დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASD) 62-ე ყოველწლიურ კონგრესზე, საქართველოს სახელით, რიგით მერვედ წარდგა ქართველი ენდოკრინოლოგი ნატალია ასათიანი. ათწლეულებია, მისი პროფესიული საქმიანობა დიაბეტისა და ორსულობის რთულ, საპასუხისმგებლო მიმართულებას უკავშირდება.
ქალბატონმა ნატალიამ ექსკლუზიურად შეაჯამა კონგრესის მთავარი მიგნებები, ისაუბრა ორსულებში მიკროალბუმინურიისა და გლიკემიური კონტროლის საკუთარ კვლევაზე და იმ პროფესიულ თუ ემოციურ გამოცდილებაზე, რაც საერთაშორისო ტრიბუნაზე დგომას ახლავს თან.

რას ეხებოდა თვქენი მოხსენება და რა ძირითადი შედეგები აჩვენა კვლევამ?
ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო თემა წარმოვადგინე. ამ საკითხზე, დიაბეტსა და ორსულობაზე, უკვე 30 წელია ვმუშაობ. ჩემი მოხსენების ძირითადი შინაარსი შემდეგია: კვლევაში მონაწილეობდა 307 ორსული ქალი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ხანგრძლივი ანამნეზით – დაავადების ხანგრძლივობა საშუალოდ 12-20 წელს შეადგენდა, ანუ საკმაოდ მძიმე და რთული კლინიკური კონტიგენტი იყო. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ქალაბტონისთვის პირველი ორსულობა იყო.
პაციენტები სამ ჯგუფად დავყავით:
– პირველი ჯგუფი: პაციენტები, რომლებსაც მიკროალბუმინურია პირველ ტრიმესტრშივე აღმოაჩნდათ, ანუ ორსულობამდე უკვე ჰქონდათ დიაბეტური ნეფროპათია.
– მეორე ჯგუფი: ქალბატონები, რომლებსაც მიკროალბუმინურია მეორე ტრიმესტრში გამოუვლინდათ.
– მესამე ჯგუფი: პაციენტები ნორმოალბუმინურიით – ანუ მთელი ორსულობის განმავლობაში მიკროალბუმინურიის არცერთი ნიშანი დაფიქსირებულა.
ასეთ პაციენტებთან მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან მთელი ორსულობის მანძილზე აბსოლუტური ნორმოგლიკემიის შენარჩუნებაა საჭირო, რათა ნაყოფმა, მარტივად რომ ვთქვათ, „ვერ იგრძნოს“, რომ დედას შაქრიანი დიაბეტი აქვს. სწორედ ამიტომ, მკაცრი კონტროლი გვჭირდებოდა: პაციენტები შაქარს დღეში 7-8-ჯერ ამოწმებდნენ ჩვეულებრივი გლუკომეტრით, ხანდახან ღამითაც – დილის 5 ან 6 საათზე იზომავდნენ გლუკოზის დონეს. ზოგიერთს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგიც ჰქონდა, რაც ანალიზს ბევრად გვიმარტივებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ სამივე ჯგუფში პრაქტიკულად ერთნაირი გლიკემიური კონტროლი დაგვედგინა.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს, იმ შემთხვევებში, როდესაც მიკროალბუმინურია პირველივე ტრიმესტრში ვლინდებოდა, მკვეთრად იზრდებოდა პრეეკლამფსიის პროცენტული მაჩვენებელი, ნაადრევი მშობიარობის რისკი და დაბალი წონის ახალშობილთა წილი (ე.წ. Small for Gestational Age ანუ SGA ახალშობილები).
მაკროსომია (დიდი წონის ნაყოფი) ყველა ჯგუფში გვხვდებოდა, თუმცა ყველაზე დაბალი პროცენტი სწორედ პირველ ჯგუფში დაფიქსირდა, სადაც მიკროალბუმინურია დასაწყისიდანვე იყო სახეზე. ამის მიზეზი ისაა, რომ მიკროალბუმინურია აფერხებს პლაცენტის ნორმალურ განვითარებას, რის გამოც ნაყოფის წონა შესაძლოა უფრო დაბალი იყოს, ვიდრე დანარჩენ ჯგუფებში. გარდა ამისა, ნაყოფის სიკვდილიანობა 5-ჯერ უფრო მაღალი იყო იმ ქალებში, რომლებსაც მიკროალბუმინურია პირველ ტრიმესტრშივე აღენიშნებოდათ.
ზოგადად როგორ შეაფასებთ კონგრესის გამოცდილებას და რა მთავარი ტენდენციები ან სიახლეები გამოიკვეთა?
ეს კონგრესი ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა დიაბეტის დარგში. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ორსულ ქალებში ზოგადად ძალიან ცოტა კვლევა ტარდება. თუკი 1-ლი და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ჩვეულებრივ პაციენტებზე უამრავი კვლევა არსებობს, ორსულობის მიმართულებით მონაცემები ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ დამკვიდრებულ გაიდლაინებში რადიკალური ცვლილებები არ ყოფილა, კონგრესზე რამდენიმე ძალიან საინტერესო სიახლე და მიმართულება გამოიკვეთა.
პირველ რიგში, აქცენტი გაკეთდა ინკრეტინებზე. როგორც ვიცით, მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობაში ახალი თაობის პრეპარატები გამოიყენება (მაგალითად, „ოზემპიკი“, ასევე ორმაგი ინკრეტინი „მუნჯარო“). ახლა უკვე გამოჩნდა ახალი მედიკამენტიც, რომელიც ერთდროულად სამ ინკრეტინზე მოქმედებს – მართალია, ის კლინიკურ პრაქტიკაში ჯერ ფართოდ არ არის დანერგილი და კვლევები გრძელდება, მაგრამ ორსულობის დაგეგმვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მონაცემები წარმოადგინეს. კვლევების მიხედვით, იმ პაციენტებს, რომლებსაც მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდათ და ორსულობას გეგმავდნენ, ეს პრეპარატები ეძლეოდათ, თუმცა ორსულობამდე 2-3 თვით ადრე მკურნალობა წყდებოდა. მიღებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადეკვატურად მოხსნის შემთხვევაში, ნაყოფსა და დედაზე უარყოფითი ზემოქმედება არ ფიქსირდება.
დასკვნა ასეთია: თუ ქალი ორსულობისთვის ემზადება, მუნჯაროსა და ოზემპიკის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე პრეპარატი აუცილებლად უნდა მოიხსნას. ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებითაც იყო მცდელობა მცირე მასშტაბის კვლევისა, თუმცა პაციენტების დაბალი ჩართულობისა და გაურკვეველი შედეგების გამო ის დროებით შეჩერდა.
კიდევ ერთი ძირითადი და ძალიან საინტერესო მიმართულება ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება იყო დიაბეტის მართვაში. ცხადია, ეს სფერო სრულად ავტომატიზებული ჯერ არ არის, რადგან თითოეული ადამიანის ორგანიზმი და ცხოვრების რითმი ინდივიდუალურია – არცერთი დღე არ ჰგავს მეორეს და წინასწარ ზუსტად ვერ განსაზღვრავ პაციენტის ქცევას. მიუხედავად ამისა, შედეგები ძალიან პერსპექტიულია. წარმოიდგინეთ: გლუკოზის უწყვეტი 24-საათიანი მონიტორინგის სისტემები (რომლებიც საქართველოშიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი) მონაცემებს უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს აწვდის. AI ამუშავებს ამ ინფორმაციას და ნებისმიერ პერიოდში ინსულინის ზუსტ დოზას გთავაზობთ. მართალია, გარკვეული ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ ეს ჩვენი დარგის მომავალია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გესტაციურ დიაბეტსაც (რომელიც პირველად ორსულობის დროს ვლინდება და, როგორც წესი, უფრო მარტივად იმართება, რადგან პაციენტებს შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი გართულებები არ აქვთ). წარმოდგენილი იყო მიდგომა, სადაც დიეტაში კალორიებისა და ნახშირწყლების რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული. მართალია, ამ დროს გლიკემიის კონტროლი იდეალური იყო, მაგრამ პარალელურად ნაყოფის წონა კრიტიკულად მცირდებოდა, რაც ძალიან შემაშფოთებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ მეთოდზე უარი თქვეს და დაამტკიცეს, რომ ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტით დაავადებულ ქალებს ზუსტად იგივე დიეტური რეკომენდაციები უნდა ჰქონდეთ, რაც ჯანმრთელ ორსულებს – კალორიების ასეთი მკვეთრი შეზღუდვა დაუშვებელია.
რას ნიშნავდა თქვენი ეს გამოსვლა საქართველოსთვის და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ექიმების ჩართულობა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონგრესებში?
EASD-ის კონგრესებზე ეს უკვე ჩემი მერვე ზეპირი პრეზენტაციაა. სიმართლე გითხრათ, რაღაც განსაკუთრებულ დიდ მოვლენად არ აღვიქვამ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვამაყობ – ეს თემა ძალიან მიყვარს და მასზე უკვე ათწლეულებია ვმუშაობ.
რაც შეეხება ქართველი კოლეგების მონაწილეობას, მსგავსი ღონისძიებები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ქართველების მხრიდან EASD-ის ტრიბუნიდან ზეპირი მოხსენებებით გამოსვლა საკმაოდ იშვიათია. წლების წინ მსგავსი წარმატება ჰქონდა ქალბატონ მარინა გორდელაძეს (კიდევ ერთი კოლეგა გვყავდა ბათუმიდან შარშანწინ), და მგონი სულ ესაა. ჩემთვის ეს პირველ რიგში პროფესიული პრესტიჟია. მიყვარს ჩემი დარგი და მუდმივად ვაანალიზებ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: რადგან ორსულ ქალებში ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები პრაქტიკულად არ ტარდება, ამ ჩემს ნამუშევარს აქვს არა იმდენად ფუნდამენტური სამეცნიერო, რამდენადაც მნიშვნელოვანი “კლინიკური ფასი” – მით უმეტეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ძვირადღირებული გენეტიკური კვლევების ჩატარების საშუალება და პრაქტიკული რეალობიდან ვმოქმედებთ.
გარდა ამისა, ემოციურ ფაქტორსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ ორსულობის შემთხვევაში, როდესაც დიაბეტი მკაცრად არ არის კონტროლირებული, პროცესი ძალიან ხშირად მთავრდება პერინატალური სიკვდილიანობით, ნაყოფის მძიმე მანკებითა და მალფორმაციებით. შესაბამისად, როდესაც შენი ძალისხმევით და სწორი მართვით ჯანმრთელი ბავშვი იბადება, ეს წარმოუდგენლად ძლიერი და სასიამოვნო ემოციაა.
საქართველოს კონტექსტზე რომ ვიფიქროთ, გავიხსენებ ჩემს წარსულსაც: დიდი ხნის წინ, 1986 წელს, 6-თვიანი ტრენინგი გავლილი მაქვს ისრაელის საუკეთესო კლინიკებში. მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ კომპანია „ნოვო ნორდისკის“ მხარდაჭერითა და დახმარებით ვახერხებდით პაციენტებისთვის საუკეთესო ინსულინებისა და გლუკომეტრის უფასოდ მიწოდებას, რადგან მაშინ ეს ყველაფერი უდიდესი დეფიციტი იყო ქვეყანაში. დღეს ვითარება სხვანაირია – ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუმცა აღარც არანაირი დაფინანსება არსებობს, ამიტომ ექიმები და პაციენტები ამას ინდივიდუალურად და საკუთარი ძალებით ვართმევთ თავს.

