14 მაისს სამედიცინო გუნდმა, რომელიც ჯამში ორი ქართველი ექიმისგან შემდგებოდა ევერესტის საბაზისო ბანაკს მიაღწია და იქ ქართული დროშა აღმართა. ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი თავად გახლდით და საშუალება მომეცა აქ ევერესტის ქვეშ, ჰიმალაის ქედებში, ღრუბლებს მაღლა სადაც ჰაერი ზღვის დონიდან რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე იშვიათდება და მედიცინა სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს, პირადად გავცნობოდი ექსტრემალური მედიცინის სრულიად განსხვავებულ ასპექტებს და გამოცდილება გამეცვალა ადგილობრივ “ევერესტის გზის” ექიმებთან.
ნეპალის კუმბუს რეგიონში, გორკშერპის პატარა კლინიკაში, ექიმები ყოველდღიურად ებრძვიან არა მხოლოდ დაავადებებს, არამედ თავად გარემოსაც, სიცივეს, ჟანგბადის უკმარისობას, იზოლაციასა და რესურსების დეფიციტს. აქ, ევერესტისკენ მიმავალ გზაზე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო თავის ტკივილიც კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დასაწყისი აღმოჩნდეს. მედსკრიპტუმს საშუალება მიეცა მსოფლიოს ყველაზე მაღალი, გორკშერპის (5100 მეტრი ზღვის დონიდან) კლინიკა დაეთვალერებინა და ადგილობრივ ექიმებს გასაუბრებოდა.
პირველი, რაც ამ სიმაღლეზე კლინიკაში შემოსვლისას თვალში გეცემათ, სპეციფიკური სამედიცინო აღჭურვილობა: ჟანგბადის ბალონების რიგები და პატარა, კომპაქტური ბაროკამერებია (გამაჟის ჩანთები Gamow bags). ეს ნივთები აქ ფუფუნება არ არის, ისინი კრიტიკულ ზღვარზე მყოფი პაციენტებისთვის სიცოცხლის ერთადერთ გარანტს წარმოადგენენ.
რა არის ყველაზე ხშირი ჩივილი, რომლითაც პაციენტები კლინიკას მომართავენ?
“ეს სიმაღლის დაავადების სიმპტომებია, რომელსაც ყველა თავისებურად უჩივის იქნება ეს თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე თუ სუნთქვის გართულება. მაგრამ ამათგან ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მაინც ცერებრალური და პულმონალური შეშუპებაა, რომლის მკურნალობაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ძალისხმევას საჭიროებს.
რეალურად ძირითად შემთხვევაში მკურნალობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: დექსამეტაზონის მიღება, აცეტაზოლამიდის (იგივე დიამოქსის) მიღება შემდგომი პრევენციისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ბაროკამერაში მოთავსება. მაგრამ მომართვიანობის ძირითად შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობა და მოგზაურობისათვის დამატებით ერთი დღის შემატება უკეთესი აკლიმატიზაციისათვის საუკეთესო შედეგებს იძლევა ხოლმე.”
“ ასევე მოგზაურებში ხშირია ტრავმა, მაგალითად გაჭიმული იოგები, მოტეხილობები ან სხვადასხვა ტიპის დაჟეჟილობები. როგორც სიმაღლის დაავადებას, ისე ტრავმულ შემთხვევებს ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ან ლოკალურად ვმკურნალობთ, ან პაციენტებს ვერტმფრენით ევაკუაციისთვის ვამზადებთ, ზღვის დონიდან შედარებით დაბლა, უფრო მრავალი რესურსის მქონე კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად”.
უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ თუ რაზე საუბარი უნდა გვახსოვდეს, რომ მწვავე მთის დაავადება (AMS) ატმოსფერული წნევის ვარდნითაა გამოწვეული, რის გამოც ჟანგბადის მოლეკულები ერთმანეთისგან უფრო დაშორებულია. ამ დროს ორგანიზმი მწვავე ჰიპოქსიას განიცდის.
ექიმის მიერ ნახსენები ორი კრიტიკული მდგომარეობა HAPE და HACE-ა
HAPE (ფილტვების მაღალმთიანი შეშუპება): ჰიპოქსიის საპასუხოდ, ფილტვის არტერიები მკვეთრად ვიწროვდება, იზრდება წნევა და სითხე სისხლძარღვებიდან ალვეოლებში გადადის. ეს იწვევს მოხრჩობის შეგრძნებასა და ციანოზს (კანის გალურჯებას).
HACE (ტვინის მაღალმთიანი შეშუპება): ჟანგბადის ნაკლებობის გამო ფართოვდება ტვინის სისხლძარღვები, იზრდება ქალასშიდა წნევა და ვითარდება შეშუპება. მისი მთავარი ნიშანია ატაქსია (კოორდინაციის დაკარგვა, მთვრალივით სიარული).
პრეპარატი დექსამეტაზონი, რომელიც უცხო ალბათ არავისთვისაა, ამ მდგომარეობების სამკურნალო ერთ ერთი უმთავრესი პრეპარატია, ვინაიდან ის ძლიერ სტეროიდს წარმოადგენს, რომელიც თრგუნავს ანთებით პროცესებს და სწრაფად ამცირებს ტვინის შეშუპებას. აცეტაზოლამიდი (დიამოქსი) კი თირკმელების მეშვეობით სისხლს “ამჟავებს”, რაც ტვინს აიძულებს სიგნალი მისცეს ფილტვებს უფრო ხშირი და ღრმა სუნთქვისთვის (ჰიპერვენტილაცია), რითაც სისხლის PH დონე რეგულირდება და ღამით ჟანგბადის დონე სტაბილურდება. კლინიკაში არსებული პატარა ბაროკამერები (ე.წ. გამაჟის ჩანთები — Gamow Bags) ჰერმეტული ტომრებია, სადაც ფეხის ტუმბოთი იზრდება წნევა, რაც პაციენტის ორგანიზმისთვის 300-500 მეტრით დაბლა ჩასვლის ეფექტს ქმნის მექანიკურად.
მრავალი მოგზაურისგან გვსმენია, რომ ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რამაა, რასაც ისინი ევერესტისკენ მიმავალ გზაზე ებრძვიან. ამ მხრივ როგორია მომართვიანობა?
“რეალურად საჭმლით მოწამვლის შემთხვევები და ამის გამო მომართვიანობა ალბათ ყველაზე მცირეა, რასთანაც გამკლავება გვიწევს. აუცილებელია, არ აგვერიოს სიმაღლის დაავადება საკვებით მოწამვლასთან, რადგან ხშირად მათ ერთი და იგივე სიმპტომები გააჩნიათ. ხშირად აქაური საკვები უცხოელთათვის რთული მოსანელებელია, რაც შებერილ მუცელში გამოიხატება ხოლმე და ამ ყველაფერს საკვებით ინტოქსიკაციას ეძახიან, რაც არასწორია. და მაინც, თუ საკვებით მოწამვლაზე მიდგა საქმე, ამის მიზეზი ძირითადად სოკო ხდება ხოლმე, რომელსაც გზად გამოვლილ სოფლებში იღებენ”
მაღალმთიან მედიცინაში კარგადაა ცნობილი ფენომენი, რომ ჰიპოქსია გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ჟანგბადის დეფიციტის დროს ორგანიზმი სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზებას ახდენს სისხლი უპირატესად მიეწოდება ტვინსა და გულს, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემა “შიმშილობს”. ნელდება პერისტალტიკა (ნაწლავების მოძრაობა), რაც გაზების დაგროვებას, სპაზმებს, გულისრევასა და შებერილობას იწვევს. ამას ემატება ჰიმალაის რეგიონისთვის დამახასიათებელი მაღალნახშირწყლოვანი დიეტა (მაგალითად, ტრადიციული “დალ ბატი”). მოგზაურები ამ სიმპტომებს ხშირად შეცდომით მიაწერენ ბაქტერიულ ინტოქსიკაციას, მაშინ როცა ეს უბრალოდ ორგანიზმის სიმაღლესთან ადაპტაციის კლინიკური გამოვლინებაა.
რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტის ვერტმფრენით ევაკუაციაა საჭირო?
