ფსიქოდელური თერაპიის შესაძლებლობები და გამოწვევები: ინტერვიუ დავით საღარაძესთან

გააზიარე

თანამედროვე მედიცინის წინსვლის მიუხედავად, რეზისტენტული დეპრესია კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. პაციენტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ გამოსავლის პოვნას, სამეცნიერო საზოგადოება სულ უფრო აქტიურად განიხილავს ინოვაციურ, ფსიქოდელურ საშუალებებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს. 

ბოლო ათწლეულში სამეცნიერო სამყარო ე.წ. „ფსიქოდელური რენესანსის“ მოწმე გახდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ტაბუირებული ნივთიერებები კვლავ დაბრუნდა წამყვან ლაბორატორიებსა და კლინიკურ კვლევებში, ოღონდ ამჯერად მკაცრი სამედიცინო კონტროლისა და უახლესი ტექნოლოგიების თანხლებით. ეს მიდგომა სიმპტომების დროებით შემსუბუქებასთან ერთად მიზნად ტვინის ფუნქციური დინამიკის ფუნდამენტურ ცვლილებასა და ნეიროპლასტიურობის აღდგენას ისახავს.

წინამდებარე სტატიაში დავით საღარაძე, საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე ფსიქოდელური თერაპევტი, გვიზიარებს თავის 35 წლიან კლინიკურ გამოცდილებასა და კანადაში მიღებულ ცოდნას. ამჟამად იგი კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ მუშაობს, სადაც ფსიქოდელური თერაპიის პრაქტიკას უძღვება.

საღარაძე დეტალურად განმარტავს კეტამინით ასისტირებული ფსიქოთერაპიის (KAP) პრინციპებს, პრეპარატის მოქმედების ნეირობიოლოგიურ მექანიზმებსა და იმ უნიკალურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს მიდგომა რეზისტენტული დეპრესიის მართვისას ქმნის. 

ბატონო დავით, რა არის რეზისტენტული დეპრესია?

რეზისტენტული დეპრესია (TRD) არის მდგომარეობა, როდესაც პაციენტი არ პასუხობს მინიმუმ ორ განსხვავებულ, სათანადო დოზითა და ხანგრძლივობით ჩატარებულ ანტიდეპრესანტულ მკურნალობას. ხშირად ეს ნიშნავს წლების განმავლობაში სხვადასხვა თერაპიული მცდელობის, იმედგაცრუებისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვანი დაქვეითების გამოცდილებას. ასეთ შემთხვევებში ჩნდება ალტერნატიული მიდგომების საჭიროება.

რას ნიშნავს ფსიქოდელური თერაპია?

ფსიქოდელური საშუალებები ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა რიტუალურ და სამკურნალო პრაქტიკებში. თანამედროვე კვლევები სწავლობს, როგორ შეიძლება გარკვეულმა ნივთიერებებმა დროებით გაზარდოს ნეიროპლასტიურობა და ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიულ პროცესს. კლასიკური ფსიქოდელიკები (LSD, DMT, იბოგაინი, მესკალინი) უმეტეს კვლევის სხვადასხვა ეტაპზეა და ფართოდ არ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. თუმცა ფსილოციბინი და MDMA გამოყენება დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ ძალიან ახლოსაა FDA-ის ავტორიზაციასთან (Approval).

რა არის დღეს ლეგალური ალტერნატივა?

დღეისათვის რეზისტენტული დეპრესიის შემთხვევაში ერთ-ერთი ლეგალურად გამოყენებადი მიდგომაა კეტამინით ასისტირებული თერაპია (KAP). კეტამინი არ არის კლასიკური ფსიქოდელიკი. იგი მოქმედებს გლუტამატურ სისტემაზე და შეიძლება სწრაფად შეამციროს დეპრესიული სიმპტომები.

რით განსხვავდება კლინიკური კეტამინით თერაპია არასამედიცინო, რეკრეაციული მოხმარებისგან და რატომ არის თვითმკურნალობა სახიფათო?

განსხვავება ფუნდამენტურია. რეკრეაციული მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან:

  • ფსიქიკური რისკები: პანიკური რეაქციები, დელირიუმი, ხანგრძლივი დეპერსონალიზაცია (ე.წ. „კეტამინური ორმო“) და ფსიქოზის პროვოცირება.
  • ფიზიკური საფრთხეები: „ქუჩის კეტამინი“ არ არის სუფთა და ხშირად შეიცავს ფენტანილს ან ბენზოდიაზეპინებს, რაც სუნთქვის დათრგუნვის რისკია.
  • ორგანული დაზიანება: დიდი დოზებით ხანგრძლივი მოხმარება იწვევს შარდის ბუშტის კედლების შეუქცევად დაზიანებას.
  • კოგნიტური გაუარესება: მეხსიერების და აღმასრულებელი ფუნქციების დაქვეითება ქრონიკული მოხმარებისას.

კლინიკურ გარემოში კი გამოიყენება მხოლოდ ქიმიურად სუფთა პრეპარატი, ზუსტი დოზირებით და მუდმივი სამედიცინო კონტროლით.

როგორ ახერხებს ასეთი ინტერვენცია (მაგალითად DMT ან კეტამინი) ტვინში ჩამოყალიბებული შაბლონების შეცვლას, რომლებსაც სტანდარტული ანტიდეპრესანტები ვერ უმკლავდებოდა?

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ DMT-ის მხოლოდ ერთმა, 25-წუთიანმა სესიამ რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტებში 6-თვიანი მდგრადი გაუმჯობესება გამოიწვია. რეზისტენტული დეპრესიის (TRD) ან OCD-ის დროს ტვინი ხშირად „ჩაკეტილია“ განმეორებად ნეგატიურ შაბლონებში — განსაკუთრებით თვითრეფერენციულ და რუმინაციულ ქსელებში. სტანდარტული ანტიდეპრესანტები ამ სისტემას ნელა ამშვიდებენ, მაგრამ ვერ ცვლიან მის სტრუქტურულ ორგანიზაციას.

DMT-ის, ფსილოციბინის თუ კეტამინის გამოყენებისას ეს პათოლოგიური შაბლონები დროებით ირღვევა უჯრედულ დონეზე და იხსნება „შესაძლებლობის ფანჯარა“. იზრდება სინაპტური მოქნილობა და ტვინი უფრო ადვილად ახერხებს ახალი, ჯანმრთელი კავშირების ფორმირებას. ეს პრეპარატები უბრალოდ არ „ზრდიან სეროტონინს“ — ისინი დროებით ცვლიან ტვინის ფუნქციურ დინამიკას და აძლევენ მას შანსს, გამოვიდეს წლების განმავლობაში გამყარებული პათოლოგიური რეჟიმიდან.

რამდენად დიდია ფსიქოდელიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი თერაპიული გამოყენებისას?

პროფესიონალური კონტროლის პირობებში ეს რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. თერაპიულ რეჟიმში კეტამინი არ გამოიყენება ყოველდღიურად — სესიებს შორის მინიმალური შუალედი 72 საათია (საშუალოდ კვირაში ორი კეტამინის და ერთი ინტეგრაციული სესია). გარდა ამისა, წინასწარ ტარდება მკაცრი სამედიცინო შეფასება და სესიის დროს მუდმივად ხდება არტერიული წნევის, პულსის და სუნთქვის მონიტორინგი ანესთეზიოლოგისა და თერაპევტის თანდასწრებით.

რა განსხვავებაა კეტამინსა და ანტიდეპრესანტებს შორის ეფექტურობის თვალსაზრისით?

KAP გამოირჩევა უფრო სწრაფი კლინიკური პასუხით: 24–72 საათში სიმპტომების შემცირება აღინიშნება შემთხვევათა 70–85%-ში (ანტიდეპრესანტების 50–65%-ის წინააღმდეგ). მდგრადი რემისიის (≥3 თვე) მაჩვენებელი KAP-ის შემთხვევაში 50–70%-ია, მაშინ როცა სტანდარტული მიდგომით იგი 30–40%-ის ფარგლებშია. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოთერაპიული ინტეგრაციის გარეშე კეტამინის გრძელვადიანი ეფექტი გაცილებით დაბალია (20–30%).

როგორ მოქმედებს კეტამინი ნეირობიოლოგიურ დონეზე?

კეტამინი ამცირებს ტვინის გარკვეული უბნების პათოლოგიურ ჰიპერაქტივობას და ხელს უწყობს სინაპტოგენეზს — ახალი ნეირონული კავშირების ფორმირებას. ამ პროცესის შედეგად ჩნდება „შესაძლებლობის ფანჯარა“ (24–48 საათი), როდესაც ტვინი მეტად პლასტიკურია და ღიაა ახალი აზროვნების ნიმუშების მიმართ. კეტამინი ქმნის ბიოლოგიურ პირობებს, რომლებიც ზრდის ფსიქოთერაპიული მუშაობის ეფექტს.

სუბიექტურ დონეზე რას გრძნობს პაციენტი უშუალოდ სესიის დროს?

სესია გრძელდება 45–60 წუთი. პაციენტმა შესაძლოა განიცადოს შეცვლილი აღქმა, ვიზუალური ფანტაზიები, ემოციური განთავისუფლება, დისოციაცია ან უწონადობის შეგრძნება. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თვალის ნიღბით, ყურსასმენებში სპეციალური მუსიკით და თერაპევტის მუდმივი თანდასწრებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ემოციურ კომფორტს.

რა მდგომარეობების შემთხვევაში გამოიყენება?

კეტამინით ასისტირებული თერაპია გამოიყენება რეზისტენტული დეპრესიის, მძიმე დეპრესიული ეპიზოდების, სუიციდური აზრების სწრაფი შემცირების საჭიროებისას, ასევე PTSD-ს, შფოთვითი აშლილობების, ადიქციების და კოგნიტურ-ემოციური დარღვევების დროს.

როგორ მიმდინარეობს KAP პრაქტიკაში?

პროცესი ეფუძნება სამ ეტაპს: მომზადება – სესია – ინტეგრაცია. მომზადებისას ხდება ფსიქიატრიული შეფასება. სესია ტარდება სამედიცინო ზედამხედველობით. ინტეგრაციის ეტაპი კი კრიტიკულია, რადგან სწორედ ამ დროს ხდება კეტამინის მიერ გახსნილი „ფანჯრის“ გამოყენება ახალი გამოცდილების კონსოლიდაციისთვის.

რა არის ძირითადი უკუჩვენებები?

თერაპია არ არის რეკომენდებული ფსიქოზური დარღვევების, ბიპოლარული აშლილობის მანიური ფაზის, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, მძიმე კარდიოვასკულარული პათოლოგიების, აქტიური ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების და ორსულობის დროს.

როგორია პერსპექტივა საქართველოში?

საქართველოში ცნობიერება ჯერ დაბალია. საერთაშორისო გამოცდილება გვკარნახობს, რომ მსგავსი მიდგომები უნდა განვითარდეს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რეგულირებული და ეთიკურად დაცული ჩარჩოს ფარგლებში, პროფესიული სტანდარტების მკაცრი დაცვით.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები