ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის გარეგანი რადიაციული თერაპია. შეფასებულია, რომ ონკოპაციენტთა 50%, მკურნალობის რაღაც ეტაპზე მაინც, საჭიროებს რადიოთერაპიას. ის მიზნად ისახავს სიმსივნური ქსოვილის განადგურებას და ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალურად დაცვას მაღალი ენერგიის მქონე ელექტრომაგნიტური გამოსხივების საშუალებით. ამის მისაღწევად პროცესი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რომელშიც მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდი, რაც აერთიანებს რადიაციულ ონკოლოგს, სამედიცინო ფიზიკოსს, დოზიმეტრისტს და რადიოთერაპიის ტექნიკოსებს, რომელთაგან თითოეულს თავისი წვლილი შეაქვს მკურნალობის მაღალი სიზუსტით მიწოდებაში. დღეს განვიხილავთ იმ გზას, რომელსაც პაციენტი გადის კონსულტაციიდან მკურნალობის დასრულებამდე.
პირველი კონსულტაცია:
რადიოთერაპიის პროცესი იწყება რადიაციულ ონკოლოგთან კონსულტაციით. აქ ექიმი ეცნობა პაციენტის სამედიცინო ისტორიას, დიაგნოზს, ჩატარებულ კვლევებსა და მკურნალობას. ამ ყველაფერზე დაფუძნებით, ის აფასებს რამდენად მიზანშეწონილია რადიაციული თერაპია მკურნალობის ამ ეტაპზე. ასევე, წყდება ჩარევის მიზანი სამკურნალოა, დამხმარე სისტემურ თერაპიასთან ან ქირურგიასთან ერთად თუ პალიატიური. ექიმი პაციენტს აწვდის ინფორმაციას შესაძლო გვერდით ეფექტებზე და პასუხობს ყველა კითხვას მკურნალობის შესახებ.
გვერდითი ეფექტები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დასხივების ლოკალიზაციაზე. ყველაზე ხშირი ზოგადი სიმპტომია დაღლილობა, ხოლო ადგილობრივ დონეზე – კანის სიწითლე, სიმშრალე ან მგრძნობელობის მომატება, მზის დამწვრობის მსგავსი მოვლენები.
ამის შედეგად, პაციენტი იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას და ემზადება მომდევნო პროცესებისთვის. მკურნალობაზე თანხმობის შემთხვევაში იწყება შემდგომი ეტაპი.
სიმულაცია და პაციენტის იმობილიზაცია:
სიმულაციის პროცედურა გულისხმობს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას იმ ზუსტი პოზიციონირებით, რომლითაც ჩატარდება მკურნალობა. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ერთი და იგივე პოზიციის ყოველდღიურად განმეორებადობა, გამოიყენება სხვადასხვა საიმობილიზაციო მოწყობილობა, მაგ.: თერმოპლასტური ნიღბები თავის და თავ-კისრის მიდამოს ლოკალიზაციის შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების დაფები, სხეულის სპეციფიკურ მდგომარეობაში ფიქსაციისთვის.
რადიოთერაპია მოითხოვს მაღალ სიზუსტეს, ვინაიდან სხივის ენერგიის დაგროვება უნდა მოხდეს ზუსტად სიმსივნის ფარგლებში, ხოლო მოსაზღვრე ჯანმრთელი ქსოვილები უნდა იქნას დაცული, რაც გულისხმობს მათზე მოსული დოზის დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში მოქცევას. ამისათვის მნიშვნელოვანია რეფერენსული წერტილების მონიშვნა კანზე ტატუირებით, რის მიხედვითაც შემდგომ მარტივად მოხდება პაციენტის ყოველდღიურად გასწორება.
გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში საჭიროა ინტრავენური კონტრასტის გამოყენებაც.
სიმულაციიდან პირველ ფრაქციამდე გვაქვს რამდენიმე აუცილებელი ეტაპი, რის განხორციელებასაც რამდნეიმე დღე სჭირდება.
