ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. ექიმები კლინიკის გადაუდებელი დახმარების სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბოლქვაძის სავარაუდო გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან. ბოლქვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს.
თანამშრომელთა განცხადებით, ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვებასა და სხვაგან გადასვლას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სთხოვს. მედიკოსების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე თვის წინ, ივლისში მომხდარი შემთხვევაა: როდესაც კლინიკა გადატვირთული იყო და რეანიმაციული პაციენტის მიღება ვერ შეძლო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის კითხვაზე — სად გადაეყვანათ პაციენტი — ბოლქვაძემ უპასუხა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრთან წაეყვანათ. კოლეგების განმარტებით, ეს არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფის მცდელობა და ადგილების დეფიციტის გამო, მძიმე მორიგეობისა და ფორსმაჟორის ფონზე წარმოთქმულ ფრაზას წარმოადგენდა.
კლინიკის ექიმები თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნას სრულიად უსამართლოსა და იურიდიულ საფუძველს მოკლებულს უწოდებენ. „ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და იურიდიული საფუძველი არ უდევს. ყველა ჩვენგანი და კლინიკის თანამშრომელთა უმრავლესობა ვთვლით, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ კლინიკისთვის და არაერთი ადამიანი გადაარჩინა, ასე არ უნდა გათავისუფლდეს“, — განუცხადა ექიმმა გიორგი ლომიძემ გამოცემა „ბათუმელებს“.
თავად ჯუმბერ ბოლქვაძის განცხადებით, მინისტრმა სატელეფონო ჩანაწერის მოსმენის შემდეგ პირადად მოითხოვა მისი წასვლა, რასაც წინ არაერთი სატელეფონო ზარი უძღოდა. „ეს არის ჩვეულებრივი სიტყვის მასალა ფორსმაჟორულ სიტუაციაში. უდანაშაულოდ, იურიდიული საფუძვლის გარეშე მომთხოვონ თანამდებობის დატოვება — ამის უფლება, მგონი, არ აქვთ… დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა და მოითხოვა, რომ დამეტოვებინა კლინიკა. კონკრეტული ფრაზის გამო ვისჯები, რომელიც დანაშაული არ არის. არ მიმიტოვებია პაციენტი. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ფრაზა შეიძლება მთელი ჩემი კარიერისა და საექიმო საქმიანობის დასასრული გახდეს“, — აღნიშნავს ბოლქვაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