“ამის მთავარი ინდიკატორები მაინც მწვავე პულმონალური ან ცერებრალური შეშუპებაა, ან ჟანგბადის საგანგაშოდ დაბალი დონე. ეს ყველაფერი ძირითადად ერთმანეთთან მჭიდრო ბმაშია და პაციენტის საერთო სურათთან პირდაპირ კოლერაციაში. მაშინაც კი, როდესაც ლოკალური ოქსიგენაცია (ჟანგბადის მიწოდება) და მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა, მათ სასწრაფოდ დაბლა გადაყვანას ვითხოვთ, ზღვის დონიდან 500 ან მეტ მეტრით დაბლა, სადაც მათი მდგომარეობის შექცევა ბევრად უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. თუკი სიმპტომები შედარებით მსუბუქია, როგორც უკვე ვახსენე, აკლიმატიზაციისთვის ადგილზე დატოვებაც საკმარისია. ძირითადად სიმპტომებს ასეთ დროს 12 საათი სჭირდებათ, რათა ალაგდნენ, მაგრამ ჩვენ 1-2 დღე სოფელში გაჩერების რეკომენდაციას გავცემთ, სანამ რაიმე სახის მოგზაურობას გააგრძელებენ.”
საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, HAPE-სა და HACE-ს მკურნალობის ოქროს სტანდარტი დაუყოვნებლივი ევაკუაციაა. თუ ბარში ბევრი დაავადების მართვა წოლითი რეჟიმითაა შესაძლებელი, ჰიპოქსიურ გარემოში ფიზიკური სიმაღლის დაგდება ერთადერთი პათოგენეზური მკურნალობაა (მიზეზის აღმოფხვრა). ზღვის დონიდან თუნდაც 500-1000 მეტრით დაბლა ჩასვლა ზრდის ატმოსფერულ წნევას, რაც მომენტალურად ზრდის არტერიულ სატურაციას და ხსნის კრიტიკულ დატვირთვას ფილტვებსა და ტვინზე.
ძალინ უცნაური იყო ჩამთვისაც და ჩემი კოლეგისთვსაც როდესაც ჩვენი ექსპედიციის მე-5 დღეს ზღვის დონიდან 4400 მეტრზე ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას შედეგად 83-84 მივიღეთ თუმც თავს შესანიშნავად ვგრძნობდით.ეს დაკვირვება ადგილობრივ ექიმებსაც გავუზიარეთ და აზრი ვკითხეთ
ჟანგბადის დონის მნიშვნელობა
“სატურაცია 83-ით მოგზაურისთვის ასეთ სიმაღლეზე შესანიშნავი მონაცემია! ჩვენი დაკვირვებით, ნორმა აქ 70-ს უტოლდება, მასზე დაბალ მონაცემებს უკვე შედარებით მეტი ყურადღებით ვაკვირდებით. უახლოეს წარსულში გვყავდა პაციენტი, რომლის სატურაციაც 35-ს უტოლდებოდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მაინც გონზე და კონტაქტური იყო. რა თქმა უნდა, ასეთ პაციენტებთან აქტიურ ჩარევას ვახორციელებთ და დასტაბილურების შემდგომ სასწრაფო ევაკუაციის რეკომენდაციას გავცემთ.”
ნორმალურ პირობებში (ზღვის დონეზე) პულსოქსიმეტრზე 90%-ზე დაბალი მაჩვენებელი რესპირატორული უკმარისობის ნიშანია, ხოლო 35% ფატალური ციფრია. თუმცა, მაღალ მთაში ე.წ. ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდი მუშაობს. ორგანიზმი ადაპტაციის პროცესში ზრდის 2,3-დიფოსფოგლიცერატის (2,3-DPG) პროდუქციას, რაც ხელს უწყობს ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის უფრო ადვილად “გაცემას” ქსოვილებში. ამიტომ, დაბალი გაჯერების (სატურაციის) პირობებშიც კი, ქსოვილები ახერხებენ მინიმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას. ფენომენს, როდესაც პაციენტს აქვს საგანგაშოდ დაბალი სატურაცია, მაგრამ სუბიექტურად ქოშინს ან გონების კარგვას ვერ გრძნობს, კლინიკურ მედიცინაში “ბედნიერ ჰიპოქსიას” (Happy Hypoxia) უწოდებენ.
რა არის სიმაღლის დაავადების მთავარი მიზეზი?
“ეს ცალსახად აკლიმატიზაციის ნაკლებობაა. არ შეიძლება ზღვის პირას მცხოვრებმა ადამიანმა უცბად გადაწყვიტოს ზღვის დონიდან 5000 მეტრზე ამოსვლა და ამის რამდენიმე დღეში გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოგზაურობას ქალაქ ლუკლადან პირდაპირ 2500 მეტრიდან იწყებ. აუცილებელია გზად რამდენიმე დღე შესვენება და მხოლოდ შემდეგ მისი გაგრძელება. ეს ისედაც სტრესის ქვეშ მყოფ ორგანიზმს დასვენების, ძალების მოკრებისა და ადაპტაციის საშუალებას აძლევს. თუკი მოგზაური მთას არ სცემს პატივს, ის აუცილებლად დასჯის მას.”
კიდევ ერთი გავრცელებული მდგომარეობა, რომელზეც მრავალი მოგზაური საუბრობს, ეს კუმბუს ხველაა. რა არის ეს და როგორ მკურნალობთ მას?
“კუმბუს ხველა სხვა არაფერია, გარდა მშრალი და ცივი ჰაერისგან ძლიერ გამომშრალი ყელი, რომელსაც ჰაერში გაბნეული მტვრის მსხვილი ნაწილაკები შემდგომ უკვე მარტივად აღიზიანებენ. რის გამოც პაციენტები ხშირად უჩივიან მშრალ, ძლიერ ხველას, რომელიც გრძელვადიანი შეტევებით ხასიათდება და რთულად ლაგდება. ასეთ მდგომარეობას ცეტირიზინით, სალბუტამოლით ან ქსანაქსით ვკურნალობთ. რეალურად, აღნიშნული ხველა დამახასიათებელი ხმის გამო უფრო საშიშად ჟღერს, ვიდრე რეალურად არის, ამიტომ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და მკურნალობის გარეშეც, ადრე თუ გვიან, თავისით რჩება”.
კუმბუს ხველა (Khumbu Cough), სამედიცინო ენაზე ცნობილია როგორც მაღალმთიანი ბრონქიტი. 5000 მეტრზე ტემპერატურა ხშირად მინუსს ქვემოთაა, ხოლო ტენიანობა ნულს უახლოვდება. ფიზიკური დატვირთვისას მოგზაურები იწყებენ პირით ინტენსიურ სუნთქვას (ჰიპერვენტილაციას). ცივი და მშრალი ჰაერი პირდაპირ ხვდება სასულესა და ბრონქებში, რაც იწვევს ეპითელური უჯრედების გამოშრობას და მიკროტრავმებს. ამ დროს ცეტირიზინი (ანტიჰისტამინური) ამცირებს ზემო სასუნთქი გზების რეაქტიულობასა და სეკრეციას სალბუტამოლი (ინჰალატორი) ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, რაც ხსნის სპაზმურ ხველას. ქსანაქსი (ალპრაზოლამი), მიუხედავად იმისა, რომ ანქსიოლიტიკია, მცირე დოზით ღამით გამოიყენება ხველის ცენტრალური რეფლექსის დასათრგუნად (ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით), რათა პაციენტს მშვიდი ძილის საშუალება მიეცეს.
რა არის ადგილობრივი ექიმებისა და კლინიკის უმთავრესი გამოწვევა?
“ეს ალბათ რესურსების სიმწირეა. იზოლირებული მდებარეობის გამო რთულია მარაგების მუდმივი შევსება, თუ ეს, რა თქმა უნდა, ვერტმფრენმა არ გააკეთა. სხვა მხრივ კი ყველაზე დიდ პრობლემას ელექტროენერგიის დეფიციტი წარმოადგენს. აქ, ზღვის დონიდან 5100 მეტრზე, არ არსებობს ელექტროენერგიის გადაცემის ხაზები, შესაბამისად, ბოლომდე მზის პანელებზე ვართ დამოკიდებული, რაც უამინდობისას და ღამის საათებში უამრავ პრობლემას ქმნის. ეს, რა თქმა უნდა, პაციენტთა კეთილდღეობაზეც აისახება”.
რეალურად, ღრუბლებს მაღლა ექსტრემალურ პირობებთან შერკინება და ამ გზის ღირსეულად გავლა თავში მცირედი კმაყოფილების გრძნობას გიჩენს ადამიანს, მაგრამ როდესაც ხედავ ექიმებს, რომელბიც აქაც კი მთის მწვერვალებზე ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენით არაინ დაკავებულები და განახებენ, რომ მედიცინა ყველგან ერთნაირად არ მუშაობს, ხვდები თუ რაოდენ საამაყო პროფესიის წარმომადგენელი ხარ და ამავდროს რამდენად პატარა იმ დიდიადი სამყაროს წინაშე რომელიც ჩვენს გარშემო განაგრძნობს არსებობას.

