back to top

ქართველი ექიმის წარმატება ჟენევაში: თორნიკე სოლოღაშვილმა ევროპაში პირველი გულის ნაწილობრივი გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა

გააზიარე

ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში (HUG) ისტორიული კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა: ევროპაში პირველად, 12 წლის პაციენტს თანდაყოლილი კარდიოპათიით ჩაუტარდა გულის ნაწილობრივი გადანერგვა.

ეს უაღრესად კომპლექსური ქირურგიული ტექნიკა გულისხმობს დონორის გულიდან მხოლოდ დაზიანებული სტრუქტურების (კერძოდ, აორტის და ფილტვის სარქველების) ტრანსპლანტაციას, შედეგად პაციენტს უნარჩუნდება საკუთარი გულის კუნთი.

აღნიშნული რევოლუციური პროცედურა ქართველმა პედიატრიულმა კარდიოქირურგმა, დოქტორმა თორნიკე სოლოღაშვილმა წარმატებით განახორციელა, პედიატრი კარდიოლოგის, დოქტორ ჯული ვაკერის ინიციატივით.

სოლოღაშვილის მიერ ჩატარებული ოპერაციის მთავარი უპირატესობა გულის სარქველების ნაწილობრივი ტრანსპლანტაციისას არის ცოცხალი ბიოლოგიური ქსოვილის გამოყენება ხელოვნური დეტალების ნაცვლად. ეს უზრუნველყოფს, რომ გადანერგილი სარქველები გაიზრდება მოზარდის ფიზიკურ ზრდასთან ერთად, განსხვავებით ჩვეულებრივი ხელოვნური სარქველებისგან, რომლებიც არ იზრდება და საჭიროებს მრავალჯერად ქირურგიულ ჩარევას. ამგვარად, ასეთი ოპერაცია არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან ერთადერთი იქნება პაციენტის ცხოვრებაში და აღარ იქნება საჭირო განმეორებითი, რთული ოპერაციები.

დოქტორ ვაკერის განმარტებით, საკუთარი გულის კუნთის შენარჩუნება საგრძნობლად ამცირებს ტრანსპლანტატის მოცილების რისკს და იმუნოსუპრესიული მკურნალობის საჭიროებას.

„წარმატებული, ხუთსაათიანი ოპერაცია მრავალ სამედიცინო დისციპლინას შორის სამაგალითო თანამშრომლობის შედეგია“, — აღნიშნა დოქტორმა თორნიკე სოლოღაშვილმა.

ახალგაზრდა პაციენტი დაავადებული იყო რთული ციანოზური თანდაყოლილი გულის მანკით, კერძოდ, საერთო არტერიული ღეროთი (Truncus Arteriosus). ამ პათოლოგიის გამო, მას ანამნეზში აღენიშნებოდა მრავალჯერადი ქირურგიული კორექცია, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ბიოლოგიური პროთეზები. ამ პროთეზების მთავარი პრობლემა მათი დროთა განმავლობაში სტრუქტურული დეგრადაციაა, რაც იწვევს ვალვულურ დისფუნქციას და განმეორებითი ქირურგიული რეინტერვენციების აუცილებლობას.

ნაწილობრივი გულის ტრანსპლანტაციის (PHT) შერჩევა მედიკოსების მიერ ამ შემთხვევაში იმიტომ მოხდა, რომ პაციენტს მიეცეს საბოლოო, გრძელვადიანი გამოსავალი, რომელიც თავიდან აარიდებს მრავალჯერადი ოპერაციების აუცილებლობას და ამ ოპერაციებთან დაკავშირებულ გართულებებს. პოსტოპერაციული მონაცემების მიხედვით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

2022 წლიდან PHT პროცედურა ძირითადად კვლევის ფაზაში იყო, დაფიქსირებულია ამ პროცედურის გამოყენების სულ 30 შემთხვევა ისიც მხოლოდ აშშ-ში. ქართველი კარდიოქირურგის მიერ ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში (HUG) ჩატარებული ეს ოპერაცია ევროპაში პირველი PHT პროცედურაა. 

საბოლოო ჯამში, ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა პედიატრიულ კარდიოქირურგიაში, რაც განკურნების ახალ შესაძლებლობებს აძლევს თანდაყოლილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს.

წყარო: HUG

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები