აშშ-ში, ლუიზიანას შტატში 8 წლის გოგონა ტბაში ბანაობის შემდეგ იშვიათი, ე.წ. ტვინის მჭამელი ამებით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური პირების განცხადებით, ლილიან სმარტი სასიკვდილო ამებით (Naegleria fowleri), სავარაუდოდ, კლეიბორნის ტბაში ცურვისას დაინფიცირდა.
გოგონა 15 აგვისტოდან საავადმყოფოში იმყოფებოდა და საკუთარი დაბადების დღიდან ერთ დღეში დაიღუპა. როგორც ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, ბავშვის ტვინის დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედიის ფონზე, ადგილობრივმა ბიზნესებმა ოჯახის დასახმარებლად სპეციალური საქველმოქმედო კამპანიაც წამოიწყეს.
Naegleria fowleri უკიდურესად იშვიათი, თუმცა თითქმის ყოველთვის ფატალური შედეგის გამომწვევი ამებაა, რომელიც თბილ მტკნარ წყლებში — ტბებში, მდინარეებსა და გუბეებში ბინადრობს. ის ადამიანის ორგანიზმში წყლის ცხვირში მოხვედრისას აღწევს და პირდაპირ ტვინისკენ ინაცვლებს, სადაც მძიმე ინფექციას (პირველად ამებურ მენინგოენცეფალიტს) იწვევს. აღსანიშნავია, რომ ამებით ინფიცირება დაბინძურებული წყლის გადაყლაპვით არ ხდება და ის არც ადამიანიდან ადამიანს გადაედება. გარდა ამისა, ის არ გვხვდება მლაშე წყალსა და სათანადოდ ქლორირებულ აუზებში.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 1937 წლიდან დღემდე აშშ-ში ამებით ინფიცირების მხოლოდ 180-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ კლიმატის კრიზისისა გამო, „ტვინის მჭამელმა ამებამ“ აშშ-ის იმ რეგიონებშიც (ჩრდილოეთსა და დასავლეთში) დაიწყო გამოჩენა, რომლებიც მისთვის მანამდე ტიპურ არეალს არ წარმოადგენდა.
წყარო: The Guardian

