“არ მგონია, ახლა დიდი პანიკის საფუძველი იყოს, თუმცა მომხდარი საყურადღებოა. რუსეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ ლაბორანტი არადიფერენცირებული პნევმონიით გარდაიცვალა და შავ ჭირს უარყოფენ. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციითა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებიდან გამომდინარე, საქმე სხვაგვარადაა.
ირკუტსკში მოქმედებს 30-იანი წლებიდან არსებული, მაღალი უსაფრთხოების დონის „შავი ჭირის ინსტიტუტი“, სადაც განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს იკვლევენ. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და პათოგენის გაჟონვას. თუკი გარდაცვალების მიზეზი მართლაც შავი ჭირია, დიდი ალბათობით, ეს ინფექციის ფილტვისმიერი (ინჰალაციური) ფორმა იყო. შავი ჭირის ბუბონური ან კანის ფორმები დღეს ანტიბიოტიკებს კარგად ემორჩილება, თუმცა ფილტვისმიერი ფორმა ძალიან სწრაფად პროგრესირებს და დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის არარსებობის პირობებში სიკვდილიანობა თითქმის 100%-ს აღწევს.
ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები მეორე ლეტალური შემთხვევის შესახებაც. ფაქტია, საქმე გვაქვს სერიოზულ ინციდენტთან — წინააღმდეგ შემთხვევაში 200-მდე ადამიანს კარანტინში არ გადაიყვანდნენ და კონტაქტების ასეთ მასშტაბურ კვლევას არ დაიწყებდნენ.
მიუხედავად ამისა, ახალი პანდემიის დაწყების საფრთხე მცირეა. შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციაა და არა ვირუსული. ის ეფექტურად იკურნება ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკებით (მაგალითად, ტეტრაციკლინის ჯგუფით), თუ მკურნალობა დროულად დაიწყება. დიდი ალბათობით, ეს შემთხვევები მხოლოდ ლოკალური ეპიდაფეთქებით შემოიფარგლება.
ახლა მთავარია ინფორმაციის გამჭვირვალობა. მეზობელმა ქვეყნებმა საზღვრებზე კონტროლი უკვე გაამკაცრეს. ასევე, გადასამოწმებელია სრულდება თუ არა ირკუტსკიდან ფრენები. ჩვენმა შესაბამისმა ორგანიზაციებმა — ძირითადად, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და სხვა ჩართულმა უწყებებმა — უნდა იხელმძღვანელონ დადგენილი პროტოკოლით, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ეგრეთ წოდებული მზადყოფნის რეჟიმი.
როგორც 2014 წელს ებოლას ეპიდემიის დროს, როცა საფრთხე შორს იყო, მაგრამ მზადყოფნის რეჟიმი მაინც ამოქმედდა, ახლაც მსგავსი ნაბიჯებია საჭირო“, — აცხადებს მედსკრიპტუმთან ინტერვიუში პროფესორი ამირან გამყრელიძე.

