დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი და ადამიანის კეთილდღეობა განუყოფლადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ამ კავშირის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ინოვაციები, რომლებსაც არა მხოლოდ დაავადებების მკურნალობა, არამედ მათი პრევენციაც შეუძლია.
მაია სურმავა, გლობალური IT-ლიდერი, რომელიც 25-წლიანი კარიერით წარმატებით აერთიანებს ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, დაზღვევასა და ფინანსებს, გვიზიარებს თავის გამოცდილებას, ის კომპანია Discovery Health-ში 500-კაციანი გუნდის ხელმძღვანელია და ასევე, Vitality Group-ის აღმასრულებელი დირექტორი. ინტერვიუში მაია სურმავა გვიამბობს ლიდერობაზე, ინოვაციებსა და ქცევითი მეცნიერების როლზე ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში. მაია ასევე გვაცნობს თავის ხედვას ჯანდაცვის ტექნოლოგიების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და საქართველოს პოტენციალზე ამ სფეროში.
ქალბატონო მაია, თქვენი 25-წლიანი კარიერა, რომელიც IT-ს, ჯანდაცვას, დაზღვევასა და ფინანსურ სერვისებს მოიცავს, ნამდვილად შთამბეჭდავია. რა გახდა ის პირველი ნაპერწკალი, რამაც ტექნოლოგიებისკენ გიბიძგათ განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სფერო ჯერ კიდევ არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც დღესაა?
ჩემი მოგზაურობა ტექნოლოგიების სამყაროში სრულიად დაუგეგმავი იყო. მეტიც, ეს შემთხვევით მოხდა. 19 წლის ვიყავი, როდესაც იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში გადავედი საცხოვრებლად. მეგობარმა Microsoft-ის სასერტიფიკაციო პროგრამა მირჩია, რომელიც იმ პერიოდში ძალზე პოპულარული იყო. გადავწყვიტე ბედი ამ სფეროში მეცადა, ამის მერე ჩემი პირველი სამსახური დავიწყე პატარა IT კომპანიაში.
როგორია თქვენი კარიერული გზა, რომელიც Discovery Health-მდე გაიარეთ?
თავდაპირველად, პირველი სამსახური IT ტექნიკურ მხარდაჭერას უკავშირდებოდა, რაც კომპიუტერების შეკეთებას გულისხმობდა. პატარა კომპანიაში მუშაობა ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ტექნოლოგიების ყველა კუთხით შესწავლის თავისუფლება მქონდა: დაწყებული მეილ სერვერებისა და ფაიერვოლების კონფიგურაციითა და ინსტალაციით, დასრულებული ERP აპლიკაციებისა და ვებ-პორტალების განვითარებით. საბოლოოდ, ამ გზამ Discovery-მდე მიმიყვანა, სადაც Java დეველოპერად დავიწყე მუშაობა.
Discovery Health-ში 500-კაციანი გუნდის ხელმძღვანელობა, ალბათ, როგორც დიდი შესაძლებლობების, ისე სირთულეების დაძლევის მომცემი იყო. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ამ პოზიციაზე ყოფნისას მიიღეთ და რა ისწავლეთ ყველაფერ ამისგან?
კონკრეტული გადაწყვეტილების გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც გამოვიმუშავე, სიმტკიცეა. გამოწვევები და წარუმატებლობები გარდაუვალია, თუმცა თითოეული მათგანი ახალ შესაძლებლობას ქმნის. მთავარი გამოცდა კი ისაა, როგორ ვრეაგირებთ სირთულეებზე. ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რასაც ვერ გააკონტროლებთ; მიმართეთ ეს ძალა იქით, რაზეც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეგიძლიათ. როცა საქმეები ცუდად მიდის, იმოქმედეთ, თუკი ამის გაკეთება შეგიძლიათ. თუ არადა, შეეგუეთ და სწრაფად განაგრძეთ გზა.
როგორ ახერხებთ გუნდის წევრების მოტივაციას და შთაგონებას მუდმივად ცვალებად გარემოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ეხება?
გაგვიმართლა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, გავხადოთ ადამიანები უფრო ჯანმრთელები. ეს ის მისიაა, რომელიც ჩვენი საქმიანობის ბოლომდე შეყვარებას გვიადვილებს. როდესაც გამოწვევების წინაშე ვდგებით, ყოველთვის გვახსოვს მიზნები, რომლებსაც ვემსახურებით.
ხანგრძლივი კარიერიდან, რომელ პროექტს გამოყოფდით, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ და რატომ? რა იყო მისი რეალური გავლენა?
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება Discovery Health-თვის Claims and Benefit Management-ის სისტემის გადაწერა იყო. ეს ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტი გამოდგა. წარმოიდგინეთ, ჩვენს პლატფორმას ყოველდღიურად 250 000-ზე მეტი მოთხოვნის დამუშავება უწევდა და მასში ავტომატიზაციისთვის 2.5 მილიონზე მეტი წესი იყო ჩაშენებული.
ცვლილებების შესამოწმებლად პარალელური დამუშავების გარემოს შექმნა დაგვჭირდა, რადგან ყველა შესაძლო კომბინაციის გათვალისწინება შეუძლებელი იყო. უმცირეს შეცდომასაც კი მილიონობით დოლარის ზარალის გამოწვევა შეეძლო. საბოლოოდ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო: მოთხოვნების 98%-ის დამუშავება სრულად ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე გახდა შესაძლებელი.
თქვენი კარიერის განმავლობაში, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება ქალების მიმართ ტექნოლოგიურ სფეროში, განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე?
იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიური სფერო ხშირად მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროდ აღიქმებოდა, ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მიგრძნია, რომ გენდერის გამო ვინმე განსხვავებულად მექცეოდა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ხანდახან ჩვენ თვითონვე ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს, ვიდრე სხვები. სასიხარულოა, რომ დღეს IT სფეროში გაცილებით მეტი ქალია, ვიდრე მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი. ინდუსტრია იცვლება და, ფაქტია, ტექნოლოგიების მომავალი ბევრად უფრო მრავალფეროვან და ინკლუზიურ გარემოში იწრთობა.
როგორც Vitality Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, შეგიძლიათ გვიამბოთ კომპანიის განვლილ გზაზე, მისი დაარსებიდან დღემდე, და იმაზე, თუ რა როლი ითამაშა Vitality-მ ქცევითი ცვლილებების პლატფორმების განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით?
სამი ათეული წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში, Vitality ყველაზე მსხვილი ჯანმრთელობის კერძო სადაზღვევო პროგრამის ნაწილი იყო. ქვეყანაში ექიმების მწვავე დეფიციტი იყო, ხოლო სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა დაავადებათა გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რთული მარეგულირებელი გარემო, რაც სამედიცინო სერვისების მიწოდებას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.
ჩვენ ვირწმუნეთ, რომ ამ ტიპის სერვისებზე მოთხოვნის გაზრდა ადამიანების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევის წახალისებით შეგვეძლო. სწორედ ამიტომ შეიქმნა Vitality, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების მოტივირება გახდა, რათა მათ შეეცვალათ ქცევა და ჯანსაღი ცხოვრების წესი აერჩიათ.
დღეს, Vitality მსხვილი სადაზღვევო კომპანიების პარტნიორია მსოფლიოს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა აზია-ოკეანეთი, ევროპა, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა. ჩვენ 41 ბაზარზე ვოპერირებთ და 42 მილიონზე მეტ ადამიანზე ვახდენთ გავლენას. მე ვხელმძღვანელობ Vitality-ის ბიზნესს შეერთებულ შტატებში.
Vitality ცნობილია, როგორც ქცევის ცვლილებების გლობალური პლატფორმა, რომლის მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ, რა ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს ან პროგრამებს სთავაზობს Vitality მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
დღევანდელი მონაცემებით, ჯანდაცვაზე დახარჯული ფულის თითქმის ნახევარი ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის დიდი ნაწილი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. Vitality სწორედ ამ პრობლემას აგვარებს. ჩვენ ვიყენებთ 60 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემებს და ვაერთიანებთ ქცევით მეცნიერებებსა და ფინანსურ ანალიზს. ამით ვიგებთ, რა უშლის ხელს ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში და როგორ შეიძლება მათზე ეფექტური გავლენის მოხდენა.
ჩვენ ვაანალიზებთ თითოეული ადამიანის ქცევას და ვიგებთ, რომელი ქმედება გააუმჯობესებს ყველაზე მეტად მათ ჯანმრთელობას. შემდეგ ვადგენთ, რამდენად სავარაუდოა, რომ ადამიანი ამ ცვლილებას მართლა განახორციელებს. ამ მონაცემების საფუძველზე, თითოეული მომხმარებლისთვის ვქმნით პერსონალიზებულ სამოქმედო გეგმას. ამ გეგმაში ვნერგავთ ჯილდოების მიღების სისტემას, რაც ადამიანებს მოტივაციას უმატებს და პროცესში მათ ჩართულობას მაქსიმალურად ზრდის.
Vitality-ის აპლიკაციაში ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება თამაშს ჰგავს. თქვენ იღებთ ქულებს, აგროვებთ ჯილდოებს მარტივი დავალებების შესრულებით. ეს არ არის დამღლელი პროცესი, პირიქით, ის ძალზე სასიამოვნო ხდება და, საბოლოოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
როგორ უზრუნველყოფს Vitality-ის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა უზარმაზარი ბაზების ეთიკურ და უსაფრთხო გამოყენებას?
ჩვენ უზრუნველვყოფთ უმაღლეს უსაფრთხოებას, რისთვისაც ვიყენებთ მრავალშრიან დაცვის სისტემას და კონფიდენციალურობის პროაქტიულ მიდგომას. ჩვენი სისტემები და პროცესები სრულად შეესაბამება GDPR-ის (მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაცია) და HIPAA-ის (ჯანმრთელობის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების აქტი) მოთხოვნებს.
მონაცემებზე წვდომა ჩვენთან მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო თანხმობით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სრულად აკონტროლებენ საკუთარ პირად ინფორმაციას. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ჩვენი ტექნოლოგიებისა და ოპერაციების ყველა დონეზეა ინტეგრირებული. ეს მოიცავს მონაცემთა დეიდენტიფიკაციის პროტოკოლებს, დაშიფვრას და მკაცრ აუდიტს.
Vitality-ის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, როგორ ახერხებთ სხვადასხვა კულტურული და სოციალური ნიუანსების გათვალისწინებას ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვისას სხვადასხვა ბაზარზე? თუ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა კულტურული და სხვა ტიპის განსხვავების გამო მიდგომა შეცვალეთ?
ჩვენს ყველა ძირითად ბაზარზე გვყავს გუნდები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორებთან, რათა ჩვენი სერვისები ადგილობრივ საჭიროებებსა და კულტურას მოვარგოთ. პლატფორმა ხასიათდება კონფიგურირებადობის მაღალი დონით, რაც ბაზრის მრავალფეროვან მოთხოვნებთან მარტივ ადაპტაციას უზრუნველყოფს.
მაგალითად, ჯილდოს ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ბორბლის დატრიალება ან ინტერაქტიული თამაშები, ერთ რეგიონში შეიძლება მიმზიდველი იყოს, მაგრამ მეორეში აზარტულ თამაშებთან ასოცირდებოდეს. მსგავს შემთხვევებში, ჩვენ ალტერნატიული ჯილდოს სისტემები შევიმუშავეთ, რომელიც ასევე საინტერესო და ჩართულობის გამზრდელია, მაგრამ ადგილობრივ კანონმდებლობასა და კულტურულ მოთხოვნებს შეესაბამება.
თქვენი აზრით, განვითარების რა ეტაპზეა მსოფლიო ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით?
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჯანდაცვისა და სამედიცინო ტექნოლოგიებმა ექსპონენციური ტრანსფორმაცია განიცადეს, რაც მონაცემების, კომუნიკაციისა და ციფრული პლატფორმების განვითარებამ განაპირობა. თუმცა, ამ სწრაფი ევოლუციის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია.
ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, როგორიცაა პროგნოზული ანალიზი, პერსონალიზებული მკურნალობა და ოპერაციული ეფექტურობა, მნიშვნელოვნად ცვლის ჯანდაცვის სფეროს. დაავადებათა პრევენციიდან კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებამდე, შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა მათი სრულად ათვისება ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.
რა არის თქვენი ყველაზე დიდი ამბიცია კომპანიის ზრდასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აშშ-ის ბაზარზე? სად ხედავთ კომპანიას 5-10 წელიწადში?
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან, რათა Vitality-ის პლატფორმა მილიონობით ამერიკელისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დავეხმაროთ. კომპანიის ზრდის ტემპი მატულობს, რასაც ხელს უწყობს პროდუქციის გაფართოებული ასორტიმენტი, რომელიც ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
Vitality-ის პროგრამის სადაზღვევო პაკეტებში ინტეგრაცია ჩვენს პარტნიორებს საშუალებას აძლევს, დანერგონ Shared-Value Insurance — ინოვაციური მიდგომა, რომელიც შევიმუშავეთ და რომელიც ათანხმებს ინდივიდების, სადაზღვევო კომპანიებისა და საზოგადოების ინტერესებს. ეს მოდელი ტრადიციულ დაზღვევას იმით ცვლის, რომ მის ცენტრში ქცევის შეცვლას აყენებს. ის აჯილდოებს ადამიანებს ჯანსაღი აქტივობებისთვის, რითაც შესაძლებელი ხდება ერთი მხრივ, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და მეორე მხრივ, სადაზღვევო ხარჯების შემცირება. დაზოგილი თანხა კი ისევ მომხმარებელს უბრუნდება. ეს მიდგომა ადამიანებს უფრო ჯანმრთელსა და პროდუქტიულს ხდის, ხოლო სადაზღვევო კომპანიების როლი პასიური გადამხდელიდან აქტიურ პარტნიორად იცვლება.
ჩვენ სწრაფად ვვითარდებით აშშ-ის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, გავხდეთ მნიშვნელოვანი მოთამაშე ძირითად სეგმენტებში.
თქვენი ხედვით, რა მიმართულებით განვითარდება სამედიცინო ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად მომავალ 5-10 წელიწადში?
ტექნოლოგიების სამყაროში ხუთიდან ათ წლამდე პერიოდი მარადისობასავით გვეჩვენება. ინოვაციების დანერგვის ტემპი არ ნელდება და ეს არსად ისე არ ჩანს, როგორც ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, AI-ის სრული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ის, უდავოდ, ჯანდაცვის სერვისების ტრანსფორმაციის საქმეში მთავარი ძალა გახდება, რაც ჯანდაცვას უფრო ზუსტს და პერსონალიზებულს გახდის.
ღრმად ვარ დაინტერესებული გენომიკისა და ზუსტი მედიცინის სწრაფი განვითარებით. ეს სფეროები ჯანდაცვის მომავალს მთლიანად ცვლიან. გენის რედაქტირების ტექნოლოგიებს შეუძლიათ მემკვიდრეობითი დაავადებების მკურნალობაში რევოლუცია მოახდინონ და გენეტიკური მუტაციების გამოსწორების შესაძლებლობა მოგვცენ.
რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ ადამიანის გენომს და ამაში ხელოვნური ინტელექტიც გვეხმარება, მით უფრო ვუახლოვდებით იმ ეპოქას, სადაც მედიცინა იქნება არა მხოლოდ რეაქტიული, არამედ პროგნოზული და პრევენციული. გენომიკის, ციფრული ჯანდაცვისა და მანქანური სწავლების გაერთიანება ხსნის ახალ შესაძლებლობებს მიზანმიმართული თერაპიებისთვის, ადრეული დიაგნოსტიკისა და პერსონალიზებული მკურნალობისთვის, რაც სულ რაღაც ათი წლის წინ წარმოუდგენელი რამ იყო.

დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფერო უამრავ გამოწვევას აწყდება, მაგალითად, დიდი მონაცემების უსაფრთხო გამოყენება, კიბერუსაფრთხოება, სახელმწიფო რეგულაციები და ა.შ. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის ამ სფეროში?
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბალანსის შენარჩუნებას მონაცემთა დაცვის უსაფრთხოებასა და მომხმარებლის კომფორტულ გამოცდილებას შორის. ეს პრიორიტეტები ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ამ გამოწვევის აღმოფხვრა უმნიშვნელოვანესია ნდობის მოსაპოვებლად, ისე, რომ პროდუქტი ფუნქციურად არ ჩამორჩეს.
როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ქცევით მეცნიერებას ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში? რამდენად სწორად არის შეფასებული ეს სფერო და რა პოტენციალი აქვს მომავალში?
ხშირად, როცა საქმე ეხება ჩვენს ჯანმრთელობას, რაციონალურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ. “ახლანდელი მე” ყოველთვის არ აყენებს პრიორიტეტად “მომავალი მე”-ს საჭიროებებს. სწორედ აქ შეუძლია ქცევის მეცნიერებას დიდი ცვლილების მოხდენა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამომწვევი მიზეზების გაგებით და მათზე ზეგავლენით, ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს უკეთესი არჩევანისკენ ვუბიძგოთ. იქნება ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, პრევენციულ შემოწმებებში მონაწილეობა, თუ სწორი ქმედებების განხორციელება მკურნალობის დროს და მის მერეც. ამ პრინციპების ეფექტური დანერგვა ცხოვრებაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
როგორ შეაფასებდით საქართველოში ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალს? ხედავთ თუ არა რაიმე კონკრეტულ შესაძლებლობებს ან გამოწვევებს ამ მიმართულებით?
საქართველოს აქვს სერიოზული პოტენციალი, ჩამოაყალიბოს ხელოვნური ინტელექტისა და ჯანმრთელობის მონაცემთა მეცნიერების განვითარებული ეკოსისტემა. ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად აუცილებელია სტრატეგიული ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, უპირველესად, მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სრული ციფრული ტრანსფორმაცია.
ცენტრალიზებული, ურთიერთთავსებადი ელექტრონული ჯანდაცვის ჩანაწერების (EHR) სისტემის შექმნა უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხს და უწყვეტობას გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც საფუძველს ჩაუყრის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიღებულ მნიშვნელოვან ანალიზებს. ეს ციფრული ბაზისი არა მხოლოდ გააუმჯობესებს კლინიკურ ეფექტურობას, არამედ შექმნის მდიდარ მონაცემთა ბაზას ინოვაციებისთვის.
საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა დააჩქარებს ამ პროცესს ცოდნის გაზიარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და გლობალური ცნობადობის გაზრდის გზით.

