მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, თუ როგორ ხდის მაღალცხიმიანი საკვები ღვიძლს სიმსივნისადმი უფრო მიდრეკილს. კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, ცხიმიანი საკვები ღვიძლის უჯრედების „გადაპროგრამებას“ იწვევს, რაც მათ გადარჩენაში ეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კიბოს განვითარების რისკს მკვეთრად ზრდის.
თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ნათელს ჰფენს იმ საშიშ კავშირს, რომელიც მაღალცხიმიან კვებასა და ღვიძლის კიბოს განვითარებას შორის არსებობს. კვლევამ აჩვენა, რომ პროცესი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ წონის მატება; საუბარია უჯრედულ დონეზე მიმდინარე სრულ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ღვიძლის ფუნქციონირებას ძირეულად ცვლის.
როდესაც ორგანიზმი მუდმივად იღებს დიდი რაოდენობით ცხიმს, ღვიძლის მომწიფებული უჯრედები, რომლებსაც ჰეპატოციტები ეწოდება, კრიტიკული არჩევანის წინაშე დგებიან. იმისათვის, რომ ამ აგრესიულ და სტრესულ გარემოში გადარჩნენ, რთვაენ თავდაცვით მექანიზმს. უბრუნდებიან მოუმწიფებელ, ჩანასახოვან მდგომარეობას. ეს პროცესი ერთგვარი ბიოლოგიური უკანდახევაა: უჯრედი წყვეტს თავისი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას, როგორიცაა ნივთიერებათა ცვლა და ფერმენტების წარმოება, და მთელ ენერგიას თვითგადარჩენაზე მიმართავს.
ეს ევოლუციური ხრიკი, რომელიც უჯრედს სიკვდილისგან იცავს, სინამდვილეში ადამიანისთვის ფატალური შედეგის მომტანია. მოუმწიფებელ მდგომარეობაში დაბრუნებული უჯრედი ხდება საოცრად გამძლე და მიდრეკილი სწრაფი გამრავლებისკენ. სწორედ ეს თვისებებია დამახასიათებელი სიმსივნური უჯრედებისთვისაც. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ასეთი „გადაპროგრამებული“ უჯრედები უკვე ფლობენ იმ გენეტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც კიბოს განვითარებისთვისაა საჭირო. შესაბამისად, ნებისმიერი მცირე მუტაცია მომავალში სიმსივნედ გარდაქმნის პირდაპირი საშუალებაა.
ანალიზმა აჩვენა, რომ ეს პროცესი იდენტურია როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში. ადამიანის ორგანიზმში ეს ტრანსფორმაცია შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დროის გარკვეული ფანჯარა პრევენციისთვის. დადგინდა, რომ რაც უფრო მეტად კარგავს ღვიძლის უჯრედი თავის პირვანდელ ფუნქციას და გადადის გადარჩენის რეჟიმში, მით უფრო იკლებს პაციენტის გადარჩენის შანსი დაავადების გართულების შემთხვევაში.
აღმოჩენის ყველაზე იმედისმომცემი ნაწილი კონკრეტული გენეტიკური „გადამრთველების“ იდენტიფიცირებაა, რომლებიც ამ საშიშ ტრანსფორმაციას მართავენ. მეცნიერებმა იპოვეს გზები, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება ან თუნდაც უკუგდება.
ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ხელს შეუშლიან უჯრედების მოუმწიფებელ მდგომარეობაში გადასვლას. გარდა ამისა, აქტიურად შეისწავლება, რამდენად ეფექტურია ამ პროცესის შესაჩერებლად ჯანსაღი კვება და წონაში კლებისთვის განკუთვნილი თანამედროვე პრეპარატები. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის გაცილებით უფრო მიზანმიმართული და ეფექტური თერაპიული საშუალებები გახდება ხელმისაწვდომი.
წყარო: Cell

