ამერიკის გასტროენტეროლოგიის კოლეჯის (ACG) 2026 წლის გაიდლაინი დივერტიკულიტის მართვაში რუტინულ და უნივერსალურ მიდგომებზე უარს ამბობს. მისი მთავარი გზავნილი პერსონალიზებულ მიდგომაშია, რაც გულისხმობს დიაგნოზის ზუსტ დადასტურებას; ანტიბიოტიკებისა და კოლონოსკოპიის შერჩევითად, მხოლოდ იმ პაციენტებისთვის დანიშვნას, ვისთვისაც ეს რეალურად სასარგებლოა; პრევენციის ორიენტაციას ჯანსაღი ცხოვრების წესზე – ნაცვლად მკაცრი შეზღუდვებისა თუ მედიკამენტებისა, რომელთა ეფექტიანობაც მტკიცებულებებით არ დასტურდება; და გეგმიური ქირურგიული ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ცხოვრების ხარისხზე დაყრდნობით და არა მხოლოდ შეტევების რაოდენობის მიხედვით.
დოკუმენტი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია მსხვილი ნაწლავის დივერტიკულიტის ეპიზოდის შემდგომი ამბულატორიული გასტროენტეროლოგიური მართვისთვის. მასში გაანალიზებულია 2025 წლის 30 იანვრამდე მოპოვებული მტკიცებულებები და წარმოდგენილია 14 ძირითადი რეკომენდაცია. გარდა ამისა, განხილულია ის პრაქტიკული კონცეფციებიც, რომლებიც ფორმალურად GRADE მეთოდოლოგიით არ შეფასებულა.
მთავარი განახლებები
| კლინიკური კითხვა | 2026 წლის ACG მიდგომა | პრაქტიკული მნიშვნელობა |
| ანტიბიოტიკები გართულების გარეშე მიმდინარე დაავადების დროს | არ გამოიყენოთ რუტინულად დაბალი რისკის მქონე მწვავე, გაურთულებელი დივერტიკულიტის დროს | სათანადოდ შერჩეული, იმუნოკომპეტენტური და კლინიკურად სტაბილური ამბულატორიული პაციენტების მართვა შესაძლებელია ანტიბიოტიკების გარეშე |
| კოლონოსკოპია გამოჯანმრთელების შემდეგ | რეკომენდებულია გართულებული დივერტიკულიტის შემდეგ; სელექციურად გამოიყენეთ გაურთულებელი ფორმისას | მხოლოდ გაურთულებელი დაავადება ავტომატურად არ საჭიროებს კოლონოსკოპიას, თუ პაციენტს განახლებული აქვს კოლორექტული კიბოს სკრინინგი და არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები |
| დიეტა დივერტიკულიტის შემდეგ | რეკომენდებულია უფრო მრავალფეროვანი, ჯანსაღი დიეტური მოდელი | ყურადღება უნდა გამახვილდეს ხილზე, ბოსტნეულზე, მარცვლეულზე, პარკოსნებზე და ნაკლებ წითელ ხორცზე, გადამუშავებულ მარცვლეულზე, ტრანსცხიმებსა და ტკბილეულზე |
| თხილი, თესლი, სიმინდი, პოპკორნი | არ გასცეთ რეკომენდაცია მათ რაციონიდან სრულად ამოღებაზე | მრავალწლიანი შეზღუდვა არ არის მხარდაჭერილი მტკიცებულებებით |
| პროფილაქტიკური მედიკამენტები | არ არის რეკომენდებული პრობიოტიკები, მესალამინი და რიფაქსიმინი | არ დანიშნოთ ეს პრეპარატები რუტინულად მხოლოდ რეციდივის თავიდან ასცილებლად |
| გეგმიური ქირურგიული ჩარევა | მიმართეთ ქირურგს, როდესაც განმეორებითი, გაურთულებელი დაავადება არსებითად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს | არ არის რეკომენდებული კოლექტომია მხოლოდ იმის გამო, რომ პაციენტს ეპიზოდების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდა |
ეს მიმართულებები დივერტიკულიტის ინდივიდუალიზებული მართვის ზოგად ტენდენციას ეთანხმება, თუმცა ახალი გაიდლაინი განსაკუთრებით მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ჩარჩოს გვთავაზობს ამბულატორიული მეთვალყურეობის, რეციდივის პრევენციის, მედიკამენტების გამოყენებისა და ქირურგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ანტიბიოტიკები
კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დაბალი რისკის მქონე, მწვავე გაურთულებელი დივერტიკულიტის დროს ანტიბიოტიკების რუტინული გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული. ეს არის პირობითი რეკომენდაცია, რომელსაც საშუალო სანდოობის მტკიცებულებები ამყარებს.
რანდომიზებულმა კვლევებმა, რომელშიც 1 809 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მარცხენამხრივი მსუბუქი გაურთულებელი დაავადების მქონე შერჩეულ პაციენტებში ანტიბიოტიკებს მცირე ან საერთოდ არანაირი სარგებელი მოაქვს ლეტალობის, გართულებულ დივერტიკულიტში გადაზრდის, ქირურგიული ჩარევის, ჰოსპიტალიზაციის განმეორების ან რეციდივის თვალსაზრისით.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ დივერტიკულიტის დროს ანტიბიოტიკები აღარ გამოიყენება. ანტიბიოტიკოთერაპიის რეკომენდაცია გაიცემა პაციენტებთან შემდეგი ჩვენებებით:
იმუნოდეფიციტი ან ფიზიკური სისუსტე
მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები
სისტემური ანთების ნიშნები ან საყურადღებო კლინიკური სურათი
ღებინება ან 5 დღეზე მეტხანს გახანგრძლივებული სიმპტომები
C-რეაქტიული ცილა 140 მგ/ლ-ზე მეტი
ვიზუალიზაციით გამოვლენილი სითხის დაგროვება ან მსხვილი ნაწლავის ანთებითი სეგმენტის დიდი სიგრძე
ამბულატორიული მეთვალყურეობის სათანადოდ უზრუნველყოფის შეუძლებლობა
სტაციონარული მკურნალობის საჭიროება
მწვავე გაურთულებელი დივერტიკულიტის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაახლოებით 5%-ს გართულება სამი თვის განმავლობაში, უმეტესად კი პირველ 10 დღეში უვითარდება. ამიტომ, რისკების ინდივიდუალური ანალიზი ფორმალური დიაგნოზის მიღმაც აუცილებელია.
როდესაც ამბულატორიული ანტიბიოტიკოთერაპია ნაჩვენებია, გაიდლაინი რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამოქსიცილინ-კლავულანატი ისეთივე ეფექტურია, როგორც მეტრონიდაზოლისა და ფტორქინოლონის კომბინაცია. ამასთან, ის თავიდან აგვარიდებს ფტორქინოლონებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გვერდით მოვლენას, მათ შორის კლოსტრიდიოიდეს დიფიცილეს ინფექციას. მკურნალობის სტანდარტული ხანგრძლივობა 4-7 დღეა.
კოლონოსკოპია
გაიდლაინი კოლორექტული კიბოს ან შორსწასული ნეოპლაზიის გამოსარიცხად კოლონოსკოპიის ჩატარებას რეკომენდაციას უწევს გართულებული დივერტიკულიტისგან გამოჯანმრთელების შემდეგ. ეს არის მკაფიო რეკომენდაცია, რომელიც საშუალო დონის სანდოობის მტკიცებულებებს ეფუძნება.
ამის მიზეზი ის არის, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო ზოგჯერ შეიძლება შეცდომით დივერტიკულიტად იქნეს მიჩნეული – განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც დაავადების გართულებული მიმდინარეობა აღენიშნებათ. გაერთიანებული ობსერვაციული (დაკვირვებითი) მონაცემების მიხედვით, გაურთულებელ შემთხვევებთან შედარებით, გართულებული დივერტიკულიტის დროს კოლორექტული კიბოს განვითარების ალბათობა დაახლოებით ექვსჯერ მეტია.
გაურთულებელი დივერტიკულიტის შემთხვევაში რეკომენდაცია უფრო სელექციურია. კოლონოსკოპიის ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს:
აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები, როგორიცაა წონის უმიზეზო კლება, რკინადეფიციტური ანემია, რექტალური სისხლდენა, ნაწლავთა მოქმედების ჩვეული რიტმის შეცვლა ან მუცლის მუდმივი ტკივილი; ან
არ გაუვლია კოლორექტული კიბოს რეკომენდებული სკრინინგი დადგენილ ვადებში.
ეს მიდგომა თავიდან აგვარიდებს არასაჭირო ენდოსკოპიას იმ ადამიანებში, ვისაც კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული გაურთულებელი ფორმა აქვს, არ აღენიშნება საეჭვო სიმპტომები და უკვე ჩატარებული აქვს სკრინინგი.
მწვავე ეპიზოდის შემდეგ კოლონოსკოპიის ჩატარებამდე, როგორც წესი, სულ მცირე 6-8 კვირა უნდა გავიდეს, რადგან აქტიურმა ანთებამ შესაძლოა გაართულოს გამოკვლევა და გაზარდოს პროცედურული რისკები.
პრევენცია
გაიდლაინს ყურადღება ვიწრო კვებითი აკრძალვებიდან ზოგად კარდიომეტაბოლურ ჯანმრთელობაზე გადააქვს.
დოკუმენტი დივერტიკულიტის ანამნეზის მქონე პირებს ურჩევს:
მიჰყვნენ კვების ისეთ რეჟიმს, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მთლიანი მარცვლეულითა და პარკოსნებით
შეზღუდონ წითელი ხორცი, დამუშავებული ან რაფინირებული მარცვლეული, ტრანსცხიმები და ტკბილეული
შეინარჩუნონ ფიზიკური აქტივობა
ჭარბი წონის ან სიმსუქნის შემთხვევაში დაიკლონ წონა
შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა
თავი აარიდონ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას
თავი შეიკავონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) რეგულარული გამოყენებისგან, თუ ამის გადაუდებელი კლინიკური ჩვენება არ არსებობს
ამ ზომების დამადასტურებელი მტკიცებულებების უმრავლესობა ეფუძნება დივერტიკულიტის პირველადი გამოვლენის და არა მისი რეციდივის ობსერვაციულ კვლევებს. გაიდლაინში პირდაპირაა აღნიშნული, რომ რამდენიმე რეკომენდაციის შემთხვევაში მტკიცებულებების სანდოობის ხარისხი დაბალი ან ძალიან დაბალია.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მიდგომებს ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოაქვს და ისინი რეციდივის პრევენციული კონსულტაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
კვებითი აკრძალვები
გაიდლაინი პირდაპირ მოუწოდებს პაციენტებს, რომ რეციდივის თავიდან ასაცილებლად უარი არ თქვან თხილეულზე, თესლზე, სიმინდსა თუ მსგავს პროდუქტებზე. ფართომასშტაბიანმა პროსპექტულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს პროდუქტები დივერტიკულიტის რისკს არ ზრდის.
უჯრედისის დანამატების მიღება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს, თუმცა გაიდლაინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის სრულფასოვან და ბუნებრივ დაბალანსებულ რაციონს ვერ ჩაანაცვლებს.
პროფილაქტიკური მედიკამენტები: რისი გამოყენება არ არის რეკომენდებული
გაიდლაინი არ გასცემს რეკომენდაციას რეციდივის პრევენციის იმ სამ მედიკამენტურ სტრატეგიაზე, რომლებსაც კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად მიმართავენ:
მესალამინი: მის გამოყენებას მკაცრად გამორიცხავს საშუალო სანდოობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია. მრავალმა რანდომიზებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატი ვერ ამცირებს რეციდივის რისკს, ხოლო გვერდითი ეფექტების გამო თერაპიის შეწყვეტის სიხშირე პლაცებოს ჯგუფთან შედარებით მაღალია.
პრობიოტიკები: მათი პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნა არ არის რეკომენდებული. არსებული კვლევები მათ რეალურ სარგებელს არ აჩვენებს და პლაცებოსთან შედარებით რაიმე უპირატესობასაც ვერ ავლენს.
რიფაქსიმინი: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მცირე, მეთოდოლოგიურად შეზღუდულმა ღია კვლევამ შესაძლო დადებით ეფექტზე მიანიშნა, არსებული მონაცემები სავსებით არასაკმარისია იმისათვის, რომ პრეპარატი პრევენციის მიზნით რუტინულად დაინიშნოს.
ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული განახლებაა. პაციენტებს, რომლებსაც სიმპტომების რეციდივი აღენიშნებათ, ხშირად სთავაზობენ ხანგრძლივ ან ციკლურ თერაპიას მომავალი ეპიზოდების თავიდან აცილების იმედით, თუმცა არსებული მტკიცებულებები ამ მიზნით აღნიშნული მედიკამენტების გამოყენებას არ ამართლებს.
ქირურგიული ჩარევა
ახალი გაიდლაინი კატეგორიულად უარყოფს მოძველებულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც გეგმიური კოლექტომია გაურთულებელი ეპიზოდების რაოდენობაზე დაყრდნობით ინიშნებოდა. ოპერაციის საჭიროებას მხოლოდ ორი ან სამი შეტევა და არც პაციენტის ახალგაზრდა ასაკი აღარ განსაზღვრავს.
ამის ნაცვლად, პაციენტის ქირურგთან გადამისამართება რეკომენდებულია გაურთულებელი დივერტიკულიტის მორეციდივე ფორმის დროს, როდესაც დაავადება არსებითად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მოსალოდნელი სარგებლის, შეზღუდვებისა და რისკების ინდივიდუალური, ერთობლივი განხილვის საფუძველზე.
გეგმიური რეზექცია მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა სრულად არ გამორიცხავს რეციდივის ალბათობას. გაიდლაინის თანახმად, გეგმიური კოლექტომიიდან 5 წლის განმავლობაში რეციდივის რისკი დაახლოებით 15%-ია, მაშინ როცა ოპერაციის გარეშე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ს აღწევს. მცირე რანდომიზებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოვრების ხარისხი ზოგიერთ პაციენტთან უმჯობესდება, თუმცა – არა ყველასთან. კერძოდ, DIRECT კვლევის მონაცემებით, ნაოპერაციები პაციენტების დაახლოებით 30%-ში მდგომარეობა არ შეცვლილა ან ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა.
ოპერაციასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები საკმაოდ სერიოზულია და მოიცავს ინფექციას, ანასტომოზის უკმარისობას, ნაწლავის დისფუნქციას, პოსტოპერაციულ თიაქარს, შეხორცებით გაუვალობას, სტრიქტურას და სხვა. გარდა ამისა, ჩარევის შემდეგ შესაძლებელია მუცლის ქრონიკული ტკივილიც შენარჩუნდეს.
აღნიშნული რეკომენდაცია უპირველესად მორეციდივე, გაურთულებელ დაავადებას ეხება. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სტრიქტურა, ფისტულა, ქრონიკული ან დუნედ მიმდინარე დივერტიკულიტი, აბსცესი ან პერფორაცია, სრულიად განსხვავებულ, მკაცრად ინდივიდუალურ ქირურგიულ მიდგომას საჭიროებენ.
დიაგნოსტიკური და შემდგომი მეთვალყურეობის ძირითადი ასპექტები
მართალია, ყველა დებულება არ წარმოადგენს GRADE მეთოდოლოგიით შეფასებულ ოფიციალურ რეკომენდაციას, თუმცა გაიდლაინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რამდენიმე მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხს.
პირველ რიგში, რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) გამოყენება, განსაკუთრებით დაავადების პირველადი გამოვლინებისას. მხოლოდ კლინიკური შეფასების საფუძველზე ხშირად ხდება დივერტიკულიტის არასწორი კლასიფიკაცია, მაშინ როცა კტ გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში, გართულებების გამოვლენასა და ქირურგიულ ჩარევამდე ანატომიური თავისებურებების დადგენაში.
გარდა ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დაავადების რეციდივი უფრო მძიმე ან საშიშ ფორმებს იღებს. გართულებული დივერტიკულიტის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი სწორედ პირველადი ეპიზოდის დროს ფიქსირდება, ხოლო თავად რეციდივი მომავალში გართულებული ფორმის რისკს არ ზრდის.
კლინიკურ პრაქტიკაში აუცილებელია მდგრადი სიმპტომების საფუძვლიანი შეფასებაც. პაციენტთა მესამედზე მეტი მწვავე ეპიზოდიდან 1-2 წლის შემდეგაც კი აღნიშნავს მუდმივ ტკივილს ან ნაწლავთა მოქმედების ცვლილებას. გართულებების, კიბოს, ნაწლავის ანთებითი დაავადების, სტრიქტურების, ფისტულების ან ნაწლავ-ტვინის ღერძის დარღვევის გამოსარიცხად შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი ვიზუალიზაცია და კოლონოსკოპია.
დაბოლოს, მკაცრად უნდა განვასხვავოთ რეციდივი დივერტიკულიტის დუნედ მიმდინარე ფორმისგან. დუნედ მიმდინარე დაავადების დროს ანთებითი პროცესი კვირებისა და თვეების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება და არა უსიმპტომო ინტერვალებით გამოყოფილ ცალკეულ ეპიზოდებად.
წყარო: AJG

