ინსულტი, რომელიც მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა, ხშირად იწვევს ტვინის შეუქცევად დაზიანებას. სწორედ ამ მძიმე შედეგების პრევენციის მიზნით, ოსაკას მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი პრეპარატი GAI-17. ამ მედიკამენტის მთავარი დანიშნულება მწვავე იშემიური ინსულტის (AIS) დროს ნეირონების გადარჩენაა.
GAI-17 ტვინის უჯრედებში აჩერებს GAPDH ცილების (გლიცერალდეჰიდ-3-ფოსფატ დეჰიდროგენაზა) ერთმანეთთან მავნე შეკავშირებას (აგრეგაციას), რაც ინსულტის დროს ნეირონების სიკვდილის მთავარი მიზეზია. ჩვეულებრივ, GAPDH უჯრედებს ენერგიის გადამუშავებაში ეხმარება. თუმცა, ინსულტით გამოწვეული ჟანგვითი სტრესის დროს, GAPDH ცილები იცვლიან სტრუქტურას, უკავშირდებიან ერთმანეთს და აფერხებენ მიტოქონდრიების მუშაობას, რაც საბოლოოდ ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევს.
მკვლევართა გუნდმა, გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვებისა და თანამედროვე მოლეკულური მეთოდების გამოყენებით, აჩვენა, რომ GAI-17-ით GAPDH ცილების შეკავშირების ინჰიბირება ამცირებს ტვინის დაზიანებას და აუმჯობესებს ნევროლოგიურ მდგომარეობას. ეს ეფექტი მიიღწევა მაშინაც კი, თუ პრეპარატი გამოიყენება ინსულტის სიმპტომების გაჩენიდან ექვს საათში. ეს, არსებულ მეთოდებთან შედარებით, მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად ზრდის.
ინსულტის მკურნალობისას დრო გადამწყვეტია. დღეს გამოყენებული მეთოდების უმეტესობას მკაცრი დროითი შეზღუდვები აქვს, თრომბის დამშლელი მედიკამენტები, ინსულტის სიმპტომების გაჩენიდან, 4.5 საათში უნდა გაკეთდეს. თრომბის მექანიკური მოცილება კი, 6 საათში. სამწუხაროდ, ამ მიზეზით, ბევრი პაციენტი დროულად ვერ იღებს საჭირო მკურნალობას.
GAI-17, ამ გამოწვევის ფონზე, ახალ შესაძლებლობას ქმნის. მისი უნარი, დაიცვას ტვინის უჯრედები ინსულტის სიმპტომების დაწყებიდან 6 საათის შემდეგაც კი, ნიშნავს, რომ პაციენტების უფრო დიდ ჯგუფს ექნება ეფექტური დახმარების შანსი, ეს შესაძლებელი გახდება მაშინაც კი, თუ ისინი დროულად ვერ მოხვდებიან საავადმყოფოში. ეს უდიდესი იმედია მათთვის, ვისთვისაც ყოველი წუთი გადამწყვეტია.
მნიშვნელოვანია, რომ GAI-17 კონკრეტულად GAPDH-ის დაზიანებულ უბანს უკავშირდება (ცისტეინ-152) და არ ცვლის ცილის ძირითად, ენერგეტიკულ ფუნქციას. სწორედ ამიტომ, პრეპარატი არ იწვევს გვერდით ეფექტებს, რაც ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებითაც დადასტურდა. ფლუორესცენტული მარკირებით (სინათლის გამოსხივებაზე დაფუძნებული მეთოდი) გამოვლინდა, რომ GAI-17 მიზანმიმართულად მხოლოდ ნეირონებში ხვდება, რაც მის ზუსტ მოქმედებაზე მიუთითებს.
კვლევის დასადასტურებლად, მეცნიერებმა გენეტიკური მუტაციის გზით შეცვალეს თაგვების GAPDH ცილა ისე, რომ მათი აგრეგატებად შეკავშირება აღარ მომხდარიყო. ამ მოდიფიცირებულ თაგვებშიც ინსულტის შემდგომი ტვინის დაზიანება, ზუსტად ისევე შემცირდა, როგორც მედიკამენტით მკურნალობისას.
ეს ორმაგი გენეტიკური და ფარმაკოლოგიური მტკიცებულება მიუთითებს GAPDH-ის აგრეგაციაზე, როგორც იშემიური ინსულტის დროს ნეირონების სიკვდილის მთავარ მიზეზზე, რაც თავის მხრივ ადასტურებს რომ მედიკამენტის სამიზნე სწორადაა შერჩეული.
ამ ეტაპზე, კვლევის შედეგები მხოლოდ თაგვებზე და ინსულტის მწვავე ფაზაზე ვრცელდება. მეცნიერები ახლა გრძელვადიან ეფექტებს სწავლობენ და იკვლევენ, რამდენად შედეგიანი იქნება ეს მკურნალობა სხვა ნევროლოგიური პრობლემების დროს. იმისთვის, რომ მომავალში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, მუშავდება GAI-17-ის გაუმჯობესებული და სტაბილური ვერსიებიც.
წყარო: iScience

