იშვიათი სინდრომის მქონე მოზარდი, რომელსაც წარსულის ყველა დეტალი ახსოვს, მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა

გააზიარე

ადამიანის ტვინი კვლავაც ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერები ე.წ. უაღრესად განვითარებული ავტობიოგრაფიული მეხსიერების (HSAM) შესწავლას ცდილობენ. ამ იშვიათი სინდრომის მქონე ადამიანებს საკუთარი ცხოვრების დეტალების უზუსტესად და უსწრაფესად გახსენება ყოველგვარი დამახსოვრების ტექნიკის გამოყენების გარეშე შეუძლიათ.

როგორ აღმოაჩინეს იშვიათი ფენომენი

HSAM იმდენად იშვიათია, რომ კვლევისთვის შესაბამისი ადამიანის პოვნა დიდი სირთულეა. ვითარება 2025 წლის იანვარში შეიცვალა, როდესაც 16 წლის მოზარდმა აღმოაჩინა, რომ ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული პირადი მოვლენების ზედმიწევნით გახსენება შეეძლო. მან სფეროს წამყვან მკვლევარს თავად მიმართა და მისი შესაძლებლობების შეფასება ითხოვა.

მკვლევრებმა მოზარდთან (რომელსაც კვლევაში ინიციალებით, KCL, მოიხსენიებენ) და მის მშობლებთან დისტანციური კომუნიკაცია დაამყარეს, რათა ექსპერიმენტისთვის ოფიციალური თანხმობა მიეღოთ. სამეცნიერო ჟურნალ “Cortex”-ში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პირველადი ტესტირებისას მოზარდმა მოსახლეობის საუკეთესო 0.1%-ში დაიკავა ადგილი, რითაც HSAM-ის კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა.

რით განსხვავდება ზედმიწევნითი მეხსიერება?

მეხსიერების ჩემპიონატების მონაწილეებისგან განსხვავებით, HSAM-ის სინდრომის მქონე ადამიანები დამახსოვრების სპეციალურ ხერხებსა და ტექნიკებს არ იყენებენ. მათ გონებაში წარსული მოვლენები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თითქოს თავისთავად ცოცხლდება, რასაც ხშირად სრულიად ჩვეულებრივი დეტალი — კონკრეტული სიტყვა, თარიღი, სუნი ან ემოცია იწვევს.

აქამდე მეცნიერები ძირითადად მიზანმიმართულ მეხსიერებას იკვლევდნენ, ანუ რამდენად ზუსტად შეეძლოთ ამ ადამიანებს დეტალების გახსენება მაშინ, როცა კონკრეტულ თარიღზე პირდაპირ უსვამდნენ კითხვას. მკვლევრებს აინტერესებდათ, იჩენდა თუ არა თავს ეს ფენომენი სპონტანურადაც. ვინაიდან ძველი ნაშრომები ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლეოდა, ავტორებმა ახალ ექსპერიმენტში უნებლიე, თვითნებური მოგონებების ბუნების შესწავლა გადაწყვიტეს.

კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგები

ვინაიდან მოზარდი პოლონელი მკვლევრებისგან შორს ცხოვრობდა, ტესტირება დისტანციურად წარიმართა. მისი შესაძლებლობების შესადარებლად მეცნიერებმა საკონტროლო ჯგუფიც შექმნეს, რომელშიც ჩვეულებრივი მეხსიერების მქონე რვა ზრდასრული და ერთი თანატოლი, 16 წლის პოლონელი ჩართეს.

მონაწილეებს 15 საჯარო მოვლენის ზუსტ თარიღსა და კვირის დღესთან დაკავშირება დაევალათ. მათ ასევე მიეცათ 10 შემთხვევითი თარიღი საკუთარი ცხოვრებიდან და სთხოვეს, თითოეულისთვის კვირის დღე, იმდროინდელი ახალი ამბავი და პირადი მოგონება დაესახელებინათ. ამასთან, კომპიუტერული პროგრამა მონაწილეებს 23-ჯერ, მოულოდნელად სთხოვდა, მიეთითებინათ, რაზე ფიქრობდნენ იმ მომენტში და იყო თუ არა ეს ფიქრი სპონტანური.

შედეგებმა აჩვენა, რომ საჯარო თარიღების ტესტში KCL-მა 51%-ს სწორად უპასუხა (მაკონტროლებელი ჯგუფის საშუალო მაჩვენებელი 20.38% იყო). შემთხვევითი თარიღების ტესტში კი მან 83%-იანი სიზუსტე აჩვენა, მაშინ, როცა დანარჩენების შედეგი 28.75%-ს არ აღემატებოდა. მართალია, KCL-ის გონება ზუსტად ისევე ხშირად იფანტებოდა, როგორც სხვების, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობდა, თუ საით მიემართებოდა მისი ფიქრები.

კომპიუტერული დავალების დროს, მისი სპონტანური ფიქრების 87% (15-იდან 13 შემთხვევა) პირად მოგონებებს უკავშირდებოდა, მაკონტროლებელ ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 39% იყო. ტესტებმა გამოავლინა, რომ მოზარდს სენსორული და შინაგანი შეგრძნებების მიმართ ექსტრემალური მგრძნობელობა ჰქონდა. მკვლევართა განმარტებით, ეს გაზრდილი მგრძნობელობა ერთგვარი გამაძლიერებლის როლს ასრულებს, რის გამოც ყოველდღიური სტიმულები პირად მოგონებებს ბევრად უფრო მარტივად იწვევს, ვიდრე ეს უმეტესობის შემთხვევაში ხდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სანამ ეს მიგნებები მეხსიერების სამეცნიერო მოდელებს შეცვლის, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა დადგინდეს, ნარჩუნდება თუ არა მსგავსი ტენდენცია HSAM-ის მქონე სხვა ადამიანებშიც.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები