ეკო-შფოთვა: როგორ ცვლის კლიმატის კრიზისი ბავშვების ფსიქიკას?

გააზიარე

„დედა, რამდენი წლის ვიქნები, როცა 2050 წელს მოვკვდები?“ – ეს კითხვა მკვლევარ მაია გისლასონს მისმა მცირეწლოვანმა შვილმა მას შემდეგ დაუსვა, რაც სკოლიდან დედამიწის ორი ნახატი მოიტანა: პირველზე 2020 წლის მწვანე პლანეტა იყო გამოსახული, მეორეზე კი — 2050 წლის ცეცხლის ალში გახვეული სამყარო.

საიმონ ფრეზერის უნივერსიტეტის (SFU) ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Journal of Environmental Psychology-ში გამოქვეყნდა, დეტალურად აღწერს იმ „ეკო-შფოთვებს“, რომლებსაც ბავშვები და მოზარდები კლიმატის ცვლილების გამო განიცდიან.

კვლევამ აჩვენა, რომ ეკოლოგიური კრიზისი არა მხოლოდ შფოთვას იწვევს, არამედ ძირეულად ცვლის ახალგაზრდა თაობის ყოველდღიურ ცხოვრებას, უსაფრთხოების განცდასა და სამომავლო გეგმებს.

მეცნიერებმა 48 საერთაშორისო კვლევა გააანალიზეს და გამოყვეს რამდენიმე საკვანძო ემოცია, რომელიც 19 წლამდე ახალგაზრდებში დომინირებს:

  • გლოვა და დანაკარგის განცდა: ბავშვები განიცდიან გადაშენებულ სახეობების ბედს და განადგურებულ ლანდშაფტებს.

  • ღალატის განცდა და ბრაზი: მოზარდები გრძნობენ ბრაზს კორპორაციებისა და უფროსი თაობის მიმართ, რომელთა გულგრილობაც კრიზისს ამწვავებს.

  • ეკო-პარალიზი: უმწეობის განცდა, როდესაც ინდივიდუალური ქმედებები უმნიშვნელოდ ეჩვენებათ.

  • დანაშაულის გრძნობა: მაგალითად, ხორცის ჭამის ან გარემოსთვის საზიანო სხვა აქტივობების გამო.

კვლევის თანაავტორი, პროფესორი გისლასონი აღნიშნავს, რომ იზრდება თაობა, რომელმაც არ იცის, როგორი იქნება სამყარო რამდენიმე ათწლეულში. „ბევრმა ახალგაზრდა ქალმა და გოგონამ არ იცის, სურთ თუ არა შვილების გაჩენა ასეთ გარემოში,“ — ამბობს ის. ბევრი მოზარდი საერთოდ ერიდება კლიმატზე საუბარს, რადგან ეშინიათ, რომ უფროსები მათ ემოციებს არასერიოზულად მიიღებენ და განსჯიან.

მეცნიერთა მოსაზრებით, ნეგატიური ეკო-ემოციების ოპტიმიზმად გარდაქმნა ასაკის შესაბამისი აქტივობებითაა შესაძლებელი. კერძოდ, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის რეკომენდებულია მცენარეების დარგვა და მათზე ზრუნვა, რაც მათ ბუნებასთან მჭიდრო კავშირისა და გარემოზე პოზიტიური ზემოქმედების განცდას უჩენს.

რაც შეეხება მოზარდებს, მათთვის ეფექტურია ადგილობრივ გარემოსდაცვით ჯგუფებში გაწევრიანება და საკუთარ თემზე ზრუნვა, რაც ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და შფოთვის ქმედით ენერგიად გარდაქმნას.

წყარო: Journal of Environmental Psychology

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები