აშშ-ში, ტენესის შტატში, სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი (Christa Pike), რომელმაც გასულ კვირას სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობა გადაიტანა, გონზეა და საუბრობს. ადვოკატების განცხადებით, 50 წლის პაიკი საავადმყოფოში, საწოლზე ხელბორკილებით არის მიჯაჭვული და კრიტიკულ სამედიცინო დახმარებას იღებს.
გასულ ოთხშაბათს პაიკს ლეტალური ინიექციის (პენტობარბიტალის) ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა ის გადარჩა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ მედიკოსები მის ორგანიზმს შეყვანილი ქიმიური ნივთიერებისგან წმენდნენ.
უპრეცედენტო შემთხვევა ისტორიაში
ექსპერტების შეფასებით, მისი გადარჩენის ფაქტი უპრეცედენტოა. კრიმინოლოგი დებორა დენო აცხადებს, რომ „აბსოლუტურად გაოგნებულია“ მომხდარით. მისი თქმით, ისტორიაში ფიქსირდება სიკვდილით დასჯის გადარჩენის 7 შემთხვევა, თუმცა ყველა მათგანის მიზეზი ვენაში ინიექციის შეყვანის შეუძლებლობა იყო. პაიკი კი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ლეტალური ტოქსინი რეალურად შეუყვანეს და მაინც ცოცხალი გადარჩა.
დაცვის მხარის მრჩეველი, ანესთეზიოლოგი ჯოელ ზივოტი ვარაუდობს, რომ პენტობარბიტალი პაიკის სისხლძარღვების ნაცვლად, კანქვეშა ქსოვილებში გავრცელდა. ადვოკატები ჯერ კიდევ დასჯამდე აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ პატიმრის ანატომია (წვრილი ვენები და თრომბოციტოზი) ლეტალური ინიექციის პროცესს გაართულებდა. ამჟამად პაიკს მკლავებზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მისი სრულად გამოჯანმრთელების პროგნოზი ბუნდოვანია.
პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები
ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ წლის ბოლომდე შტატში სიკვდილით დასჯის ყველა განაჩენის აღსრულება შეაჩერა, ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. პაიკის ადვოკატები გუბერნატორს მიმართავენ, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და პატიმარს სასჯელი უვადო პატიმრობით შეუცვალოს (შეწყალების უფლების გარეშე).
ცნობისთვის, კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს, 19 წლის კოლინ სლემერის წამებისა და სასტიკი მკვლელობისთვის მიესაჯა. დანაშაულის ჩადენისას პაიკი 18 წლის იყო, ხოლო მისი თანამზრახველი და შეყვარებული ტადარილ შიპი — 17-ის, რის გამოც შიპს სიკვდილით დასჯა აარიდეს და ის დღემდე ციხეში რჩება.
წყარო: BBC