კონტურირება:
მას შემდეგ, რაც დასრულდება სიმულაციის პროცედურა და გვექნება პაციენტის CT გამოსახულება, პროცესი გადადის კონტურირების ეტაპზე.
ამ დროს ექიმი მონიშნავს სამიზნე მოცულობებსა და რისკ-ორგანოებს, რაც თითოეული ლოკალიზაციის სიმსივნისათვის სხვადასხვაა.
ექიმი სიმსივნის ლოკალიზაციის, ტიპის, ადრე ჩატარებული მკურნალობის და ჩარევის მიზნის გათვალისწინებით გამოწერს დანიშნულებას შემოსაზღვრული სამიზნე მოცულობისთვის, რომლითაც შემდგომში იხელმძღვანელებს ფიზიკოსი გეგმის გაკეთებისას. ეს დანიშნულება შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობის დოზა, გაზომილი გრეიში, სასრული რაოდენობის ფრაქციაში, მაგალითისთვის: 20 გრეი 5 ფრაქციაში, ფრაქციულად 4 გრეი, პალიატიური მიზნით სამკურნალო სამიზნე მოცულობისთვის.
სამკურნალო გეგმის შემუშავება:
მას შემდეგ, რაც დაიხატება სამიზნე მოცულობები, რისკ ორგანოები და განისაზღვრება სამკურნალო რეჟიმი, მუშაობას იწყებს ფიზიკოსი.
ფიზიკოსის მიზანი არის შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მოახერხებს პაციენტის სამიზნეს მიაწოდოს გამოწერილი დოზა ისე, რომ მაქსიმალურად დაიცვას რისკ-ორგანოები, ანუ მათზე მოსული დოზა ჩაჯდეს შესაბამისი შეზღუდვების ფარგლებში, რათა შევამციროთ გვერდითი მოვლენები და ავიცილოთ ტოქსიკურობა.
უფრო მარტივაად რომ ვთქვათ, ფიზიკოსს ევალება სამკურნალო აპარატი მომართოს ისე, რომ მივაღწიოთ ექიმის გამოწერილ დასახულ მიზანს. ამისათვის არსებობს სხვადასხვა სამკურნალო ტექნიკა და მეთოდი. ხშირ შემთხვევაში ხდება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით რამდენიმე გეგმის შედგენა და შედმგომ საუკეთესოს არჩევა. ეს პროცესი რთულ გამოთვლებს, დოზის ზუსტ განაწილებას და, შესაბამისად, გარკვეულ დროს მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც ფიზიკოსი დაასრულებს სამუშაოს, ექიმი ამოწმებს გეგმას. ის აზუსტებს დოზის დაფარვას სამიზნეზე, რამდენად ერთგვაროვანი და შესაბამისია სამიზნე მოცულობასთან. ასევე, რისკ-ორგანოებზე მოსული დოზა ხომ არ სცილდება შეზღუდვებს. თუ გეგმა ამ პირობებს აკმაყოფილებს, ის მზად არის ვერიფიკაციისთვის.
მკურნალობისწინა გეგმის ვერიფიკაცია:
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შევამოწმოთ რამდენად განხორციელებადია ფიზიკოსის მიერ შემუშავებული გეგმა, ანუ შევამოწმოთ ამაჩქარებელი რეალურად აკეთებს თუ არა იმას, რაც პროგრამულად გაწერილია.
ამისათვის პაციენტის გეგმის ანალოგი ეშვება სხვადასხვა დოზიმეტრულ სისტემაზე, რისი საშუალებითაც ვადარებთ დაგეგმილ და გაზომილ დოზის განაწილებას და აბსოლუტურ დოზას. თუ ეს მაჩვენებლები ემთხვევა ერთმანეთს, ანუ ჯდება ცვალებადობის კლინიკური ტოლერანტობის ფარგლებში, გეგმა მზად არის და შესაძლეებლია გამოვიყენოთ პაციენტის სამკურნალოდ.
