AAP 2026 წლის გაიდლაინი: საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტიკა და მართვა

გააზიარე

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ (AAP) გამოაქვეყნა განახლებული კლინიკური გაიდლაინი 8 დღიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში საშარდე გზების ინფექციის (UTI) დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ანახლებს AAP-ის 2011 წლის გაიდლაინს და აფართოებს მის მასშტაბს: 2 თვიდან 2 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ნაცვლად, ახალი რეკომენდაციები ფარავს როგორც ჩვილებს, ისე ბავშვებს 5 წლის ასაკამდე.

რა არის ახალი 2026 წლის ვერსიაში?

მნიშვნელოვანია: აღნიშნული რეკომენდაციები არ წარმოადგენს მკაცრ, უნივერსალურ სტანდარტს ყოველი პაციენტისთვის. გაიდლაინი სისტემატურად ითვალისწინებს და აზუსტებს მიდგომებს პაციენტის ასაკის, პათოლოგიის სიმძიმის, ანატომიური თავისებურებების, მიკრობიოლოგიური კვლევის (შარდის კულტურის) შედეგების, პაციენტის/მშობლის მხრიდან დაკვირვების სანდოობისა და ინდივიდუალური კლინიკური განსჯის საფუძველზე.

ვიზუალიზაცია სავარაუდო UTI-ის დროს
Source: AAP
8-60 დღე: სავარაუდო UTI-ის მართვა
Source: AAP
2-24 თვე: სავარაუდო UTI-ის მართვა
Source: AAP
24 თვიდან 5 წლამდე: სავარაუდო UTI-ის მართვა
Source: AAP
ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობის შერჩევა

UTI-ის მქონე ბავშვებში გაიდლაინის რეკომენდაციით უპირატესობა ენიჭება ანტიბიოტიკოთერაპიის ≤7-დღიან კურსს, ხანგრძლივ (>7 დღე) მკურნალობასთან შედარებით. აღნიშნული წარმოადგენს პირობით რეკომენდაციას და ეფუძნება დაბალი სანდოობის მტკიცებულებებს. თუმცა, განახლება არ გულისხმობს, რომ ყველა პაციენტს მკურნალობის იდენტური, ხანმოკლე კურსი უნდა დაენიშნოს.

პერორალური ანტიბიოტიკები

28 დღიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ UTI, იტანენ პერორალურ მედიკამენტებს და არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს პერორალურ ანტიბიოტიკებს და არა ინექციურ ან საფეხურებრივ თერაპიას.

ეს არის მტკიცე რეკომენდაცია: პერორალური მკურნალობა უზრუნველყოფს იდენტურ კლინიკურ გამოსავალს და პაციენტს აარიდებს ჰოსპიტალიზაციას, ვენურ კათეტერიზაციას, ექსტრავაზაციულ დაზიანებებს, ზედმეტ ხარჯებსა და სისხლძარღვოვან გართულებებს.

8-28 დღის ჩვილებში გაიდლაინი გვთავაზობს საწყის ინექციურ თერაპიას, მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე პერორალურ მკურნალობაზე ადრეული გადასვლით. ეს კონსერვატიული მიდგომა განპირობებულია მცირე ასაკში არსებული შეზღუდული მტკიცებულებებითა და მედიკამენტის საიმედო შეწოვის აუცილებლობით.

ინექციური/საფეხურებრივი თერაპია ინარჩუნებს აქტუალობას <28 დღის ჩვილებში, მძიმე პაციენტებში, ბაქტერემიის, პერორალური აუტანლობის ან ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას. პერორალური პრეპარატის დაგვიანების რისკისას, შესაძლებელია ინექციური ანტიბიოტიკის ერთჯერადი საწყისი დოზის შეყვანაც.

ემპირიული მკურნალობა უნდა ეყრდნობოდეს ადგილობრივ რეზისტენტობას, უპირატესად ვიწრო სპექტრის პრეპარატებით. ცეფაზოლინი ან ცეფალექსინი პირველი რიგის არჩევანია, როდესაც ადგილობრივი მგრძნობელობა >80-85%-ზე მეტია. ფართო სპექტრის ან ალტერნატიული აგენტები კი ინიშნება ალერგიის, დაავადების სიმძიმისა და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით.

ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა – სელექციური მიდგომა

დაბალი რისკის VUR-ის დროს (I-II ხარისხი BBD-ს გარეშე, ფუნქციური ყაბზობის გამოკლებით), სამუშაო ჯგუფი არ იძლევა რუტინული უწყვეტი ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის (CAP) რეკომენდაციას.

მტკიცებულებები: CAP ოდნავ ამცირებს მორეციდივე UTI-ს რისკს, თუმცა არ უშლის ხელს თირკმლის ნაწიბურების განვითარებას და ზრდის რეზისტენტული შტამებით ინფიცირების ალბათობას. კვლევების თანახმად, 2 წლის განმავლობაში 1 რეციდივის თავიდან ასაცილებლად CAP სჭირდება 16 ბავშვს, ხოლო 1 რეზისტენტული ინფექციის გამოსაწვევად – 26-ს.

III ხარისხის VUR შუალედური კატეგორიაა: CAP გამართლებულია, თუ ოჯახის პრიორიტეტი ინფექციის რისკის შემცირებაა და არა ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის თავიდან აცილება.

CAP განიხილება მაღალი რისკის VUR-ის დროს:

IV-V ხარისხის რეფლუქსი;

შიგთირკმლოვანი რეფლუქსი;

თირკმლის ნაწიბურები ან ნეფროპათია;

თირკმლის, შარდსაწვეთისა თუ პარენქიმის სტრუქტურული ანომალიები;

მორეციდივე პიელონეფრიტი;

ბაქტერემია ინტენსიური თერაპიის საჭიროებით;

BBD (ნაწლავისა და შარდის ბუშტის დისფუნქცია, გარდა ფუნქციური ყაბზობისა)

მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურია და ინიშნება ოჯახსა და სუბსპეციალისტებთან ერთობლივი გადაწყვეტილებით.

ნაწლავისა და შარდის ბუშტის დისფუნქცია (BBD) 

მნიშვნელოვანი ხარვეზები მტკიცებულებით ბაზაში

გაიდლაინი მკაფიოდ მიუთითებს, რომ პედიატრიულ პრაქტიკაში UTI-ის მართვის მრავალ დამკვიდრებულ მეთოდს ჯერ კიდევ არ გააჩნია მტკიცე სამეცნიერო დასაბუთება. კვლევის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზისა და ბაქტერიოლოგიური ნათესის უფრო ზუსტი კლინიკური ზღვრული მაჩვენებლების დადგენა, UTI-სა და უსიმპტომო ბაქტერიურიის უკეთესი დიფერენცირება, მოლეკულური და ბიომარკერებზე დაფუძნებული ტესტირება, აგრეთვე კომპლექსურ დიაგნოსტიკურ პროტოკოლებზე დამყარებული მტკიცებულებების გაძლიერება.

დამატებითი კვლევებია საჭირო ანტიბიოტიკოთერაპიის ოპტიმალური ხანგრძლივობისა და პერორალური მკურნალობის ეფექტიანობის შესასწავლად 8 დღიდან 2 თვემდე ასაკის ჩვილებში, ბაქტერემიული UTI-სა და მძიმე პაციენტებში. გარდა ამისა, შესასწავლია არაგართულებული ცისტიტის მქონე, შერჩეულ უფროსი ასაკის ბავშვებში ანტიბიოტიკის ერთჯერადი დოზით მკურნალობის შესაძლებლობა.

სამუშაო ჯგუფი ხაზს უსვამს კვლევების აუცილებლობას თირკმლისა და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის (RBUS) ჩატარების ოპტიმალური ვადებისა და სტანდარტიზაციის, ვეზიკოურეთერული რეფლუქსის (VUR) უფრო ობიექტური შეფასების, თირკმლის ფუნქციაზე CAP-ის გრძელვადიანი ეფექტების, არაფარმაკოლოგიური პროფილაქტიკისა და VUR-ის ქირურგიული თუ კონსერვატიული მართვის საკითხებზე. ამასთან, რეკომენდებულია ეროვნული რეესტრის შექმნა, რომელიც ხანგრძლივად დააკვირდება ფებრილურ UTI-ს, VUR-ს, თირკმლის ნაწიბურებს, მორეციდივე ინფექციებს, თირკმლის ფუნქციის დინამიკას, ჰიპერტენზიასა და თირკმლის ტერმინალურ უკმარისობას.

გაიდლაინს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: American Academy of Pediatrics



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები