მოზარდებში კანაფის მოხმარება ტვინის კოგნიტურ განვითარებას აფერხებს: მასშტაბური კვლევა

გააზიარე

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC San Diego) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზარდებში მარიხუანის მოხმარების დაწყება აზროვნებისა და მეხსიერების უნარების განვითარებას აფერხებს. ჟურნალ Neuropsychopharmacology-ში გამოქვეყნებული ნაშრომი 11 000-ზე მეტი მონაწილის მონაცემს ეყრდნობა. ეს ამერიკელი ახალგაზრდების ტვინის განვითარების შესწავლის მიმართულებით დღემდე ჩატარებული ყველაზე გრძელვადიანი და მასშტაბური კვლევაა.

კვლევის შედეგები

მეცნიერები 11 036 ბავშვს 9-10 წლიდან 16-17 წლამდე აკვირდებოდნენ. მონაცემების მაქსიმალური სიზუსტისთვის, თვითშეფასების კითხვარებთან ერთად, გამოიყენეს ბიოლოგიური ტესტებიც (თმის, შარდისა და ნერწყვის ნიმუშები). შედეგების მიხედვით, სხვადასხვა უნარის, მათ შორის მეხსიერების, ყურადღების, ენობრივი უნარებისა და ინფორმაციის დამუშავების სისწრაფის კუთხით, კანაფის მომხმარებელ მოზარდებში განვითარების პროცესი შენელდა.

საინტერესოა, რომ უმცროს ასაკში ეს ბავშვები ხშირად თანატოლებზე უკეთეს ან იდენტურ შედეგებს აჩვენებდნენ, თუმცა ასაკის მატებასთან და კანაფის მოხმარების დაწყებასთან ერთად მათი პროგრესი შეჩერდა, მაშინ როცა სხვებმა განვითარება განაგრძეს.

კვლევამ ცალკე განსაზღვრა კანაფის კონკრეტული კომპონენტების გავლენაც. აღმოჩნდა, რომ THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი — მთავარი ფსიქოაქტიური ინგრედიენტი) დროთა განმავლობაში მეხსიერების გაუარესებასთან პირდაპირ კავშირშია. რაც შეეხება CBD-ს (კანაბიდიოლი), ამ ჯგუფში მსგავსი ნეგატიური ტენდენცია არ გამოვლენილა, თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კანაფის პროდუქტების შემადგენლობა კომპლექსურია. ზოგიერთი პროდუქტი, რომელთა ეტიკეტზე მხოლოდ CBD აწერია, შესაძლოა მაინც შეიცავდეს THC-ის მინარევებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი კანაფის მოხმარებაზე უარის თქმა?

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს და ამ პროცესში გარემო ფაქტორებსა და პიროვნულ მახასიათებლებსაც დიდი როლი აქვთ. თუმცა, მეცნიერებმა მონაცემების ანალიზისას გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა, მაგალითად ოჯახური მდგომარეობა, მენტალური ჯანმრთელობა და სხვა ნივთიერებების მოხმარება. საბოლოო სურათი მაინც უცვლელი დარჩა.

კანაფის მოხმარებაზე უარის თქმა ჯანსაღი ტვინის განვითარებას ხელს უწყობს. რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება ეს პროდუქტი, მით უფრო მნიშვნელოვანია, ოჯახებმა და მოზარდებმა იცოდნენ, როგორ მოქმედებს ის განვითარების პროცესში მყოფ ტვინზე.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები