თბილისის კლინიკებში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 11 ბავშვი შეიყვანეს. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ ეტაპზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ ვითარებაზე „მედსკრიპტუმს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ესაუბრა.
„დღეის მონაცემებით, სულ 20 პაციენტი გვყავდა, საიდანაც რვა უკვე გაეწერა, სამი კი დღეს დილით შემოვიდა. კლინიკური ნიშნები იდენტურია — აბსოლუტურად ყველას გასტროენტერიტის მოვლენები აღენიშნება: პირღებინება, დიარეა (ზოგთან ვლინდება, ზოგთან — არა). ვინც კლინიკაში რჩება, ყველა პაციენტი გავშინჯეთ და ამ ეტაპზე თითოეულის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დანარჩენებთან კი მონიტორინგი და რეჰიდრატაცია გრძელდება“, — ამბობს „მედსკრიპტუმთან“ საუბარში ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

