მამაკაცის კონტრაცეპციულმა აბმა უსაფრთხოების ტესტი წარმატებით გაიარა

გააზიარე

კონტრაცეპტივი აბის სახით მალე მამაკაცებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. უახლესი კვლევის მიხედვით, მამაკაცის არაჰორმონულმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბმა – YCT‑529 – ადამიანებზე უსაფრთხოების ტესტი წარმატებით გაიარა. პირველადი კვლევის ეს შედეგები, რომელიც  ჟურნალ Communications Medicine-ში გამოქვეყნდა, ნამდვილი გარღვევაა კონტრაცეპციის სფეროში.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ათწლეულების განმავლობაში ძირითადად ქალების პასუხისმგებლობად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის კონტრაცეპციის კვლევები აქტიურად მიმდინარეობს, ბაზარზე დღემდე არ გამოჩენილა ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, პრეზერვატივისა და ვაზექტომიის გარდა.

ახალი მიდგომა: რეტინოის მჟავას რეცეპტორის ბლოკირება

YCT-529 წარმოადგენს არაჰორმონულ ნაერთს, რომელიც ქალების ჰორმონული კონტრაცეპტივებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა მექანიზმით მუშაობს. ის ბლოკავს რეტინომჟავის რეცეპტორ-ალფას (RAR-alpha). რეტინოის მჟავა A ვიტამინის მეტაბოლიტია და  კრიტიკულ როლს თამაშობს სათესლე ჯირკვლებში სპერმის წარმოქმნის პროცესში. RAR-alpha-ს ბლოკირებით, YCT-529 აფერხებს ამ სიგნალიზაციას, რაც ამცირებს სპერმის რაოდენობას და აფერხებს მის განვითარებას, კონტრაცეპციულ ეფექტს კი ჰორმონების დონის შეცვლის გარეშე აღწევს. ეს მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგანაც ის გამორიცხავს ჰორმონალურ ცვლილებებთან დაკავშირებულ პოტენციურ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ქალებისთვის განკუთვნილი ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.

Phase 1a-ს  კლინიკური კვლევის შედეგები: უსაფრთხოება და ტოლერანტობა

Communications Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა მოიცავდა YCT-529-ის პირველ კლინიკურ ცდას ადამიანებზე (Phase 1a). მასში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა ჯანმრთელმა მოხალისე მამაკაცმა. მათ მიიღეს პრეპარატის ერთჯერადი დოზები (10, 30, 90 ან 180 მგ) უზმოზე, ასევე 30 მგ – საკვებთან ერთად.

კვლევის ძირითადი მიზანი იყო პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოლერანტობის შეფასება, ასევე მისი ფარმაკოკინეტიკის (როგორ შეიწოვება, ნაწილდება, მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან) შესწავლა. შედეგები საკმაოდ დამაიმედებელი აღმოჩნდა: YCT‑529 კარგად გადაიტანეს მონაწილეებმა და სერიოზული გვერდითი მოვლენებიც არ დაფიქსირებულა.

გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით, არ დაფიქსირებულა გულისცემის, ანთებითი ბიომარკერების, სექსუალური სურვილის ან განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ჰორმონალური მეთოდების ხშირი გვერდითი მოვლენებია.

რაში მდგომარეობს მექანიზმის წარმატება?

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა არ იყო ფოკუსირებული კონტრაცეპციულ ეფექტურობაზე (რაც შეფასდება მომავალ ფაზებში), მონაცემები მიანიშნებს, რომ პრეპარატი წარმატებით ბლოკავს  RAR-alpha-ს, რაც პოტენციურად შეამცირებს სპერმის რაოდენობას.

სამომავლო პერსპექტივები

YCT‑529-ის წარმატებულმა შედეგებმა Phase 1a კვლევაში გზა გაუხსნა მამაკაცის ჩასახვის საწინააღმდეგო აბის რეალობად ქცევის პერსპექტივას. ეს მიუთითებს, რომ პრეპარატი ადამიანებისთვის უსაფრთხოა და შეიძლება დაიწყოს შემდგომი კლინიკური კვლევები (Phase 1b და უფრო მასშტაბური Phase 2/3), რომ შეფასდეს მისი კონტრაცეპციული ეფექტურობა, ოპტიმალური დოზირება და გრძელვადიანი უსაფრთხოება.

მამაკაცის კონტრაცეპციაში ეს გარღვევა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ეს ნაბიჯი წყვილებს მისცემს შესაძლებლობას, კონტრაცეპციული პასუხისმგებლობა თანაბრად გაინაწილონ და შესთავაზებს ახალ არჩევანს მათ, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია არსებული აბების გამოყენება. თუ YCT-529 ყველა კლინიკურ ფაზას წარმატებით გაივლის, ეს იქნება ისტორიული მომენტი მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

კვლევა სრულად იხილეთ ბმულის დახმარებით:

Mannowetz, N., McCallum, S. W., Sidhu, S., et al. (2025). Safety and pharmacokinetics of the non-hormonal male contraceptive YCT-529. Communications Medicine, 5, 279. 

Scientific American. (2025, July 14). Male Birth Control Pill YCT-529 Passes Human Safety Test.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები