„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცისტური ფიბროზის მონიტორინგის პროგრამას მედიკამენტი „ტრიკაფტა“ ემატება. ეს დიდი გამარჯვებაა და ძალიან ბედნიერები ვართ როგორც სპეციალისტები, რომლებიც ამ დაავადების მკურნალობაში ვართ ჩართული, ასევე მშობელთა ასოციაცია. ამ მედიკამენტის ფონზე პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და ჯანმრთელი ადამიანისას გაუტოლდება.
მოგეხსენებათ, ცისტური ფიბროზი იწვევს პაციენტის ხშირ ავადობას მწვავე ინფექციური დაავადებებით, რომელშიც ძირითადად რესპირაციული და კუჭ-ნაწლავის სისტემები მონაწილეობს. როდესაც პაციენტი ამ მედიკამენტის მიღებას დაიწყებს, მოლეკულურ დონეზე არსებული დეფექტი და არასწორად წარმოქმნილი ცილა გასწორდება. ამის ხარჯზე ავადობა უფრო იშვიათი გახდება და რემისიის პერიოდები გაიზრდება. უკვე დადასტურებულია, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს იღებენ, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე 80-90 პროცენტითაა შემცირებული.
ეს, უპირველესად, პაციენტთა ასოციაციის დიდი გამარჯვებაა, რადგან მათ მოთმინებით, მიზანდასახულობითა და სწორი ნაბიჯებით მიაღწიეს ამ უდიდეს წარმატებას თავიანთი შვილებისთვის. ასევე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, „მედსკრიპტუმს“, გვერდში დგომისთვის. პრობლემის საჯაროდ გაჟღერება და გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი. ამ საქმეში თქვენი წვლილიც დიდია“, — ამბობს პედიატრი, ექიმი-გენეტიკოსი და პროფესორი დოდო აგლაძე „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

