მეიოს კლინიკის კვლევა: ბარიატრიული ქირურგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მედიკამენტებზე ეფექტურად ამცირებს

გააზიარე

მეიოს კლინიკის ახალი კვლევის თანახმად, ჭარბი წონის სამკურნალოდ გამოყენებული ბარიატრიული ქირურგიაც და GLP-1 ჯგუფის მედიკამენტებიც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას აუმჯობესებს. თუმცა, ქირურგიული ჩარევა გრძელვადიან რისკებს ბევრად უფრო ეფექტურად ამცირებს.

გამოცემა Annals of Surgery-ში გამოქვეყნებული ნაშრომი სიმსუქნის მკურნალობის ორ წამყვან მეთოდს ერთმანეთს პირდაპირ ადარებს. კვლევაში ჭარბი წონის მქონე 812 ზრდასრული პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 579-ს მეტაბოლური და ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო 233 – GLP-1 პრეპარატებს იღებდა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტების სიცოცხლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 8.6%-ით შემცირდა. მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.7% იყო.

მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა წონის კლების კუთხითაც. ოპერაციის შემდგომ პაციენტებმა სხეულის მასის საშუალოდ 28% დაკარგეს, ხოლო მედიკამენტების მიმღებთა ჯგუფში კლებამ დაახლოებით 11% შეადგინა.

მეიოს კლინიკის მკვლევრის, უისამ გუსნის განცხადებით, ორივე მეთოდი ეფექტურია, თუმცა ქირურგია გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს შედეგს იძლევა, რადგან ის წონის უფრო მასშტაბურ და სტაბილურ კლებას განაპირობებს.

სიმსუქნე გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ექიმების თქმით, სიმსუქნის მკურნალობა უნდა განიხილებოდეს როგორც გულ-სისხლძარღვთა რისკების შემცირების სტრატეგია და არა მხოლოდ წონის კლების პროცესი.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეს მიდგომები ერთმანეთის კონკურენტად არ უნდა აღვიქვათ. ორივე მეთოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საუკეთესო ვარიანტის შერჩევა პაციენტის ინდივიდუალურ სამედიცინო საჭიროებებზეა დამოკიდებული.

ავტორების თქმით, კვლევის შედეგები დაეხმარება ექიმებს, რათა ქირურგია ზოგიერთი პაციენტისთვის პირველად არჩევნად განიხილონ და არა როგორც უკიდურეს ზომად. თუმცა, საბოლოო კლინიკური სურათის შესაფასებლად დამატებითი, უფრო ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო.

წყარო: Annals of Surgery

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები