ხშირად მიიჩნევა, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე უშუალოდ არაჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის ნაკლებობის შედეგია. ეს ერთი შეხედვით ლოგიკური ახსნაა: უმოძრაობა და არასწორი კვება პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც პათოგენეზში გენეტიკური ფაქტორებია ჩართული? ამ დროს ქოლესტერინის დონე შესაძლოა შეუმჩნევლად იზრდებოდეს, მიუხედავად თქვენი აქტიური ცხოვრების წესისა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გენეტიკის როლის გაგება და საჭირო ზომების დროულად მიღება.
აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 250 ადამიანიდან 1-ისთვის მაღალი ქოლესტერინი მემკვიდრეობითია და არა ცხოვრების წესის შედეგი. ამ გენეტიკურ მდგომარეობას ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (FH) ეწოდება, რომელიც „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს დაბადებიდანვე სახიფათოდ მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, FH-ს შეუძლია გულის დაავადების რისკი გაზარდოს სიმპტომების გამოვლენამდე, თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესის შემთხვევაში.
ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიის განხილვამდე, პირველ რიგში, თავად ქოლესტერინის ფუნქცია უნდა გავიგოთ. ეს არის ცვილისებრი, ცხიმის მსგავსი ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის. ის უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტია და ხელს უწყობს ჰორმონების (მაგ. ესტროგენისა და ტესტოსტერონის) წარმოქმნას. ვინაიდან ორგანიზმს ქოლესტერინი მუდმივად სჭირდება, ის თავადვე გამოიმუშავებს და სისხლის მეშვეობით მთელ სხეულში ანაწილებს.
ქოლესტერინი სისხლში მარტო არ გადაადგილდება. ის გადამტანებს, ლიპოპროტეინებს, იყენებს, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე „სატრანსპორტო საშუალებებს“ ჰგვანან:
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს (LDL), რომელიც ცნობილია როგორც „ცუდი ქოლესტერინი“, ეს ნივთიერება უჯრედებამდე გადააქვს, მაგრამ მისი სიჭარბის შემთხვევაში არტერიების კედლებზე გროვდება.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL), ანუ „კარგი ქოლესტერინი“, კი ჭარბ ქოლესტერინს აბრუნებს ღვიძლში, სადაც ის ნეიტრალდება.
როდესაც LDL ნაწილაკები არტერიის კედლებზე გროვდება, ორგანიზმი მას უცხო სხეულად აღიქვამს და ანთებით რეაქციას იწყებს. ასეთი ანთება აზიანებს არტერიის კედელს, რაც საბოლოოდ შეიძლება სისხლის კოლტების წარმოქმნამდე მივიდეს და გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს. ეს ფარული პროცესი, როგორც წესი, რაიმე ნიშნების ან სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, სანამ უკვე გვიანი არ იქნება, რის გამოც ქოლესტერინს „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ.
რით განსხვავდება ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია სხვა შემთხვევებისგან?
ადამიანების უმეტესობისთვის ქოლესტერინის დონეზე დიეტა და ცხოვრების წესი მოქმედებს, თუმცა ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია გენეტიკური მუტაციებით არის გამოწვეული. ეს მუტაციები (როგორც წესი აზიანებს LDL რეცეპტორებს ან მათთან დაკავშირებულ ცილებს) ხელს უშლის ორგანიზმს, სისხლიდან ეფექტიანად გამოდევნოს LDL, რის გამოც მისი დონე საშუალო მაჩვენებელზე ორ-სამჯერ მაღალია, თანაც დაბადებიდანვე.
რადგან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია მემკვიდრეობითია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ყოველთვის არ უზრუნველყოფს LDL-ის საჭირო დონემდე შემცირებას. ამიტომ ამ შემთხვევაში დროული ინტერვენცია შეუცვლელია. ადრეული დიაგნოზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან მისი უგულებელყოფა მნიშვნელოვნად ზრდის გულის დაავადებების რისკს ახალგაზრდა ასაკში, მათ შორის ბავშვებშიც.
როგორ უნდა მიხვდეთ, არის თუ არა მაღალი ქოლესტერინი მემკვიდრეობითი?
ვინაიდან ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიას ხშირად არ აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, ადამიანების უმეტესობა მის შესახებ რუტინული სისხლის ანალიზის შემდეგ იგებს. ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა: ქოლესტერინის დაგროვება მყესებში, კანზე ბალთები ან თეთრი რგოლი თვალის ფერადი გარსის ირგვლივ, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევებია.
ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს ექიმები გვირჩევენ, რომ მშობლებმა შვილებს ქოლესტერინის სკრინინგი ჩაუტარონ, ზოგჯერ 2-8 წლის ასაკშიც კი. ეს ასევე რეკომენდებულია ყველასთვის, ვის ოჯახშიც ადრეულ ასაკში გულის შეტევის ან ინსულტის შემთხვევები ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ტესტებით შესაძლებელია კონკრეტული მუტაციების (LDLR, APOB, and PCSK9 გენები) იდენტიფიცირება, დიაგნოზისთვის ხშირად საკმარისია დეტალური ოჯახური ანამნეზის შეკრება.
როგორ უნდა მოვიქცეთ ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიისას?
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გენების შეცვლა შეუძლებელია, შეგიძლიათ შეცვალოთ ის, თუ როგორ მართავთ ამ მდგომარეობას:
ცხოვრების წესი: მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესის შეცვლა მარტო არ არის საკმარისი, ის მაინც მნიშვნელოვანი დამხმარე ფაქტორია. რეკომენდებულია დაბალანსებული კვება, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, თევზითა და თხილით. ასევე, მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში, მოწევის შეწყვეტა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება.
მედიკამენტები: სტატინები კვლავ მთავარ სამკურნალო საშუალებად რჩება FH-ის მქონე პაციენტებისთვის, რათა შემცირდეს LDL ქოლესტერინის დონე. მაღალი რისკის ან სტატინების მიმართ აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის კი ხელმისაწვდომია ახალი თაობის მედიკამენტები, როგორიცაა PCSK9 ინჰიბიტორები, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურად მოქმედებენ.
რეგულარული მონიტორინგი: გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ქოლესტერინის ხშირი შემოწმება და გულის ჯანმრთელობის რეგულარული შეფასება, რათა მკურნალობის კურსი მუდმივად იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე.
დღეს ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიასთან ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ათწლეულების წინ. ადრეული დიაგნოსტიკის, ეფექტური მკურნალობისა და ცხოვრების წესის შეცვლის წყალობით, ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ გულის დაავადების რისკი და დიდხანს, ჯანსაღად იცხოვრონ.
წყაროები: Medline Plus, Frontiers, CDC, Asian heart Institute, National Geographic

