ვენესუელას დედაქალაქ კარაკასსა და მის შემოგარენში ორმა მძლავრმა, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა მიწისძვრამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის პირველადი ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 32 ადამიანი, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება — აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გამოთვალა, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბოს, რადგან სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში ახლაც მიმდინარეობს.
პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც სულ რაღაც ერთ წუთში 7.5 მაგნიტუდის კიდევ ერთი ბიძგი მოჰყვა. სეისმური აქტივობა ლოკალური დროით 18:04 საათზე დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული იყო და მოსახლეობის უმრავლესობა სახლში იმყოფებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის დასავლეთით იყო, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ის მეზობელი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაშიც კი იგრძნობოდა, რის შემდეგაც რეგიონში კიდევ 20-ზე მეტი განმეორებითი აფთერშოკი დაფიქსირდა.
დედაქალაქში ვითარება ამ დროისთვის მძიმეა. კარაკასის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ორი მრავალსართულიანი შენობის სრულ ჩამონგრევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მაშველებს ნანგრევებიდან მოქალაქეების დახმარების თხოვნის ხმა ესმით. ქალაქში სრულად გათიშულია ელექტროენერგია და მობილური კავშირი, რის გამოც ინფორმაციის მიღება და კომუნიკაცია გართულებულია.
ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, კარაკასის მეტროპოლიტენისა და სარკინიგზო მაგისტრალების მუშაობა მთლიანად პარალიზებულია. მაიკეტიას საერთაშორისო აეროპორტში ჭერის ჩამონგრევის გამო ყველა რეისი გაუქმდა და აეროდრომი დაიკეტა, ხოლო სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით კვირის ბოლომდე შეჩერდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლების დატოვებისკენ მოუწოდა, რის გამოც ათასობით მოქალაქე ღამეს ღია ცის ქვეშ, ქუჩებსა და პარკებში ათენებს.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ვენესუელას საერთაშორისო დახმარებას სთავაზობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს ჰუმანიტარულ პროცესში და სამაშველო ჯგუფები მიავლინოს. პარალელურად, მხარდაჭერა გამოხატეს ლათინური ამერიკის ქვეყნებმაც — ელ სალვადორმა კარაკასში უკვე გაგზავნა 300 მაშველი და 50 ტონა აღჭურვილობა, ხოლო ეკვადორი, ბრაზილია და მექსიკა დახმარების პაკეტებს ამზადებენ.
წყარო: BBC

