ყველაფერი დაიწყო ერთი ძალიან გონიერი და მიზანდასახული ადამიანის მრავალწლიანი ინდივიდუალური მოგზაურობით სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ძალიან საინტერესო სამყაროში, ეს ჩემი მეგობარი ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუაა, სწორედ სოფოს ენთუზიაზმმა და თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა ის რომ დღეს უკვე ქართველი თერაპევტების დიდი გუნდი, თანამედროვე რაიხიანული ფსიქოთერაპიის 4 წლიანი ინტენსიური სწავლების კვალდაკვალ ჩავედით ირლანდიის ულამაზეს ქალაქ კორკში სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე 19 საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად, რომელიც ტარდებოდა 3 დან 6 სექტემბრამდე, კონგრესის ძირითადი თემა იყო სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია ზღვარზე, მოძრაობა პოლარობებს შორის.
სანამ უშუალოდ კონგრესის მიმდინარეობას და ძალიან საინტერესო ვორკშოპების მიმოვიხილავ, მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა იმაზე თუ რას ნიშნავს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და როგორ ეხმარება ის ადამიანებს სხვადასხვა სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში.
სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის მიმართულება, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის გონება და სხეული ერთიანია და ნებისმიერი ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი თუ ემოცია ასახვას ჰპოვებს ჩვენს ფიზიკურ სხეულში.
განსხვავებით ტრადიციული „სასაუბრო“ თერაპიისგან, ეს მიდგომა ფსიქიკური პრობლემების გადასაჭრელად იყენებს როგორც ვერბალურ კომუნიკაციას, ისე სხეულებრივ შეგრძნებებზე დაკვირვებას, სუნთქვას, მოძრაობასა და ფიზიკურ ვარჯიშებს.
როგორ მუშაობს ეს მიდგომა:
ვილჰელმ რაიხმა აღწერა „კუნთოვანი ჯავშნის“ (muscular armor) ცნება ქრონიკული კუნთოვანი დაძაბულობისა და სხეულებრივი შეკავების ორგანიზებული სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ხასიათობრივ თავდაცვებთან. მაგალითად, ემოციის მუდმივი შეკავება შეიძლება აისახოს სუნთქვის შეზღუდვაში, ყბის ან კისრის დაძაბულობაში, გულმკერდის შეკავებაში ან სხეულის სხვა უბნებში ქრონიკულ დაძაბულობაში. ხშირ შემთხვევაში ადამიანი რომელიც მოდის თერაპიაზე ასახელებს მხოლოდ წუხილს, დისკომფორტს, უჭირს შემაწუხებელი ემოციის სახელდება, ასევე შემაწუხებელი სხეულებრივი შეგრძნებების სახელდება, შეიძლება მცული იყოს შემაწუხებელი აზრებით და უჭირდეს სხეულებრივ შეგრძნებებზე კონცენტრირება.
სხეულებრივი თერაპიის პროცესში ყურადღება გამახვილებულია
სხეულებრივ გაცნობიერებაზე: პაციენტი სწავლობს იმის შემჩნევას, თუ სად და როგორ ვლინდება სტრესი სხეულში (მაგ. მოჭერა ყელში, სიმძიმე მკერდზე).
სუნთქვის რეგულაციაზე: ღრმა და სწორი სუნთქვა ეხმარება ნერვულ სისტემას დამშვიდებასა და ემოციების გამოთავისუფლებაში.
მოძრაობასა და ექსპრესიაზე: სპეციალური მოძრაობებით ხდება დაგროვილი ენერგიისა და დაძაბულობის მოხსნა.
რაც შეეხება სხეულებრივი თერაპიის ძირითად მიმართულებებს და დამფუძნებლებს ესენი არიან: ვილჰელმ რაიხი (Wilhelm Reich), სწორედ ის ითვლება ამ მიმართულების მამამთავრად. მან პირველმა შემოიტანა „კუნთოვანი ჯავშნის“ ცნება და დააკავშირა ფსიქოლოგიური თავდაცვა ფიზიკურ დაძაბულობასთან, ალექსანდრ ლოუენი (Alexander Lowen), შექმნა ბიოენერგეტიკული ანალიზი, რომელიც აქცენტს აკეთებს სხეულის ენერგეტიკულ ნაკადებზე და „დამიწებაზე“ (Grounding), პიტერ ლევინი (Peter Levine) შეიმუშავა მიდგომა Somatic Experiencing (სომატური განცდა), რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სამკურნალოდ.
რა შემთხვევაში გვეხმარება სხეულებრივი თერაპია, მე პირადად რგორც კოგნიტურ ქცევით თერაპევტს ამ მოდალობის თერაპია მეხმარება იმ შემთხვევევბში როდესაც ჩემი კლიენტი ვერ ახერხებს საკუთარ აზრებთან წვდომას, მისი შფოთვა იმდენად მაღალია რომ აზრების დაფოკუსირება უჭირს, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ემოციების მართვის პრობლემა აქვს, ან სხეულს ვერ გრძნობს, ან ქცევით იმპულსს ვერ მართავს. სხეულზე ორიენტირებული თერაპია ეხმარება ადამიანებს ქრონიკურლი სტრესის და გადაწვის დროს (Burnout), ფსიქოტრავმის, პოსტტრავმული სტრესის დროს(PTSD), შფოთვის, პანიკური შეტევების, დეპრესიის, ფსიქოსომატური დარღვევებისას (როცა ფიზიკურ ტკივილს სამედიცინო მიზეზი არ გააჩნია), საკუთარი სხეულის მიუღებლობის და კვებითი დარღვევების დროს და კიდევ სხვა ბევრი პრობლემისას, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად ხასიათობრივ სირთულეებთან, ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან, ემოციურ დისრეგულაციასთან, დამოკიდებულებების პრობლმებთან, სექსუალურ დისფუნქციებთან და ა.შ.
ახლა რაც შეეხება თავად კონგრესს, EABP (European Association for Body Psychotherapy) არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია. იგი წარმოადგენს წამყვან ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს და იცავს ამ სფეროს სპეციალისტებისა და სასწავლო ინსტიტუტების ინტერესებს მთელ ევროპაში. ასოციაცია აერთიანებს 700-ზე მეტ აკრედიტებულ ფსიქოთერაპევტს და 50-მდე სასწავლო ორგანიზაციასა თუ ეროვნულ ასოციაციას ევროპის მასშტაბით. რაც ყველაზე სასიხარულოა საქართველოს თანამედროვე რაიხიანული ფსიქოთერაპიის ინსტიტუტიც არის ამ დიდი ოჯახის წევრი, ასევე უკვე გვყავს ევროპული აკრედიტაციის მქონე წევრებიც სოფო ტაბაღუა ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ირინა თოდაძე ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და მე ნათია კუჭუხიძე ექიმი ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი.
EABP-ის ოფიციალური პლატფორმა ადგენს და მკაცრად აკონტროლებს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტების მომზადების ხარისხს, ეთიკის კოდექსსა და პროფესიულ კრიტერიუმებს. ორგანიზაცია ახდენს ფსიქოთერაპევტებისა და სპეციალიზებული სასწავლო ცენტრების (EABP FORUM-ის საშუალებით) აკრედიტაციას.
ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო კვლევებს. ამერიკული სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ასოციაციასთან (USABP) თანამშრომლობით, ისინი გამოსცემენ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს — International Body Psychotherapy Journal.
EABP არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) სრულუფლებიანი წევრი, რაც უზრუნველყოფს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი და მეცნიერულად დასაბუთებული მიმართულების აღიარებას ევროპულ დონეზე.
EABP-ის ევროპული კონგრესი სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში არის ასოციაციის მთავარი ღონისძიება, რომელიც იმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ის აერთიანებს სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტებს, მკვლევარებს, პედაგოგებსა და მონათესავე სფეროს პროფესიონალებს. ძირითადი მოხსენებების, პანელური დისკუსიების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო-კვლევითი სიმპოზიუმის საშუალებით, კონგრესი ხელს უწყობს სწავლას, თანამშრომლობასა და სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის განვითარებას.
წლევანდელი კონგრესის მასპინძელი იყო ირლანდიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ირლანდიელები ამ დიდი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრები არიან, მათი ქვეყანა ევროპის დიდი ოჯახის უკიდურეს დასავლეთ ზღვარზეა, რაც ძალიან სიმბოლური იყო დღევანდელ მსოფლიში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამიტომაც კონგრესის მისასალმებელ სიტყვებშიც ხშირად ისმოდა ეს მეტაფორა, გაგიზიარებთ ამონარიდს EABP-ის პრეზიდენტის კატრინ შტაუფერის (Kathrin Stauffer) მისასალმებელი სიტყვიდან:
„ზღვარი“ ან “კიდე” შეიძლება აღმოაჩინო იქ, სადაც ტრადიციული და განვითარებადი მიდგომები ხვდება ერთმანეთს; ან იმ ადგილებში, სადაც სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია ადაპტირდება, რათა მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებიც ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად თუ სოციალურად ზღვარზე იმყოფებიან; ან მას შეუძლია წარმოაჩინოს ის წვლილი, რომელიც სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას შეუძლია შეიტანოს იმაში, თუ როგორ ურთიერთქმედებს ფართო სფერო და მთლიანად საზოგადოება ამგვარ „კიდეებთან“.
ხშირად ჩვენ მიდრეკილნი ვართ პოლარიზაციისკენ — ან სრულად ვაიდეალებთ, ან უარვყოფთ იმას, რაც ჩვენი ჩვეული სამყაროს მიღმა, ზღვარს მიღმა იმყოფება. თუმცა, ამის კეთებისას ჩვენ გვავიწყდება ერთ-ერთი უდიდესი ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს, როგორც ფსიქოთერაპევტებს: ვიჯდეთ პოლარობებთან ერთად მხარის დაკავების გარეშე, რითაც საკუთარ თავს ვაძლევთ საშუალებას შევისწავლოთ ისინი ინტერესითა და თანაგრძნობით.
ინგლისურ ენაში სიტყვა „edgy“ (ზღვარზე მყოფი/აფორიაქებული) განვითარდა და „ნერვოზული“ ან „გაღიზიანებადი“ მნიშვნელობიდან გადავიდა ისეთი რამის აღწერაზე, რაც არის არატრადიციული, პროვოკაციული და ამაღელვებელი. ეს არის ზუსტი აღწერა იმისა, თუ როგორ აღიქმება ხანდახან სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. თუმცა, ჯგუფის კიდეზე (ზღვარზე) მყოფნი ხშირად ფლობენ ცვლილებების ყველაზე დიდ პოტენციალს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ EABP-ს შეუძლია შეასრულოს ეს როლი ფსიქოთერაპიის უფრო ფართო სფეროში და ეს კონგრესი დაეხმარება მისი ღირებულების დემონსტრირებას.
ფილოსოფიური მოსაზრებების გარდა, EABP კონგრესი ყოველთვის არის შესანიშნავი შესაძლებლობა ხალხის შესახვედრად, კავშირების დასამყარებლად, ახალი მეგობრების შესაძენად და ძველებთან ხელახლა დასაკავშირებლად. “
კონგრესის პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო, უამრავი პანელური დისკუსია, თუ ვორკშოპი ტარდებოდა პარალელურ რეჟიმში, თითოეულ მონაწილეს ქონდა საშუალება თავად აერჩია ის თემა რაც მას აინტერესებდა, მხოლოდ რამოდენიმე მომხსენებელს და ტრენერს გამოვყოფ ვის მასტერკლასსაც დავესწარი და წარუშლელი შტაბეჭდილება დამიტოვა, ესაა პირველ რიგში მეთიუ აპელტონი (Matthew Appleton), რომელიც იკვლევს ჩასახვის დინამიკას-ჩასახვის უჯრედულ მეხსიერებას ზრდასრულის სხეულში, მისი მიგნებები ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ ინახება ჩასახვის უჯრედული მეხსიერება არაცნობიერი (იმპლიციტური) მოგონებების სახით მთელი ცხოვრების განმავლობაში და როგორ ახდენს იგი გავლენას იმაზე, თუ რას ვგრძნობთ საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. გასაოცარი იყო ის ტრანსფორმაცია რაც ხდება სავარჯიშოს მიმდინარეობისას ადამიანის სხეულში.
ასევე ოლაფ ტრაპის (Olaf Trapp)
ვორკშოპი „Instroke“ (შიდა იმპულსის) პრინციპები რელაციურ სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში, ამ გამოცდილებით ვორქშოფზე ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ შეუძლია „Instroke“ (შიდა იმპულსზე) მუშაობასა და რელაციურ თერაპიას ერთმანეთის შევსება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს მოძებნონ პრაქტიკული გზები შინაგანი ენერგეტიკული პროცესების აწყობილ, რელაციურ და სომატურ პრაქტიკასთან ინტეგრირებისთვის. სომატურ დონეზე, „Instroke“ (შიდა იმპულსზე) მუშაობა ზრდის ენერგეტიკულ სიმკვრივეს, აძლიერებს კლიენტის ენერგეტიკულ ბირთვს, რასაც თავისთავად შეუძლია ღრმა განკურნების პროცესის დაწყება.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სტივ ჰოსკინსონის (Steve Hoskinson) გამოსვლა, რომელიც არის ორგანიზებული ინტელექტის (Organic Intelligence) დამფუძნებელი, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მასწავლებელი, მენტორი და ავტორი პოსტტრავმული ზრდის (PTG) სფეროში.
ბაბეტ როტშილდი (Babette Rothschild) ძალიან ცნობილი პრაქტიკოსი 1976 წლიდან, ხოლო მასწავლებელი და ტრენერი 1992 წლიდან, ბაბეტი არის შვიდი წიგნის ავტორი, რომლებიც ნათარგმნია 19-ზე მეტ ენაზე. მათ შორისაა მისი კლასიკური ბესტსელერი: „სხეულს ახსოვს: ტრავმისა და ტრავმის მკურნალობის ფსიქოფიზიოლოგია“ (The Body Remembers: The Psychophysiology of Trauma and Trauma Treatment, 2000).
მარია პაზ კარდინ გარსია (María Paz Cardín García)
ამჟამად მადრიდის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, მარია პაზი არის ბიოსინთეზის დირექტორი ესპანეთში და ბიოსინთეზის საერთაშორისო უფროსი ტრენერი. იგი არის კლინიკური ფსიქოლოგი (PhD), სომატური ფსიქოთერაპევტი და ბიოენერგეტიკული ანალიზის თერაპევტი.
კიდევ ბევრი საინტერესო მომხსენებელი და ვორკშოპი იყო კონგრესზე, ყველას სამწუხაროდ ვერც დავესწარი და ამ ბლოგშიც ვერ მიმოვიხილავ, მაგრამ ყველაზე სასიხარულო და იმედისმომცემია ის გარემოება რომ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი დაეხმარონ ფსიქიკური სირთულეების მქონე ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში და მის მიღმა, ევროპული ცოდნა და გამოცდილება ღიაა, ხელმისაწვდომია, მთავარია ეს ხელმისაწვდომობა არ ჩაგვეკეტოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს, რაც კიდევ უფრო მძიმედ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფსიქიკურ სიჯანსაღეზე.
ფსიქიკურ კეთილდღეობას გისურვებთ,
სიყვარულით,
ნათია კუჭუხიძე ექიმი ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი ევროპული აკრედიტაციის მქონე CBT, EMDR, სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი და მაინდფულნეს პრაქტიკოსი.

