ვენის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძაღლების ტვინს შეუძლია არა მხოლოდ დადებითი და უარყოფითი ემოციების გარჩევა, არამედ ადამიანის სახის ისეთი უარყოფითი გამომეტყველებების ერთმანეთისგან განსხვავებაც, როგორიცაა შიში და სევდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ექსპერიმენტები ძაღლების მიერ ადამიანის მიმიკების აღქმას მხოლოდ ზოგად დონეზე სწავლობდა, ახალი ნაშრომი პირველად ადასტურებს, რომ ოთხფეხა შინაურ ცხოველებს ერთი და იმავე კატეგორიის ნეგატიური ემოციების დიფერენცირებაც ძალუძთ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა იმ ძაღლების ტვინის აქტივობა შეისწავლეს, რომლებიც სპეციალურად იყვნენ გაწვრთნილი იმისათვის, რომ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფში (MRT) თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაჩერებულიყვნენ. პირველ ექსპერიმენტში ცხოველებს უცნობი ადამიანების ბედნიერი და ნეიტრალური სახეების ფოტოები აჩვენეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ბედნიერი მიმიკების ჩვენებისას ძაღლების ტვინის იმ უბნებში, რომლებიც ვიზუალურ, სოციალურ და ჯილდოსთან დაკავშირებულ პროცესებს აკონტროლებს, აქტივობა საგრძნობლად იზრდებოდა.
მეორე ექსპერიმენტში კი მეცნიერებმა 12 ძაღლს ადამიანების ოთხი სხვადასხვა სახის გამომხატველობა — სიხარული, სევდა, შიში და სიბრაზე — აჩვენეს. მანქანური სწავლებისა და ტვინის სრული აქტივობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ძაღლის ტვინი მარტივად ასხვავებს ბედნიერ სახეს ნეგატიურისგან, ხოლო ტვინის ზონების სკანირებამ აჩვენა, რომ ცხოველები ერთმანეთისგან განასხვავებენ შიშისა და სევდის, ასევე შიშისა და სიბრაზის სახეებსაც (გარდა სიბრაზისა და სევდის შემთხვევებისა, რომელთა ერთმანეთისგან გარჩევაც მათთვის რთული აღმოჩნდა).
მკვლევრების განმარტებით, განსხვავებული ნეგატიური ემოციების აღქმა ძაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სხვადასხვა ტიპის საფრთხესთან ასოცირდება, თუმცა სიბრაზისა და სევდის განსასხვავებლად მათ შესაძლოა დამატებითი მინიშნებები, მაგალითად, ადამიანის სხეულის ენა ესაჭიროებათ. მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ როგორ შეიცვალა ძაღლის ტვინი ადამიანთან ათასწლიანი თანაცხოვრებისა და მოშინაურების პროცესში, რაც პრაქტიკაში, მაგალითად, ძაღლების გაწვრთნისას დადებითი ემოციების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
წყარო: The Guardian

