარებულ ტესტებში Pulse-Fi-მ გულისცემის სიხშირე ხუთწამიანი მონიტორინგის შემდეგ, წუთში მხოლოდ ნახევარი დარტყმის ცდომილებით გაზომა. სისტემა გაიტესტა სხეულის 17 სხვადასხვა პოზიციაზე — მიუხედავად იმისა, მონაწილეები ისხდნენ, იწვნენ თუ დადიოდნენ — ასევე 3 მეტრამდე მანძილზე. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა გუნდმა ეს შედეგები დაბალფასიანი აპარატურით მიიღო, მათ შორის $5-იანი ESP32 ჩიპებისა და Raspberry Pi მოწყობილობების გამოყენებით.
მკვლერებმა შექმნეს საკუთარი მონაცემთა ბაზა, რადგან Wi-Fi სიგნალებით გულისცემის ამოცნობისთვის მსგავსი მასალა აქამდე არ არსებობდა. მიღებული მონაცემები გამოიყენეს ალგორითმის გაწვრთნისთვის, რათა სისტემა შეძლებოდა გულისცემის სიგნალის გამორჩევა სხვადასხვა გარემო პირობებში.
გულისცემის სიხშირის გაზომვის გარდა, მეცნიერები ამჟამად იკვლევენ, რამდენად შეუძლია სისტემას სუნთქვის მონიტორინგი, და საწყისი შედეგები იმედისმომცემია ისეთი მდგომარეობების იდენტიფიცირებისთვის, როგორიცაა ძილის აპნოე.
ძილის აპნოე არის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სუნთქვის დროებით შეჩერებას ძილის დროს. მისი ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა კი საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. სუნთქვის ნიმუშების მონიტორინგი, როგორც არამინვაზიური მეთოდი, მომავალში შეიძლება გახდეს ძილის აპნოეს სკრინინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს დროულად დასვან დიაგნოზი და დაიწყონ შესაბამისი თერაპია.
წყარო: IEEE

