Moderna-მ ებოლას ახალი ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება დაიწყო

გააზიარე

Moderna-მ ებოლას ვირუსის Bundibugyo შტამის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება დაიწყო. აღნიშნულმა შტამმა უკვე 1 650-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა მის წინააღმდეგ ოფიციალურად დამტკიცებული ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. Health Canada-მ კვლევის საწყისი ეტაპი უკვე დაამტკიცა და კომპანიის ცნობით, პირველმა მოხალისეებმა ვაქცინა, სახელწოდებით mRNA-1469, უკვე მიიღეს.

ექსპერიმენტული პრეპარატი იმავე mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც Moderna-ს COVID-19-ის ვაქცინაში იყო გამოყენებული. კლინიკური კვლევა კანადის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება და მასში 80 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი ჩაერთვება, რათა ვაქცინის უსაფრთხოება და იმუნური პასუხის გამომუშავების ეფექტურობა შემოწმდეს. აღნიშნული სამუშაოები CEPI-სთან (Coalition for Epidemic Preparedness Innovations) გაფართოებული პარტნიორობის ნაწილია, რომელმაც ვაქცინის საწყისი ტესტირებისა და წარმოების მხარდასაჭერად 50 მილიონი დოლარი გამოყო.

Bundibugyo შტამი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ეპიდემიის მთავარი გამომწვევია, რომელიც ისტორიაში ებოლას სიდიდით მეორე ეპიდემიად მიიჩნევა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, დადასტურებულია ინფიცირების 3 748 და გარდაცვალების 1 657 შემთხვევა. CEPI-ს წარმომადგენელთა შეფასებით, შემთხვევების რაოდენობა ახლა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური ეპიდემიის დროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და Africa CDC-მ მიმდინარე ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადეს. მარეგულირებელი ორგანოების მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, Moderna CEPI-სთან შეთანხმების ფარგლებში გეგმავს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის სპეციალური ფასით ვაქცინის მინიმუმ 500 000 დოზა გახადოს ხელმისაწვდომი.

წყარო: Reuters

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები