ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები არიან.
მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება ჯამურად არაუმეტეს 2 000 ლარითაა განსაზღვრული. საკანონმდებლო ცვლილების მიღების შედეგად, მოვალე ორსულის ან მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული „დეკრეტული“ თანხა სრულად ხელშეუხებელი იქნება.
წყარო: Interpressnews

