ახალი კვლევის თანახმად, ბავშვებსა და მოზარდებში სოციალური მედიის გამოყენების გაზრდა შესაძლოა კოგნიტური მაჩვენებლების გაუარესებასთან იყოს დაკავშირებული. JAMA-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 9-დან 13 წლამდე ასაკის 6,554 მოზარდს მოიცავდა, აჩვენა, რომ კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც სოციალურ მედიას უფრო მეტ დროს უთმობდნენ, დაბალი ქულებით შეფასდნენ ზეპირი კითხვის, მეხსიერებისა და ლექსიკის ტესტებში.
საშუალოდ, მოზარდი ბავშვები და მოზარდები ყოველდღიურად დაახლოებით 5 საათნახევარს ატარებენ ეკრანებთან არასაგანმანათლებლო მიზნებისთვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სოციალურ მედიაზე მოდის.
მედია-კონტენტის პასიური მოხმარებისგან (მაგ. ტელევიზორის ან ვიდეოების ყურება) განსხვავებით, სოციალური მედიის გამოყენება აქტიურ კოგნიტურ ჩართულობას მოითხოვს. ისეთი ქმედებები, როგორიცაა განუწყვეტელი “სქროლვა”, შეტყობინებების მუდმივი შემოწმება და ონლაინ ინტერაქცია, ნეირონულ ქსელებს ააქტიურებს, რომლებიც პასუხისმგებელია ინფორმაციის დამუშავებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს მუდმივი კოგნიტური დატვირთვა გაცილებით მაღალ ფსიქოფიზიოლოგიურ მოთხოვნებს უყენებს ტვინს, ვიდრე უბრალოდ ეკრანზე მზერა.
ამ კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ მოქმედებს სოციალურ მედიაზე დახარჯული დრო მოზარდების კოგნიტურ შესაძლებლობებზე – რამდენად კარგად შეუძლიათ მათ აზროვნება, სწავლა და ინფორმაციის დამუშავება.
მკვლევრებმა გამოიყენეს მონაცემები Adolescent Brain Cognitive Development (ABCD) study-დან, რომელიც აკვირდება 11,880 ბავშვის ტვინის განვითარებას, კოგნიტურ შესაძლებლობებსა და ქცევით ცვლილებებს.
6,554 მოზარდის ანალიზისას, მკვლევრებმა სოციალური მედიის გამოყენების სამი განსხვავებული მიმართულება გამოავლინეს:
- მოზარდების უმრავლესობა (57.6%): სოციალური მედიის გამოყენება მათ მცირე ან ძალიან დაბალი იყო.
- მოზარდების დაახლოებით მესამედი (36.6%): დაბალი, მაგრამ დროთა განმავლობაში მზარდი გამოყენება.
- მოზარდების მცირე ჯგუფი (5.8%): მაღალი და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მზარდი გამოყენება.
კოგნიტური მაჩვენებლების შესაფასებლად გამოიყენეს სტანდარტიზებული ტესტების ნაკრები, რომელიც აფასებდა კითხვას, მეხსიერებას, შაბლონების შედარების სიჩქარეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც სოციალური მედიის მაღალი და მზარდი გამოყენების ჯგუფში იყვნენ, ყველაზე დაბალი ქულებით შეფასდნენ მრავალ კოგნიტურ ტესტში, განსაკუთრებით ენისა და მეხსიერების ნაწილში. მაჩვენებლები მცირდებოდა სოციალური მედიის გამოყენების ზრდასთან ერთად, ხოლო ძალიან დაბალი გამოყენების ჯგუფის ბავშვებმა საერთო ჯამში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
ეს მიგნებები ხაზს უსვამს სოციალური მედიის პლატფორმებზე ასაკობრივი შეზღუდვების გამკაცრების საჭიროებას.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ კორელაცია დაადგინა, მან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დაადასტურა. ეფექტური ინტერვენციების შემუშავებისთვის, მომავალი კვლევები ფოკუსირებული უნდა იყოს იმ მექანიზმების შესწავლაზე, რომლებიც კოგნიტურ დაქვეითებას იწვევს და ასევე იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ უწყობს ხელს ამ ეფექტებს სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმა.
წყარო: JAMA