პირველი ფრაქცია:
გეგმის ვერიფიკაციის შემდგომ ხდება პაციენტის დაბარება პირველ ფრაქციაზე და მკურნალობის დაწყება. მკურნალობის ჩატარება ხდება სპეციალურ ოთახში, სადაც მდებარეობს აპარატი – წრფივი ამაჩქარებელი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამკურნალო არეების რაოდენობასა და სხვა ტექნიკურ ფაქტორებზე, თუმცა საშუალოდ მთლიანი პროცედურა 15-30 წუთია.
პაციენტს ტექნიკოსები აწვენენ ტატუირებული რეფერენსული წერტილების შესაბამისად, რათა ზუსტად მოვახდინოთ სიმულაციის დროს მიღებული პოზიციის გამეორება. ეს მნიშნველოვანია იმისათვის, რომ სამიზნე მოცულობის სივრცული კოორდინატები ზუსტად დაემთხვეს სიმულირებულს, რომლის მიხედვითაც გაკეთდა გეგმა, შესაბამისად ამაჩქარებელმა იცის, რომ ისე უნდა გაუშვას სხივი, რომ სივრცის კონკრეტულ მოცულობაში უნდა აკუმულირდეს დოზა. ამას ახორციელებს სხივის გაშვების კუთხის ცვლილებით, სხივის ინტენსივობის ცვლილებით, სხივის ნაკადის განივკვეთის ფართობის ფორმის ცვლილებით. ეს ყველაფერი მუდმივ რეჟიმში ცვალებადობს სხვადასხვა კომბინაციით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებისას, თუმცა პაციენტისთვის აპარატი უბრალოდ მის გარშემო ბრუნავს.
რა ხდება მას შემდეგ, რაც ტექნიკოსი კარს გაიხურავს?
პირველ ეტაპად ხდება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოფრაფიის გადაღება, რაც პაციენტის სივრცულ მდებარეობას ადარებს დაგეგმილს. ცდომილების შემთხვევაში, ხდება მაგიდის ისე გამოძრავება, რომ პაციენტის სამიზნე მოცულობის კოორდინატები ზუსტად დაემთხვეს დაგეგმილს. ამის შემდგომ იწყება უშუალოდ დასხივების პროცესი. მნიშნველოვანია, რომ პროცედურის ჩატარება არ არის ასოცირებული ტკივილთან ან სხვა სახის დისკომფორტთან, გარდა უძრავად წოლისა.
დაგეგმილი დანიშნულების მიხედვით, შესაძლოა მკურნალობა ჩატარდეს ერთ ფრაქციად, ან გაიწეროს რამდენიმე დღეზე, შესაძლოა თვეზეც კი, სამკურნალო მიზნიდან და სიმსივნის ტიპიდან გამომდინარე. შემდგომ ფრაქციებზეც პროცესი ანალოგიურად მიმდინარეობს, სანამ არ ჩატარდება ყველა ის ფრაქცია, რაც გამოწერილი აქვს ექიმს. ხანგრძლივი კურსის განმავლობაში ექიმი მუდმივად აკონტროლებს მკურნალობის მიმდინარეობის სიზუსტეს და მართავს გვერდით მოვლენებს გამოვლინების შემთხვევაში.
მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა:
მას შემდეგ, რაც დასრულდება მკურნალობა. პაციენტი გადადის მეთვალყურეობის ეტაპზე. რადიაციული თერაპიის მკურნალობის შედეგების შესაფასებლად საჭიროა გავიდეს გარკვეული პერიოდი მკურნალობიდან. ჩვეულებრივ, პაციენტის დაბარება ვიზუალიზაციური კვლევების ჩასატარებლად ხდება მკურნალბის დასრულებიდან 2-3 თვის ინტერვალში, რაც საკმარისი დროა გარკვეული დესტრუქციული ცვლილებების განვითარებისათვის სიმსივნის ქსოვილში.
გარდა ამისა, პაციენტი მუდმივად იმყოფება კლინიკური ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ძირითადი რგოლია ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობაში.
ავტორი: მარიამ ზურაშვილი, რადიაციული ონკოლოგიის რეზიდენტი

