ღაზის სექტორში გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის ქართველ ორთოპედ-ტრავმატოლოგს, საბა პაპუაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის სახელით სპეციალური ჰუმანიტარული მედალი (Humanitarian Medal with Gaza Clasp) მიენიჭა.
ქართველი ქირურგი საომარ ზონაში საერთაშორისო ორგანიზაცია UK-Med-ის ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში მუშაობდა. პაპუაშვილის შეფასებით, უსაფრთხოების რთული პირობებისა და მუდმივი დანაკარგების ფონზე, ღაზის სექტორში სამედიცინო საქმიანობა მის პროფესიულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო გამოცდილება იყო.
ჯილდოს მიღებისას ექიმმა დიდი ბრიტანეთის სამედიცინო მისიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიღებული აღიარება სრულად სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
„ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის. ის იმ კოლეგებისა და ჰუმანიტარული გუნდების დამსახურებაცაა, რომლებიც უდიდესი გამოწვევების მიუხედავად ამ ურთულეს ვითარებაში მუშაობას აგრძელებდნენ და მხარდამხარ იდგნენ“, — აღნიშნავს საბა პაპუაშვილი.

