ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი და ხელოვნური ინტელექტი: ახალი ტექნოლოგია პარალიზებულ პაციენტებს საუბრის უნარს უბრუნებს

გააზიარე

Emory-ს უნივერსიტეტისა და ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Georgia Tech) მეცნიერებმა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი (BCI) შეიმუშავეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პარალიზებულ პაციენტებს კომუნიკაციის უნარს უბრუნებს. ახალი სისტემა ტვინის ელექტრულ აქტივობას ტექსტად და საუბრად 96%-იანი სიზუსტით თარგმნის.

კვლევა ძირითადად იმ პაციენტებზეა ფოკუსირებული, რომლებსაც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS), ზურგის ტვინის ტრავმების ან ინსულტის გამო საუბარი არ შეუძლიათ. ქირურგებს პაციენტის თავის ტვინში 1 მილიმეტრის სიღრმეზე შეჰყავთ ულტრამცირე ზომის, 3×3 მილიმეტრის სენსორები. როდესაც პაციენტი საუბარს ცდილობს, ეს სენსორები ტვინის სიგნალებს აფიქსირებენ, ხოლო სპეციალიზებული AI ალგორითმები მათ ეკრანზე გამოტანილ წინადადებებად გარდაქმნის. მეცნიერების განცხადებით, სისტემის სიზუსტე ამჟამად მინიმუმ 90-96%-ს შეადგენს, რაც პაციენტებს სრულფასოვანი შეტყობინებების შედგენის საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია აზრების წაკითხვის პრინციპს ეფუძნება, მეცნიერები პაციენტის კონფიდენციალურობის სრულ დაცვას გვპირდებიან. მოწყობილობა აფიქსირებს მხოლოდ იმ აზრებს, რომელთა წარმოთქმაც პაციენტს განზრახული აქვს და არ კითხულობს მათ შინაგან, პირად საუბრებს.

Emory-ს უნივერსიტეტის ნეიროქირურგის, დოქტორ ნიკოლას აუ იონგის განმარტებით, ტექნოლოგია დამოუკიდებლობას უბრუნებს იმ ადამიანებს, რომელთაც სრულად აქვთ შენარჩუნებული კოგნიტური ფუნქციები, თუმცა ფიზიკურად არ შეუძლიათ სამყაროსთან ინტერაქცია.

Georgia Tech-ის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ჩეთან პანდარინათი აღნიშნავს, რომ მომავალში ამ ტექნოლოგიამ, შესაძლოა, უნივერსალური თარჯიმნის ფუნქციაც შეიძინოს. მისი თქმით, სისტემის კონცეფცია ერთნაირად მუშაობს იმის მიუხედავად, საუბარი ინგლისურ, ესპანურ თუ ჩინურ ენებზე წარიმართება. სრულყოფილი 100%-იანი სიზუსტის მიღწევა კვლავ მთავარ სამიზნედ რჩება, თუმცა არსებული შედეგები უკვე საკმარისია პაციენტთა ცხოვრების ხარისხის რადიკალურად გასაუმჯობესებლად.

წყარო: FOX

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები