ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) სიკვდილიანობის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული — რა როლი აქვს მკურნალობას

გააზიარე

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მედიკამენტურ მკურნალობას ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური მეტაანალიზი, რომელიც 16 მილიონი ადამიანის მონაცემს აერთიანებს, ტრადიციულ მიდგომებს ცვლის.

მეცნიერებმა 3 კონტინენტზე ჩატარებული 19 ობსერვაციული (დაკვირვებითი) კვლევა შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ADHD-ის დიაგნოზის მქონე პირებში ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების მაჩვენებელი 70%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე სინდრომის არმქონე პოპულაციაში. კერძოდ, სუიციდის მაჩვენებელი 90%-ით, განზრახ ან შემთხვევითი ტრავმებით გარდაცვალების რისკი 55%-ით, ხოლო ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა 27%-ით მაღალი აღმოჩნდა.

სტატისტიკის მიღმა კონკრეტული მიზეზები დგას: სინდრომის მქონე პირებს ხშირად უჭირთ იმპულსებისა და რისკიანი ქცევების კონტროლი, რაც ტრავმების, მათ შორის, ავტოკატასტროფების საფრთხეს ზრდის. ამას ემატება საზოგადოებრივი სტიგმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემები და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები. გარდა ამისა, ბუნებრივი მიზეზებით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა, მაგალითად, თამბაქოსა თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და დანიშნული სამედიცინო მკურნალობის რეჟიმის დარღვევა.

კვლევის მთავარი დამაიმედებელი მიგნება სწორედ მედიკამენტებს უკავშირდება. იმ პაციენტებში, რომლებიც ADHD-ის სამკურნალო პრეპარატებს იღებდნენ, სიკვდილიანობის რისკი 25%-ით უფრო დაბალი აღმოჩნდა.

„ADHD თავისთავად არ წარმოადგენს სიცოცხლის შემზღუდველ მდგომარეობას. სწორი მხარდაჭერისა და მკურნალობის პირობებში, ამ სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ დიდხანს და ჯანმრთელად. ჩვენი მიგნება ხაზს უსვამს იმის კრიტიკულ მნიშვნელობას, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა ზუსტ დიაგნოსტიკასა და თერაპიაზე“, — აღნიშნავს კვლევის უფროსი ავტორი, პროფესორი ჯოშუა სტოტი.

ამ მნიშვნელოვანი შედეგების მიუხედავად, კვლევას შეზღუდვებიც აქვს. მედიკამენტების დადებით ეფექტს 19-დან მხოლოდ 3 კვლევა ადასტურებს. ამასთან, მონაცემები ობსერვაციულია, რაც პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების საშუალებას არ იძლევა. მკვლევართა შეფასებით, მედიკამენტები პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი ნაწილია და პაციენტებს ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი მხარდაჭერა სჭირდებათ.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

  • ტეგები
  • ADHD
spot_img

სხვა სიახლეები