ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის თანახმად, დეპრესია არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. მსოფლიო ბანკისა და 154 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025-დან 2050 წლამდე პერიოდში დეპრესიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი 12 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ამ სტატისტიკას დეპრესიასთან დაკავშირებულ სუიციდის შემთხვევებსაც დავუმატებთ, ეკონომიკური ტვირთი 14 ტრილიონ დოლარამდე იზრდება.
აბსოლუტური მაჩვენებლებით ყველაზე დიდი ეკონომიკური ტვირთი ამერიკის შეერთებულ შტატებზე (4 ტრილიონ დოლარზე მეტი) მოდის, რომელსაც ჩინეთი (2 ტრილიონი დოლარი) და დიდი ბრიტანეთი (475 მილიარდი დოლარი) მოსდევს. რაც შეეხება ზარალის წილს ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით, პროცენტულად ყველაზე მძიმე მდგომარეობა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სუბსაჰარულ აფრიკაში ფიქსირდება, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით კი დეპრესიის გამო ყველაზე დიდ თანხას (დაახლოებით 12,000 დოლარს) შვეიცარია, ირლანდია და ნორვეგია კარგავენ.
ეკონომიკური ზარალის მთავარ მამოძრავებელ ძალას არა უშუალოდ სამედიცინო ხარჯები, არამედ სამუშაო ძალის შემცირება და შრომისუნარიანობის დაქვეითება წარმოადგენს (სამსახურის გაცდენა, კონცენტრაციის დაკარგვა, სამსახურის მიტოვება). სიმსივნისა და სხვა მძიმე ფიზიკური დაავადებებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად სიცოცხლის გვიან ეტაპზე ვლინდება, დეპრესია ძირითადად მოზარდობისა და ადრეული ზრდასრულობის ასაკში იწყება — სწორედ მაშინ, როცა ადამიანი განათლებას იღებს და კარიერას იწყებს. შესაბამისად, დაავადების უარყოფითი გავლენა ადამიანის პროდუქტიულობაზე ათწლეულების განმავლობაში გროვდება.
პრობლემის მასშტაბურობას პაციენტების უპრეცედენტო რაოდენობაც განაპირობებს. 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დეპრესიით 322 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. ვითარება კატასტროფულად დაამძიმა COVID-19-ის პანდემიამ, რომლის პირველსავე წელს დეპრესიისა და შფოთვის გლობალური გავრცელება 25-27%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა სტატისტიკა ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთა თითქმის მესამედს (31%) პანდემიის პერიოდში მკვეთრად გამოხატული დეპრესიული სიმპტომები აღენიშნებოდა.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დეპრესიის მკურნალობაზე გაწეული ხარჯი გრძელვადიანი სტრატეგიული ინვესტიციაა. მონაცემები აჩვენებს, რომ დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობაში ჩადებული ყოველი 1 დოლარი ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების ხარჯზე ეკონომიკას 4 დოლარს უბრუნებს. გლობალური ზარალის შესამცირებლად მეცნიერები მთავრობებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებასა და ხელმისაწვდომი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიების (მათ შორის, ონლაინ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის) მასობრივ დანერგვას ურჩევენ.
წყარო: Nature

