ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წინამდებარე ჯირკვალში უჯრედების უნიკალური ქვეტიპი აღმოაჩინეს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროსტატის გადიდებას იწვევს. კვლევას ჟურნალი The Journal of Pathology აქვეყნებს.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH) 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ პრობლემას ქმნის. ჯირკვალი უჯრედების შეშუპების გამო კი არა, მათი რაოდენობრივი ზრდის ხარჯზე ფართოვდება. პროცესი თითქმის ყოველთვის ერთ კონკრეტულ უბანში — შარდსადენის გარშემო მდებარე ე.წ. გარდამავალ ზონაში ვითარდება, ავიწროებს სადინარს და აფერხებს შარდვას. აქამდე მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, რატომ იწყება უჯრედების გამრავლება მაინცდამაინც ამ ზონაში.
მკვლევართა გუნდმა ერთუჯრედიანი რნმ-სექვენირების მეთოდით 10 პაციენტის პროსტატის სამივე ძირითადი ზონა შეისწავლა და 130 000-მდე ცალკეული უჯრედის გენეტიკური აქტივობა გააანალიზა.
გარდამავალ ზონასა და ჰიპერპლაზიურ ქსოვილებში მეცნიერებმა ბაზალური უჯრედების სპეციფიკური პოპულაცია — WIF1+ აღმოაჩინეს, რომელიც ჯირკვლის სხვა ნაწილებში თითქმის არ გვხვდება.
ანალიზმა აჩვენა, რომ WIF1+ უჯრედები:
-
რეაგირებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონებზე (მათ შორის ტესტოსტერონზე) და ააქტიურებენ პროსტატის ზრდის სიგნალებს;
-
გარდაქმნიან ეპითელურ და სტრომულ ქსოვილებს, რაც უშუალოდ უწყობს ხელს ჯირკვლის გადიდებას;
-
თრგუნავენ ანთებით პროცესებსა და WNT სასიგნალო გზას — ეს კი ხსნის, რატომ ვითარდება პროსტატის კიბო გარდამავალ ზონაში გაცილებით იშვიათად.
„ეს უჯრედები ქსოვილის გარდაქმნის მოლეკულურ მახასიათებლებს ფლობენ და მეზობელ უჯრედებთან კომუნიკაციის გზით გარდამავალი ზონის უნიკალურ ბიოლოგიურ გარემოს აყალიბებენ“, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი რულინ ვანგი.
საჯარო მონაცემთა ბაზების გადამოწმებამ შედეგები დაადასტურა: გადიდებული პროსტატის ქსოვილები WIF1+ უჯრედების მაღალი კონცენტრაციითა და შეცვლილი გენეტიკური პროფილით ხასიათდება. თუ მომდევნო კვლევები ჰიპერპლაზიის განვითარებაში ამ უჯრედების პირდაპირ როლს საბოლოოდ დაამტკიცებს, ფარმაცევტული ინდუსტრია ახალი მედიკამენტებისთვის ზუსტ სამიზნეს მიიღებს.
წყარო: ScienceAlert

