ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა ViVac Pharma-მ, რომელიც სიმსივნის წინააღმდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტიურების ახალ მეთოდზე მუშაობს, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის 2026 წლის ასპერის პრემია (Asper Prize) და 100 000 შეკელი მოიპოვა. კომპანია სოლიდური სიმსივნეების — ამ ეტაპზე კონკრეტულად ღვიძლისა და საკვერცხის კიბოს — სამკურნალოდ პროგრამირებად RNA-იმუნოთერაპიას ავითარებს.
როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია?
ViVac-ის პლატფორმა სინთეზურ RNA-რეპლიკონებსა და ინჟინერირებულ ლიპიდურ ნანონაწილაკებს იყენებს, რომლებსაც გენეტიკური ინსტრუქციები უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებში შეაქვთ. ტექნოლოგიის მთავარი იდეა სიმსივნეში ვირუსული ინფექციის იმიტაციაა (ცოცხალი ვირუსის გამოყენების გარეშე), რათა იმუნურმა სისტემამ სიმსივნე „დაინახოს“ და მასზე კოორდინირებული შეტევა მიიტანოს.
პროცესის მიზანია როგორც იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების გააქტიურება, ისე იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბება, რაც სამომავლოდ ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ამოცნობას გაუმარტივებს.
სტარტაპი ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა, კიბოს ცნობილი პრეპარატის, Doxil-ის თანაავტორმა ჩეზი ბარენჰოლცმა და უნივერსიტეტის სინთეზური ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ლიორ ნისიმმა დააფუძნეს. კომპანიას აღმასრულებელი დირექტორი, კერენ ლეშემი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ ასპერის პრემია ამ ეტაპზე ტექნოლოგიის პოტენციალსა და სამეცნიერო იდეის პერსპექტიულობას აღიარებს და არა უკვე კლინიკურად დამტკიცებულ სამკურნალო ეფექტს.
„მჯერა, რომ ჩვენი შვილთაშვილების შვილები ამ ეპოქას სინანულით გაიხსენებენ და გაუკვირდებათ, როგორ კვდებოდნენ ოდესღაც ადამიანები კიბოთი,“ — განაცხადა დოქტორმა ნისიმმა.
ასპერის პრემია (Asper Prize), რომელსაც ებრაული უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი და The Asper Foundation გასცემს, აკადემიური კვლევების რეალურ ბიზნესგადაწყვეტილებებად ქცევას უწყობს ხელს. ფინალში ViVac Pharma-სთან ერთად მონაწილეობდნენ სტარტაპები, რომლებიც მუშაობენ პარკინსონის დაავადების სისხლის ტესტზე, ტვინის ორგანოსიდებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სისხლის გადასხმის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.
წყარო: jpost.com

