„ჭკვიანი საფენი“ დიაბეტური ტერფის ამპუტაციის პრევენციისთვის

გააზიარე

კორეის მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KAIST) ხელმძღვანელობით მულტიდისციპლინურმა გუნდმა უსადენო, კვების ელემენტის გარეშე მომუშავე „ჭკვიანი საფენი“ (პატჩი) შექმნა. მოწყობილობა დიაბეტური ტერფის ჭრილობებს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს და კლინიცისტებს მდგომარეობის გაუარესების ადრეული ნიშნების შესახებ ინფორმაციას აწვდის. 

დიაბეტის მქონე პაციენტებში ტერფის წყლულოვანი დაზიანებები საკმაოდ გავრცელებულ და სერიოზულ გართულებად მიიჩნევა. როდესაც ინფექცია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ან ანთება შეუმჩნევლად პროგრესირებს, პროცესი ქსოვილების ნეკროზითა და ამპუტაციით სრულდება. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობის მუდმივ მეთვალყურეობასა და ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება. თუმცა, ამჟამინდელი მიდგომები კლინიკაში ხშირ ვიზიტებს, ინვაზიურ პროცედურებსა და ვიზუალურ კონტროლს ეფუძნება. მსგავსი შემოწმებების ინტერვალებში კი ჭრილობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესება ყურადღების მიღმა რჩება.

რას აკეთებს საფენი

მოწყობილობა ჭრილობის ერთ საფენში ორ კომპონენტს აერთიანებს:

ფუნქციური ნანობოჭკოვანი საფენი, რომელიც ფერს იცვლის: სპეციალური მეთოდით (electrospinning) დამზადებული საფენი კოლორიმეტრულ ინდიკატორებს (ფერის ცვლილებაზე დაფუძნებული) შეიცავს. ისინი ფერს გლუკოზის დონის მატებისა და მჟავიანობის (pH) ცვლილების შესაბამისად იცვლიან. აღნიშნული ორი მარკერი ხშირად ინფექციაზე ან წყლულის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

საფენში ჩაშენებული მინიატურული ოპტოელექტრონული სენსორული სისტემა: შუქდიოდი (LED) ჭრილობის ზედაპირს ანათებს, ხოლო ფოტოდიოდი არეკლილ შუქს ზომავს. სენსორი კი ფერის ცვლილებებს სტაბილურ ელექტრონულ სიგნალებად გარდაქმნის. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის ჩვეულებრივი კამერისგან განსხვავებით, ამ შიდა სენსორზე ოთახის გარე განათება გავლენას არ ახდენს.

 

Source: Kaist; მულტიმოდალური კოლორიმეტრული საფენისა და ოპტოელექტრონული სენსორის დიაგრამა დიაბეტური ტერფისა და დიაბეტური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის
ავტონომიური მუშაობა სმარტფონის მხარდაჭერით

ამ ტექნოლოგიის მთავარ ღირებულებას მისი უსადენო და კვების ელემენტისგან თავისუფალი კონსტრუქცია წარმოადგენს. მოწყობილობაში ინტეგრირებული მოქნილი მიკროსქემა NFC ტექნოლოგიის ბაზაზე მუშაობს:  სმარტფონის მიახლოებისას, ტელეფონი საფენს ენერგიით უსადენოდ ამარაგებს და საჭირო მონაცემებს მყისიერად აღრიცხავს. შედეგად, ჭრილობის მდგომარეობის მონიტორინგი სპეციალური მობილური აპლიკაციით ხორციელდება. ეს მიდგომა პაციენტისა და მედპერსონალისთვის მკურნალობის პროცესს დამატებითი აპარატურის, სადენებისა და საფენის ხშირი გამოცვლის გარეშე ამარტივებს.

შეზღუდვები და შემდგომი ნაბიჯები

ახალმა ტექნოლოგიამ საწყის, პრეკლინიკურ ეტაპზე ძალიან იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ პრაქტიკაში პატჩის მუშაობის, პაციენტთა მხრიდან მისი სწორად გამოყენებისა და ამპუტაციის სიხშირეზე რეალური გავლენის საბოლოოდ შესასწავლად, ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ჩატარება აუცილებელია.

ტექნოლოგიის გრძელვადიანი ტარების თვალსაზრისით, სამომავლოდ საფენის გამძლეობის ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმებაა საჭირო. რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე მოწყობილობის მექანიკური მდგრადობა, პაციენტის კომფორტი და მაჩვენებლების უცვლელი სიზუსტე პრაქტიკაში უნდა დადასტურდეს.

წყარო: Advanced functional materials



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები