საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გააზიარე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის სტატისტიკური მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ 0–14 წლის ასაკობრივი ჯგუფის დაავადებათა სტრუქტურაში დომინირებს სასუნთქი სისტემის დაავადებები. ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ონკოლოგიური დაავადებებისა და და ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მატება, რაც ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებს წარმოაჩენს.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს 14 წლამდე ასაკის ბავშვებში სასუნთქი სისტემის დაავადებების 211 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც თითქმის უცვლელია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. დაავადებათა გავრცელების სიხშირის მიხედვით მეორე ადგილზეა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები — 39 300 შემთხვევით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებაზე მიუთითებს. ამავე პერიოდში შემცირდა კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებების რაოდენობაც და დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21 ათასს აღემატებოდა.

აგრეთვე, 2025 წელს საქართველოში 14 წლამდე ასაკის 1 500 ბავშვს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დაავადებათა საერთო სტრუქტურაში შედარებით მცირე წილს წარმოადგენს, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებები კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, რადგან მათი მართვა მოითხოვს ადრეულ დიაგნოსტიკას, მაღალკვალიფიციურ მკურნალობასა და ხანგრძლივ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ანგარიშში ასევე გამოიკვეთა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების შემთხვევების ზრდის ტენდენცია. 2025 წელს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 800 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 4 100 შემთხვევას შეადგენდა, რაც დაახლოებით 17%-იან ზრდას შეესაბამება.

წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ხაზს უსვამს ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემური მონიტორინგის, პრევენციული პროგრამების განხორციელების, ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერების მნიშვნელობას.

წყარო: Geostat.ge

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები